ავტორი:

"ტერორისტები თავს აღარ იფეთქებენ, ავტომატით ანადგურებენ... ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ" - სოსო გოგაშვილი

"ტერორისტები თავს აღარ იფეთქებენ, ავტომატით ანადგურებენ... ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ" - სოსო გოგაშვილი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახელი და გვარი გუშინ ახალ კონტექსტში გაჟღერდა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული და მათ შორის ნახსენებია სოსო გოგაშვილიც.

სოსო გოგაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ რა იცის მის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტის ჩამდენი პირია და რა არგუმენტები აქვს მაჩალიკაშვილების ოჯახის ბრალდებებზე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რამდენი ხნის წინ გაიგეთ, რომ როგორც სუს-ი ამბობს, მალხაზ მაჩალიკაშვილი თქვენზე „მუშაობდა“?

- დაახლოებით წინასააღდგომო პერიოდში გავიგე. რა თქმა უნდა, იმის კონკრეტიკა, თუ რას აპირებდნენ, სად ისაუბრეს, არ ვიცოდი. გუშინდელი ბრიფინგი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. როცა დაანონსდა, აქ მეგობრები, ნათესავები იყვნენ და ყველამ ერთად გავიგეთ ამის შესახებ.

- რამდენად სარწმუნო იყო თქვენთვის სუს-ის ინფორმაცია, კითხვები თუ გაგიჩნდათ?

- კითხვები არ გამჩენია, რადგან რაღაც პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეკრიბა ის, რაც აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი. მინდა, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ მივიდა ეს ადამიანი ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე.

უნდა მიაქციოს ყურადღება იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენელს, ზოგიერთ ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ადამიანს მიზანმიმართულად ამზადებდნენ ამ დანაშაულის ჩადენისკენ და დეზინფორმაციებს აწვდიდნენ. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ მეც ვიმუშავებ ამ მიმართულებით, ჩემი არხებით და ყველანაირად დავეხმარები გამოძიებას, რომ მაქსიმალური მტკიცებულებები შეკრიბონ.

მე რა თქმა უნდა, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და არანაირ უკანონობას არ ჩავიდენ. არ ჩამიდენია და არც შურისძიების მოტივი მამოძრავებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ, მას რამე დამართონ და ამით ისრები ჩემკენ და ხელისუფლებისკენ გადმოწიონ. ამიტომ მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალური ზომები მიიღონ, რათა ეს არ მოხდეს.

ეს ადამიანი (მალხაზ მაჩალიკაშვილი), ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მეც მქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, ეს დანაშაული ჩაედინა. უცხო არ არის მისთვის ამგვარი ქმედებები და აქამდეც კავშირი ჰქონდა ისეთ დაჯგუფებებთან, როგორიც ახმედ ჩატაევის დაჯგუფებაა.

- რატომ, მაინც და მაინც საფლავზე?

- სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი და ალბათ, ჩათვალა, რომ ჩემი განადგურება სხვაგან შეუძლებელი იყო, რადგან სულ მეგობრებთან ერთად ვმოძრაობ და გახსნილი ცხოვრების სტილით არ ვცხოვრობ, რესტორნებში, ბარებში, საჯარო ადგილებში არ დავდივარ. სამსახურმა რაღაცნაირად ჩამკეტა და სამსახურის შეცვლის შემდეგაც ვაგრძელებ ასე ცხოვრებას.

აქედან გამომდინარე ჩათვალა ალბათ, რომ იქ უნდა გაეკეთებინა ეს და თან ეს რაღაცნაირი აქტი იქნებოდა - სასფლაოზე მასიურ მკვლელობას მოაწყობდა, თუ რას იზამდა, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხონ. იქ იმიტომ დაგეგმა ალბათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო.

დღეს ტერორისტებს ახალი სტილი აქვთ, თავს აღარ იფეთქებენ, ისინი ავტომატური იარაღით ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ასე სჩადიან მასიურ მკვლელობებს. ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ. შესაძლოა, აფეთქებასაც გეგმავდნენ.

- ანუ მაჩალიკაშვილი თქვენთვის ტერორისტია?

- რა თქმა უნდა! მასალებს ბოლომდე რომ გავეცნობი, შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია. ის ამას გეგმავდა, კონკრეტული დავალება მისცა, ადგილზეც ნამყოფები არიან, შესწავლილი აქვთ ის ადგილი და თავიდან ბოლომდე იცოდნენ, სად რა ხდებოდა.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი არ მოხდა და რომ მას ამის განზრახვა ჰქონდა. თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იქნებოდა შემდგარი დანაშაული მსხვერპლით და რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმე იქნებოდა - მოკლავდნენ გოგაშვილს და მის თანმხლებ პირებს.

- თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია შეცდომა არ იყო?

- ეს ლიკვიდაცია არ ყოფილა, აყვანის პერიოდში მოხდა დაჭრა, ამ ჭრილობის შედეგად, რომელიც აღმოჩნდა სასიკვდილო, ფატალური შედეგი დადგა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და იმედი მაქვს, მალე დამთავრდება. დაკითხულია ბევრი ადამიანი.

თქვენი კითხვით ვისარგებლებ, მინდა პროკურატურას მივმართო და ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა, რომ დამკითხონ - დამკითხონ, ვიყავი თუ არა ჩასული პანკისის ხეობაში. იმ დროს თბილისში ვიყავი, ისევე როგორც, ყველა ხელმძღვანელი. ჩემთან ერთად იყვნენ სტუმრები, ამის დადგენა მარტივად შეიძლება, მათ შორის, სატელეფონო ანძებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ასევე გამოსაკითხია გამომძიებლები, დაკავების ჯგუფი, მე ვხელმძღვანელობდი თუ არა ამ ღონისძიებას წაიკითხეთ ვრცლად "ინტერპრესნიუსზე"

"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეიტანოს საჩივარი" - შს მინისტრი 14 წლის გოგოს სუიციდის საქმეზე

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა

ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი მათგანი გარდაიცვალა, სიცრუეა - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს