ავტორი:

3 შვილის დედისა და ვიცე-პოლკოვნიკი ქალის ცხოვრება - "ჩემი შვილები ამაყობენ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ"

3 შვილის დედისა და ვიცე-პოლკოვნიკი ქალის ცხოვრება - "ჩემი შვილები ამაყობენ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ"

41 წლის ეკატერინე ხარაშვილი მე-19 წელია სამხედრო სამსახურშია და ვიცე-პოლკოვნიკის წოდება აქვს.

17 წლისა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ყოველ დილით სამხედრო ფორმას მოირგებდა, რადგან სულ სხვა მიზნები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ეკატერინე ხარაშვილმა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დაამთავრა, აღმოაჩინა, რომ თავდაცვის სამინისტრო თარჯიმნებს ეძებდა და გადაწყვიტა, ამ პოზიციაზე დასაქმებულიყო.

როგორც ის AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს, წლების წინ თავდაცვის სამინისტროში კონკურსის წესით, მთარგმნელი ოპერატორის პოზიციაზე დასაქმდა, დროთა განმავლობაში კი სამხედრო სამსახურით მოიხიბლა და გადაწყვიტა, კარიერა სწორედ ამ მიმართულებით დაეწყო.

"თავდაპირველად, რიგითის პოზიაზე დავიწყე სამსახური და როდესაც გადავწყვიტე, რომ ნამდვილად მინდოდა სამხედრო ვყოფილიყავი, ჩავაბარე აკადემიაში. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ოფიცრის წოდება და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.

სამხედრო სამსახურში მაშინაც არ იყო ბევრი ქალი და ამან უფრო მომხიბლა, რომ განსხვავებული იყო აქ მუშაობა. სამხედრო სამსახური მუდმივად განვითარებას მოითხოვს. შესაბამისი კურსები უნდა გაიარო, რომ მუდმივად ფორმაში იყო. ოფიცრის ძირითადი კურსის შემდეგ კაპიტნის საკარიერო კურსი გავიარე, ამ პერიოდში ვიყავი სამშვიდობო მისიაში, ქვედანაყოფში სხვადასხვა პოზიციაზე ვმსახურობდი და ამ საკარიერო კურსით უკვე ვიცე-პოლკოვნიკის პოზიციამდე მივედი.

შემდეგი პოზიციისთვის გჭირდება სამეთაურო საშტაბო კურსი, რომელიც ასევე გავიარე. რეალურად, რაც საჭიროა, ყველა ნაბიჯი მაქვს გადადგმული იმისთვის, რომ განვვითარდე", - განმარტავს ეკატერინე ხარაშვილი.

ვიცე-პოლკოვნიკის თქმით, ეს პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ თუ ნამდვილად გსურს, მიზანს მიაღწიო, არც შეუძლებელია.

„მარტო სამსახური არ არის, პირადი ცხოვრებაც გაქვს, მაგრამ როდესაც სამხედრო ხარ, საკუთარ თავს ყოველთვის უსახავ მიზნებს და ნამდვილად ცდილობ, რომ წინ იარო. ჯარში ყოფნის დროს მოტივაციის დაკარგვა ძალიან ცუდია. ასეთი შემთხვევა არ მქონია“, - იხსენებს ეკატერინე, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობს.

"ჩემს მოვალეობაში არის კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის პოლიტიკის დაგეგმვა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ ევალება ვიცე-პოლკოვნიკს. ქვედანაყოფში კიდევ სხვა მოვალეობები აქვთ. მე ამჟამად, კონკრეტულად, ამ საკითხებზე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, სამუშაო საათებში სულ აქ ვარ და სამხედრო სამსახურიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით, ხანდახან 24 საათიც მიწევს მუშაობა“, - განმარტავს ის.

ეკატერინე ხარაშვილი ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას 2016 წლიდან ატარებს და გარდა ახალი მოვალეობების შესრულებისა, საქმეში ინგლისური და თურქული ენების ცოდნასაც იყენებს. კარიერულ განვითარებასთან ერთად, შვილებსაც საკმარის დროს უთმობს.

„სამი მშვენიერი, ლამაზი და ცელქი შვილი მყავს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ, რომ ცხოვრებაში ტემპი არ დავაგდო. ორი გოგონა და პატარა ბიჭი მყავს. სამსახურის გარდა, რა თქმა უნდა, სახლში, ჩვეულებრივ რეჟიმში მიწევს ყოფნა. ჩემს შვილებს ძალიან მოსწონთ ჩემი პროფესია, ძალიან ამაყები არიან და უხარიათ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ, რადგან მათთვის ეს სიამაყის გრძნობასთან არის დაკავშირებული. გოგონებს განსაკუთრებით, ძალიან უნდათ, რომ ჩემს მხარეს წამოვიდნენ, თუმცა ჯერ პატარები არიან“ - აღნიშნავს ეკატერინე.

ეკატერინე ხარაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალებით დაინტერესებული გოგონების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.

„დღეს, როცა ვსხედვართ და სტატისტიკურ მონაცემებს ვუყურებთ, კადეტთა კორპუსსა და აკადემიაშიც აბარებენ გოგონები. მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ფიზიკურად ისეთივე მომზადებას მოითხოვს, როგორც კაცების შემთხვევაში. არიან ძალიან მოტივირებული გოგონები, რომლებიც ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევენ“, - განმარტავს ის.

როგორც AMBEBI.GE-ს თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, თავდაცვის ძალებში ქალ ოფიცერთა პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა არაფრით განსხვავდება კაცი სამხედრო მოსამსახურის განვითარებისგან. მათივე ინფორმაციით, დღეისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერის სტატუსით 16 გოგონა სწავლობს.

„ყველაფერი იწყება იმ პირველი ნაბიჯებით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანების სურვილი ჰქვია, რასაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მისაღებად გამოცდების ჩაბარება მოყვება.

აკადემიის დასრულების შემდგომ, ისევე როგორც კაც იუნკერებს, ასევე ქალ იუნკერებს ენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ლეიტენანტი. ახალგაზრდა ლეიტენანტები იგზავნებიან თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო სპეციალობის მისაღებად.

შემდგომ სამხედრო სამსახურს ქალი ოფიცრები აგრძელებენ სპეციალობების მიხედვით (ქვეითი, დაზვერვა, კავშირგაბმულობა, ლოგისტიკა და ა.შ.) ოცეულის მეთაურის თანამდებობებზე. ამ განათლებით მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაწინაურდნენ კაპიტნის სამხედრო წოდებამდე შესაბამის თანამდებობებზე, როგორიცაა სხვადასხვა სამსახურებში ასისტენტები და სამსახურის უფროსები“, - განმარტავენ თავდაცვის უწყებაში.

სამხედრო განათლების შემდგომი საფეხურია კაპიტნის საკარიერო კურსი, რომლის გავლაც სამხედრო სპეციალობის მიხედვით არის შესაძლებელი. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაწინაურდნენ ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდებამდე, ასევე ქვედანაყოფებში, შტაბებში და სარდლობებში სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე.

აღდგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

"პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მისაღებად აუცილებელია სამეთაურო-საშტაბო კურსის გავლა, რომლის შემდეგაც შესაძლებელია სამხედრო მოსამსახურის ისეთ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა, როგორიცაა თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტებში სამმართველოს უფროსი და დეპარტამენტის უფროსი.

იმისათვის, რომ ქალმა სამხედრო მოსამსახურემ იუნკერიდან პოლკოვნიკამდე განვლოს გზა, ზუსტად იგივე ნაბიჯები უნდა გაიაროს, რაც კაცმა სამხედრო მოსამსახურემ. მან უნდა გაიაროს სამხედრო საკარიერო განათლების ყველა ეტაპი, რომელიც იწყება ტაქტიკური დონიდან და სრულდება ტაქტიკურ-ოპერატიული დონით, შესაბამისად კარიერული განვითარების პერიოდში მონაცვლეობით უნდა იმსახუროს როგორც სამეთაურო, ასევე საშტაბო თანამდებობებზე" - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

იმას, თუ რამდენი ქალი მოსამსახურეა ამჟამად შეიარაღებულ ძალებში და რამდენმა მიიღო მაღალი რანგის სტატუსი, სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროვებს.

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს