ავტორი:

ადვოკატობიდან პოლიტიკაში: ვინ არის კანდიდატი, რომელმაც ამერიკულ ოცნებას მთაწმინდელებისთვის ბრძოლა არჩია

ადვოკატობიდან პოლიტიკაში: ვინ არის კანდიდატი, რომელმაც ამერიკულ ოცნებას მთაწმინდელებისთვის ბრძოლა არჩია

ლევან იოსელიანი პოლიტიკურ არენაზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. პროფესიით ადვოკატი, ხალხის პრობლემების მოგვარებას ახლა პარლამენტში გეგმავს. 3 შვილის მამამ და პროფესიონალმა ცხენოსანმა, უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. თუმცა, ამერიკული ოცნების ახდენას, საქართველოში დაბრუნება და მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობისთვის ბრძოლა არჩია.

ლევან იოსელიანს, მის წარსულს, ოჯახსა და გეგმებს ახლოდან გაგაცნობთ:

მოგონებები, ბავშვობა, ოჯახი...

ჩემი მოგონებები საბავშვო ბაღიდან იწყება. ბაღში მისვლის დღეც კი მახსოვს. ძალიან მოუსვენარი და აქტიური ვიყავი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საგნებს. მამა ფიზიკოსი იყო. დედა ენათმეცნიერია, კავკასიური ენების სპეციალისტი. ბებია და ბაბუა ორივე მხრიდან, პედაგოგები იყვნენ. პანკისის ხეობის ისტორიის დაწერა ბებიაჩემს, ლელა მარგოშვილს უკავშირდება. დუისში არსებული სკოლა კი, მისი მამის უსუფ მარგოშვილის სახელობისაა.

მეორე ბაბუა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო. დაწერილი აქვს წიგნი და ნარკვევები თუშეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიაზე. იურისპრუდენციით დაინტერესება მამამ მირჩია. მაშინ ზუსტი წარმოდგენა არ მქონდა, რა სფერო იყო ეს.

სკოლა, 1995 წელს დავამთავრე და იმ დროს, დღევანდელ ბავშვებთან შედარებით ნაკლებად ინფორმირებულები ვიყავით. აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესოა. მაგისტრის წოდება უკვე ამერიკაში მივიღე.

მეუღლე, შვილები

მე და თეა სკოლელები ვართ. ისიც იურისტია და უნივერსიტეტშიც ერთად ვსწავლობდით. ცოლი 21 წლის ასაკში შევირთე და მომავალ წელს ჩვენი ქორწინების 20 წლისთავია. სამი შვილი გვყავს. უფროსი გოგონა სტუდენტია და თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს. ბიჭები სკოლის მოსწავლეები არიან.

ალეკო ელისაშვილთან მეგობრობა

დღეს ალეკო ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. მაგრამ ჩვენი მეგობრობა სკოლის მერხიდან იწყება. უამრავი ისტორია, საერთო ღირებულებები და ხედვები გვაერთიანებს.

ის რომ, ბევრი მაიგივებს ალეკოსთან, კარგია, მიხარია და მეამაყება. თუ ქართული პოლიტიკის ბოლო ათ წელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ალეკო ელისაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც არ დაივიწყა ხალხი. ყოველთვის, რა თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო, იყო ეს საკრებულო თუ შეწყალების კომისია, ის ხალხის გვერდით იდგა.

მისდამი ხალხის სიყვარულს მეც ვგრძნობ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 500 მდე ოჯახში ვიყავით. მას ყველა ოჯახში შეესვლება, ნებისმიერთან შეუძლია მისვლა და დალაპარაკება. ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც კარს მოგვიხურავდა. ერთადერთი, ორმა პიროვნებამ გვითხრა, რომ არ აინტერესებდათ პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, ალეკოსი დიდი პატივისცემა ჰქონდა.

რატომ პოლიტიკა?

ჩემი ეს გადაწყვეტილება, ნაწილობრივ ალეკოს დამსახურებაა. მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები სააკაძის მოედანზე სახლს აშენებდნენ და იქ მცხოვრებ 9 ოჯახს საცხოვრებელს არ აძლევდნენ. უბრალოდ, ქუჩაში ყრიდნენ. ელისაშვილმა მაშინ ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ მათთვის ეს ქონება დაებრუნებინათ.

ერთხელ, მეგობრები შევიკრიბეთ და საუბარი ამ მშენებლობაზე ჩამოვარდა. ვეკითხებოდით, არ დაიღალე ამდენი ყვირილით, სირბილით. ალეკომ კი გვიპასუხა, რომ მიდით და ეს კითხვა ახლა იმ ოჯახებს დაუსვით, რომლებსაც დღეს თავშესაფარი და თავზე ჭერი აქვთ. მაშინ მივხვდი, რომ ერთი ადამიანის პრინციპულ პოზიციას, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

თუ იქნები აქტიური და არ შეეგუები იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში და განსაკუთრებით პოლიტიკაში ხდება, შანსი გეძლევა რაღაცეების უკეთესობისკენ შეცვლის. უნდა შეეცადო, საყოველთაოდ მიღებული თამაშის წესებით არ იმოქმედო და შენი წესები შესთავაზო სხვას, რომელიც განსხვავდება და არ არის დაფუძნებული ტყუილზე, გადაგდებაზე, ერთმანეთისა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ახალი ხედვებით მოვიდნენ. ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან დამძიმებულები იმ წარსულის ბინძური გამოცდილებით, რაც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს.

სირთულეები საარჩევნო კამპანიის დროს...

პირველი სირთულე ის არის, რომ ადამიანებს პოლიტიკოსების არ სჯერათ. ეს არის ბოლო 30 წლის მანძილზე, ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაფუჭებული საქმის ბრალი. ხალხს არ სჯერა, არანაირი დაპირებების. არ სჯერათ, რომ ვინმე მათზე იზრუნებს. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სირთულე, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის ვინც პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. ეს პრობლემა ახალი თაობის პოლიტიკოსებმა ერთად უნდა დავძლიოთ.

არ ხართ ცნობადი... ფართო საზოგადოების წინაშე, ცოტახნის წინ გამოჩნდით და როგორ ფიქრობთ, ეს შანსებს არ გიმცირებთ?

მე რომ დღეს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ვარ, ეს ერთი მხრივ, ჩემი უპირატესობაა. მე ხალხის იმედგაცრუების, მოტყუების, დაპირებების არშესრულების ტვირთი არ მაწევს. ის, რომ ვიღაცას ტელევიზიით ოცი წელი უყურებენ, მის მიმართ ნდობას არ ნიშნავს. პირიქით, მეკითხებიან მისჯილი გვაქვს ამდენი წელი ამ ხალხის ყურება? ნუთუ არავინაა, ვინც ახალ იდეებზე, საქმეზე დაიწყებს საუბარს.

თუ პოლიტიკით წესიერი ხალხი არ დაინტერესდება, მაშინ არაფერი გამოვა

თუ სახლს კარგი მშენებელი არ აშენებს, ის აუცილებლად დაინგრევა. თუ პოლიტიკას, კეთილსინდისიერი, პატიოსანი პოლიტიკოსი არ ქმნის, ის ისეთივე გაუკუღმართებული და წარუმატებელი იქნება, როგორიც დღესაა. საქართველო, ნახევრად თავისუფალი-ღარიბი ქვეყანაა. ერთიც დასაძლევია და მეორეც. უნდა შევძლოთ და გავხდეთ უფრო მეტად თავისუფლები. დავძლიოთ სიღარიბე, რომელიც თავიდათავია ყველა პრობლემის.

დაპირებები მთაწმინდელებს

ჩემი მთავარი დაპირება არის ის, რომ მათ პრობლემებს, სათქმელს პარლამენტში მივიტან. მე ვიქნები ხალხის ხმა, საკანონმდებლო ორგანოში. მათთან ერთად ვიბრძოლებ დაწყებული გამგეობიდან, დამთავრებული უზენაესი სასამართლოთი. იმისთვის, რომ მათი პრობლემები იყოს მოგავრებული და მოსმენილი.

მთაწმინდა და პრობლემები

მთაწმინდაზე, ძალიან საინტერესო მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ აქ ხალხი საქართველოში ყველაზე მდიდარ ქონებაში ცხოვრობს. თუმცა, ამ ადამიანების უმეტესობა ღარიბია. ქონება, რომელიც მათი სიმდიდრის საბაბი უნდა იყოს, მათი სიღარიბის მიზეზია. სახელმწიფო, მათ საშუალებას არ აძლევს ეს ქონება ისე გამოიყენონ, რომ მიიღონ სარგებელი და გამდიდრდნენ.

ძეგლის სტატუსი კარგია, მაგრამ ამან მეორე უკიდურესობა არ უნდა გამოიწვიოს. უკიდურესობა, რომელიც ადამიანებს დანგრეულ, სახურავის გარეშე დარჩენილ სახლებში აცხოვრებს.

მთავრობამ, ისეთი მოდელის შექმნაზე უნდა დაიწყოს ფიქრი, სადაც სახლი თავის კულტურულ ფასს ინარჩუნებს და მეორეს მხრივ, იქ მცხოვრები ადამიანების სიმდიდრის წყარო ხდება. ეს ახლიდან მოსაგონ, არ არის. ეს გზა უკვე გაიარა ევროპამ და ჩვენც უნდა დავინტერესდეთ. შეუძლებელი არაფერია.

თუ გაიმარჯვეთ…

ჩემს შანსებს, ოპტიმისტურად ვუყურებ. მაქვს გეგმა, რომლის პრეზენტაციასაც ამ დღეებში ვაპირებ. ეს არის მთაწმინდის ოლქის ეკონომიკური ხედვა. ამ გეგმით ვაპირებ ყველგან მისვლას, სამინისტროდან დაწყებული, მერიით დამთავრებული. მე ადვოკატი ვარ და ვიცი, როგორ ვიმუშაო ადამიანებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ისე, რომ შედეგს მივაღწიო.

2020 წელს, ისევ არჩევნებია. მე ერთი წლის მერე, ისევ მომიწევს ამომრჩეველთან მისვლა და მათთვის თვალებში ჩახედვა. უნდა მიმესვლებოდეს ამ ადამიანებთან. ისედაც, ხალხთან ურთიერთობა უფრო მეტ კომფორტს მანიჭებს, ვიდრე კაბინეტში ჯდომა.

სამი რამ, რასაც თბილისში შეცვლიდით

ამაზე ხშირად მიფიქრია. აი ჯადოსნური ჯოხი, რომ მქონდეს სპორტის სასახლის უკან გაშენებულ კორპუსის ჯუნგლებს, ერთ დიდ მწვანე პარკად ვაქცევდი. შევცვლიდი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას. გავხდიდი უფრო კომფორტულს. გავზრდიდი მის რაოდენობას იმისთვის, რომ უფრო ნაკლები ადამიანი ჯდებოდეს ავტომობილზე.

კიდევ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, ქალაქის სავიზიტო ბარათად ვაქცევდი. ქალაქის ცენტრში, გვაქვს უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, რომელიც უპატრონოდ არის მიგდებული მაშინ, როდესაც იქ თბილისის მთავარი პარკის გაშენება შეიძლება.

რომ შემეძლოს, საქართველოში არსებულ ყველა სამშენებლო კომპანიას და მშენებელს, მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას მივანიჭებდი. ფულის შოვნა, მათი მთავარი მიზანი არ უნდა იყოს. არ შეიძლება სახლი ააშენო და მის გარშემო ტერიტორია, სამშენებლო მოედნად აქციო. უნდა გესმოდეს, რომ იქ ხალხია, რომელიც ამ ყველაფერს სუნთქავს, უყურებს და რეალურად მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება. კომპანიები და მშენებლები, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობის განცდა არ აქვთ, ანადგურებენ იმ გარემოს, სადაც მათმა შვილებმაც უნდა იცხოვრონ.

საქართველო 10 წლის შემდეგ...

ათი წლის წინ, რომ გეკითხა როგორი იქნებოდა საქართველო, გეტყოდი, რომ 2019 წელს ის იქნებოდა მდიდარი და უფრო მეტად ევროპული. ეს ათი წელი ისე გავიდა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა. თუმცა, მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს. ახალი თაობა მოდის, რომელსაც სხვა ღირებულებები გააჩნია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკაში, ეკონომიკაში თუ სოციალური ცხოვრების სხვადსხვა მიმართულებით, თავის სათქმელს განსხვავებულად და უკეთესად იტყვიან.

10 წლის შემდეგ, გვექნება განვითარების ბევრად უფრო დიდი ნახტომი, ვიდრე გასული 10 წლის მანძილზე. ვიქნებით უფრო ევროპელები, თავისუფლები. საქართველო არ იქნება ღარიბი ქვეყნების სიაში და დავუახლოვდებით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელებს ბოლო 10 წლის მანძილზე უფრო მეტად დავშორდით.

პოლიტიკოსის იდეალი

ჩემთვის ასეთი ილია ჭავჭავაძეა. ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ დროს, საკუთარი თავის მსხვერპლის ფასად, საქართველოში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შემოაბრუნა. ილია დღემდე საქართველოში, ყველაზე პროგრესული იდეების ავტორია ყველა მიმართულებით. ასეთი პოლიტიკოსები, იშვიათად იბადებიან. თუმცა მათ ღმერთი, ყველაზე რთულ მომენტში გვაძლევს. ასეთი იყო ილია.

ფრაზა, გამონათქვამი რომელიც მოგწონთ

“ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს“ ეს ასეა, არასდროს უნდა დანებდე და იბრძოლო უკეთესი მომავლისთვის.

პროფესიონალი ცხენოსანი ხართ. როდიდან დაინტერესდით ამ სფეროთი?

ცხენოსნობით ბავშვობიდან დავინტერესდი. იპოდრომთან ახლოს ვცხოვრობდი და ამ სპორტს თვალს ხშირად ვადევნებდი. სერიოზულად და პროფესიულ დონეზე, 12 წლის წინ. მას მერე, ჩემი ყოველი დილა 8 საათზე, 3-საათიანი ვარჯიშით იწყება. ეს ჩემი ცხოვრების წესია, სადაც შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე ცხოვრობ, ემზადები. ეს სპორტი ძალიან აზარტული და ამავდროულად ცხოვრებისეულია.

აქაც, როგორც ცხოვრებაში ბარიერების გადალახვა გიწევს. ამას, კარგი მომზადება სჭირდება. ბევრ შეჯიბრზე გამოვსულვარ. ახლა კავკასიის პირველობა ტარდება, სადაც არჩვენების გამო, მონაწილეობას ვერ ვიღებ. თუმცა ამჟამად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანით ვარ დაკავებული, ხალხთან ურთიერთობით. არსებობს გამონათქვამი, რომ ცხენი ადამიანებს აკეთილშობილებს და ეს მართლაც ასეა.

ბლიც-ინტერვიუ

უყურე თუ არა “სამეფო კარის თამაშების” ბოლო სერიას?

არა. (იცინის) გაგიკვირდებათ და არ ვუყურებ ამ სერიალს.

ამერიკული ოცნება თუ მთაწმინდის მაჟორიტარობა?

რა თქმა უნდა, მთაწმინდის მაჟორიტარობა! მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში დარჩენის და მუშაობის საშუალება მქონდა, არ დავრჩი. არ დავრჩი იმიტომ რომ, სანამ რამის კეთება და შეცვლა შემიძლია, პირველ რიგში მინდა ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო. არ მინდა, ერთ დღეს ჩემმა შვილებმა ფეხი დაკრან და უკეთესი მომავლის ძიების იმედით, აქედან წავიდნენ. მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა ბრძოლა ცვლილებებისთვის.

ხინკალი თუ ხაჭაპური?

ხინკალი. რძის ნაწარმი ცხოვრებაში არც კი მიჭამია. ხაჭაპურის გემოც კი არ ვიცი.

სახლი მთის ძირში თუ ზღვის პირას?

მე სვანი ვარ და ჩემთვის იდეალური ადგილი მთა და მთის ძირია. მაგრამ ეჭვი მაქვს, ამ შემთხვევაში ცოლთან გაშორება მომიწევს. იმიტომ, რომ თეას ძალიან უყვარს ზღვა და მისი ხათრით ვისურვებდი სახლს ზღვის პირას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები