ავტორი:

"თანატოლებთან შედარებით მაღალი ვიყავი და ძალიან მრცხვენოდა" - ქართველი მოდელის ამერიკული კარიერა და თავგადასავლები

"თანატოლებთან შედარებით მაღალი ვიყავი და ძალიან მრცხვენოდა" - ქართველი მოდელის ამერიკული კარიერა და თავგადასავლები

ქართველი მოდელი ლალო ნებიერიძე ამერიკაში, ლოს-ანჯელესში უკვე რამდენიმე წელია ჩვენებებსა და ფოტოსესიებში მონაწილეობს. გარდა ამისა, ჟურნალისტად მუშაობს ლოს-ანჯელესის ინტერნეტტელევიზიაში Hello Hollywood. ლალო მოგზაურობს კიდეც - უკვე 17 ქვეყანაშია ნამყოფი. ამერიკულ კარიერაზე, თავგადასავლებსა და სიახლეებზე ის ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში საუბრობს:

- სამოდელო კარიერა 13 წლის ასაკიდან დავიწყე. ვერ წარმომიდგენია გოგო, რომელიც ბავშვობაში არ ოცნებობდა პრინცესობაზე. მეც ასე ვიყავი, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ გამორჩეული გარეგნობა მქონდა და არც დღეს არ ვთვლი ასე. უბრალოდ, ისე აეწყო, რომ მოვხვდი სამოდელო სტუდიაში, სადაც კარგად მოვემზადე. თანატოლებთან შედარებით მაღალი ვიყავი და ძალიან მერიდებოდა, მრცხვენოდა ამის გამო, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც კი არ ვიცვამდი. მერე, როდესაც მივეჩვიე ჩემს გარეგნობასა და სიმაღლეს, უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და სამოდელო სფეროშიც უფრო აქტიურად, თავდაჯერებულად შევძელი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენა. ლელა ცინცაძე, სამოდელო სააგენტო "შარმის" ხელმძღვანელი ჩემი მეზობელი იყო. დედაჩემს უთხრა, - ლალოს აქვს პოტენციალი და სურვილის შემთხვევაში, ჩემთან მოვიდესო. მერე "იმიჯ-ცენტრში" გადავედი და სხვადასხვა საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი. 2004 წელს "მის საქართველოს" შესარჩევ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და "მის ტელეგენურობა" გავხდი. ამ დროს 18 წლის ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული წარმატება. ჟიზელამდე და ადრიანა ლიმამდე ვერასდროს მივალ, მაგრამ გავლილი პერიოდი ძალიან საინტერესო იყო - ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე, ვიმოგზაურე, პარალელურ რეჟიმში ვსწავლობდი. სამოდელო სფერო სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების შემდეგ კი უკვე როგორც ბიზნესს, ისე შევხედე და სხვადასხვა რაკურსით დავინახე ეს პროფესია.

- მოგზაურობამ როდის გაგიტაცათ?

- სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში როგორც მოდელს, ისე მომიწია ჩასვლამ. "მის საქართველოს" შემდეგ თურქეთში ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო საქართველოც. პირველი ადგილი ავიღე, რამაც ძალიან გამახარა, თან ჩემს დაბადების დღეს, 6 სექტემბერს დაემთხვა ეს გამარჯვება. ამაზე ბევრი დაიწერა იქაურ პრესაში. მოკლედ, ეს გასვლები გახდა ჩემი მოგზაურობით გატაცების მიზეზი, დამაინტერესა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ, კულტურამ, ბუნებამ.

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

- 17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. შეიძლება, ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. 50-მდე ქალაქი მინახავს. ბევრი რამ შეიძლება ნახო და ისწავლო მოგზაურობით. დღესდღეობით ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.

- რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- გაცვლითი პროგრამით ვიყავი პოლონეთში და ბევრი ვიმოგზაურე იმ ორ თვეში. მოვიარე ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი. ბევრი სასიამოვნო რამ მახსენდება იმ პერიოდზე და ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს პოლონეთის მიმართ, თუმცა ავსტრიაში ვიცხოვრებდი. ძალიან მომეწონა ვენა, ორჯერ ვიყავი და იმდენად მოვიხიბლე, ვფიქრობდი კიდეც იქ საცხოვრებლად და სასწავლებლად გადასვლას. არ ვარ ნამყოფი აზიაში და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეძახის და მეუბნება, მნახეო. აზიური კულტურა და ისტორია მაინტერესებს და აუცილებლად ვნახავ.

- თავგადასავალიც ბევრი გექნებათ.

- 12 მეგობარი 2 მანქანით წავედით უნგრეთში, ერთ-ერთი ავტომობილის საჭესთან მე ვიჯექი. 2-3 დღეში უნდა მოგვესწრო ბევრი რამ, უკან უნდა წამოვსულიყავით, რადგან პოლონეთში, ორშაბათ დილით რაღაც პროექტს უნდა დავსწრებოდით. მოკლედ, შაბათ-კვირას ფაქტობრივად, მთელი ჯგუფი გავიპარეთ. იმ პერიოდში ჯიპიესით არ ვსარგებლობდით, ამოწერილი გვქონდა, სად, რომელ ადგილას უნდა გადაგვეხვია. გვერდით ვინც მეჯდა, იმ გოგონას, "შტურმანს" ჩაეძინა და მე ჩემი მეხსიერებით გავუყევი გზას. 4 საათის ნაცვლად 13 საათი ვიარეთ და თავი ამოვყავით ავსტრიის საზღვარზე. ვიღაც კაცი ხელს გვიქნევდა, გვანიშნებდა, უკან დაბრუნდითო. ბოლოს, კითხვა-კითხვით გამოვიგენით გზა. პოლონეთში უკვე ყველა გვეძებდა...

ერთხელ, პოლონეთიდან ჩეხეთში რომ მივდიოდით, მატარებლის ბილეთი თურმე არასწორად გვიყიდია და სადღაც ჩამოგვყარეს. ენის ბარიერი გვქონდა, იქაურები ინგლისურად არ საუბრობდნენ და ხელებით და ფეხებით რაღაცნაირად ვაგებინებდით, რა გვინდოდა. მახსოვს 2008 წლის მოგზაურობაც. ჩეხეთში ერთი კვირით ვიყავი წასული რამდენიმე მეგობართან ერთად და ერთი თვით ჩავრჩი. 2008 წლის 9 აგვისტოს მიწევდა დაბრუნება, მაგრამ აეროპორტში დიდი ჩემოდნით ხელში, უფულოდ დავრჩი. მახსოვს, ჯიბეში ხურდები მოვძებნე და იმით ვიყიდე ერთი ჰამბურგერი. თან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, სადაც მშობლები და ახლობლები მყავდა. კიდევ კარგი, ქართველებმა, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი, მიპატრონეს, გვერდში დაგვიდგნენ მე და ჩემს მეგობრებს და ის 3 კვირა თან გადაგვყვნენ. ქართველებს ნამდვილად ბევრი კარგი თვისება და უნიკალური ტრადიციები გვაქვს, რაც სხვა ერებისგან გამოგვარჩევს. ვცდილობ, საქართველო მხოლოდ იდეალური კუთხით წარმოვაჩინო და ვინც ჩამოვიყვანე მანდ, ყველა აღტაცებული და შეყვარებულია საქართველოზე.

- მოგზაურობისას უცხო რამეებს თუ აგემოვნებთ?

- ექსტრემალი ვარ და რაც უნდა დავინახო, ყველაფერს ვსინჯავ-მეთქი, - ასე არ არის. შევათვალიერებ ხოლმე, სურნელს შევიგრძნობ და შეიძლება მერე გავსინჯო. ნებისმიერ ქვეყანაში ვცდილობ, ადგილობრივებთან ვიმეგობრო. მათ კარგად იციან, სად არის საუკეთესო კერძები და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. მეუღლესთან ერთად კრუიზში ვიყავი და იქ ჰქონდათ განსაკუთრებული კერძები - ბაყაყის ფეხები, ლოკოკინები, ზღვის პროდუქტები... ბაყაყის ფეხები და ლოკოკინები იქ გავსინჯე პირველად, გემრიელად იყო შეზავებული. რომ გითხრათ, სახლში მე თვითონ მოვამზადებ-მეთქი ამ კერძს, არჩევანს უფრო სხვა რამეებზე გავაკეთებდი, მაგრამ უცხოს გასინჯვა უცხო გარემოში მომწონს...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი