ავტორი:

ნახევარ საათიანი სეტყვა, მეწყერი გზაზე და განადურებული ნათესები - სტიქიამ რეგიონებში პრობლემები შექმნა

ნახევარ საათიანი სეტყვა, მეწყერი გზაზე და განადურებული ნათესები - სტიქიამ რეგიონებში პრობლემები შექმნა

სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დაზარალა. უხვმა ნალექმა და სეტყვამ სოფელ ქვემო ბოდბესა და ხირსაში, სიმინდი და ნათესები გაანადგურა. სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

დაზარალებული მოსახლეობის თქმით, სტიქიამ მოსავლის 90 პროცენტი გაანადგურა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დაზიანებული ვენახის შესაწამლი პრეპარატებით უზრუნველყოფას სთხოვენ. მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პანკისში, ხადორის ხეობასთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, საავტომობილო მონაკვეთი ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია „ხადორი" ჰესთან და სოფელ ხადორთან მისასვლელი გზა, სადაც ჰესის თანამშრომლები და ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

ამასთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის წყლის დონემ დაიკლო და გზის გაწმენდას უახლოეს საათებში დაიწყებენ.

"ხადორის ხეობისკენ მიმავალ სამანქანე გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი, თუმცა საფეხმავლო გზით მოსახლეობა გადაადგილდება. ღამით ნალექი აღარ ყოფილა და მდინარე ალაზანის დონემ დაიწია. ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია და დავიწყებთ გზის გაწმენდას", - განაცხადა ახმეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა.

სტიქიის გამო, კვლავ შეზღუდვები მოქმედებს ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელ გზაზე. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თელავის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, გზის ნაწილი მდინარე სტორიმ დაანგრია და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.

"სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი ადგილები იწმინდება. ფშაველი-ლეჩურის გზაზე ისევ პოლიციის კონტროლით ხდება გადაადგილება. მდინარეში წყლის დონე არ მომატებულა, თუმცა მიმართულება შეიცვალა, რაც ნაწილობრივ აფერხებს გზების აღდგენითი სამუშაოების დაჩქარებას“, - განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მდინარე სტორის ადიდებამ სოფელ ლეჩურთან, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის დაახლოებით 150 მეტრი სრულად დაანგრია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია