ავტორი:

"რომ არა ეს ადამიანები, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა" - რას ყვებიან მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფას გადარჩენილი მგზავრები

"რომ არა ეს ადამიანები, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა" - რას ყვებიან მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფას გადარჩენილი მგზავრები

"შერემეტიევოს" აეროპორტში "აეროფლოტის" თვითმფრინავის კატასტროფიდან მესამე დღე გადის. ტრაგედიას გადარჩენილი მგზავრები მომხდარის დეტალებს იხსენებენ და ევაკუაციის პროცესს აღწერენ.

ერთ-ერთი მგზავრი, დიმიტრი ხარინინი იხსენებს, რომ თვითმფრინავში მგზავრთა ევაკუაციის ზონიდან მეათე რიგამდე ჭყლეტვა და პანიკა არ ყოფილა. თავად 10F ადგილზე იყო განთავსებული. მისი თქმით, თვითმფრინავის ავარიული დაშვებიდან 2 წუთის შემდეგ, მან გარეთ გამოღწევა შეძლო.

დიმიტრი ხარინინს ისიც კი ახსოვს, თუ რა თანმიმდევრობით გაიხსნა საევაკუაციო გასასვლელები. ამბობს, რომ მგზავრებმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გასვლა ჯერ მარჯვენა საევაკუაციო კარიდან დაიწყეს, რომელიც თვითმფრინავის წინა ნაწილში მდებარეობდა, შემდეგ კი მარცხენა კარიდან.

სამოყვარულო ვიდეოკადრებში, რომელიც კატასტოფიდან პირველსავე წუთებში არის გადაღებული, ჩანს როგორ გარბიან თვითმფრინავიდან გამოსული მგზავრები ჩანთებით ხელში. იმ მგზავრებმა, რომლებმაც კრიტიკულ მომენტში ხელბარგის აღება შეძლეს, სოციალური ქსელების მომხმარებლების მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს.

"შესაძლოა მათი მიზეზით ადამიანები დაიღუპნენ, რადგან ძვირფასი დრო მათ მიერ თაროებიდან ბარგის გამოღებაში დაიხარჯა", - წერდნენ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები.

საზოგადოების კრიტიკას ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთ-ერთი მგზავრი, მიხეილ სავჩენკო გამოეხმაურა:

"არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩანთებით გამორბოდნენ. უფალი იყოს მათი მსაჯული. მაგრამ მინდა გთხოვოთ, ნუ მოწამლავთ მათ თქვენი კომენტარებით, დარწმუნებული ვარ, მათ ახლა ისედაც ძალიან უჭირთ. არ მგონია, რომ ამ ცეცხლმოკიდებულ ჯოჯოხეთში ერთი ადამიანი მაინც მოათრევდა ხელბარგს გაცნობიერებულად.

არ ვიცი, როგორ მუშაობს ფსიქიკა ასეთ სიტუაციებში, შეიძლება ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ავტომატურად მოქმედებდა", - აღნიშნა სავჩენკომ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მას ბიზნესკლასით არ უმგზავრია და არც ხელბარგი წაუღია თან.

ინტელექტუალური ტელეშოუს "რა? სად? როდის?" მურმანსკის გუნდის კაპიტანი, მიხეილ სავჩენკო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თვითმფრინავიდან გაღწევა დროულად მოახერხა. მან რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. გადარჩენილმა მგზავრმა გაწეული სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თვითმფრინავის ეკიპაჟს.

"პირველ ყოვლისა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკიპაჟს, რომელმაც ყველაფერი ოპერატიულად და ზუსტად გააკეთა. ისინი რომ არა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. მადლობა სტიუარდესებს, რომლებიც იმდენად თავდაჭერილები იყვნენ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ვითარების მთელი სერიოზულობის გაცნობიერებისას", - აღნიშნა სავჩენკომ და ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, მეხანძრეებს, ექიმებსა და ფსიქოლოგებს, "რომლებიც თავის საქმეს მაქსიმალურად სწრაფად და კორექტულად აკეთებდნენ".

საქმის კეთილსინდისიერად შესრულებასა და მგზავრთა გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა მაქსიმ მოისეევმა. რუსული გამოცემა "დოჟდისთვის" ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია ბორტგამცილებლის ოჯახს და მის მცირეწლოვან ძმას, რომელიც 2015 წელს დაიბადა, სრულწლოვანების მიღწევამდე, იმ ხელფასს გადაუხდის, რასაც მაქსიმ მოისეევი მუშაობისას იღებდა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას ავიაკომპანიის პრესსამსახურმაც დაუდასტურა.

შეგახსენებთ, 5 მაისს "შერემეტიევოს" აეროპორტში თვითმფრინავი, რომელიც რეისს მოსკოვი-მურმანსკი ასრულდება, ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"