ავტორი:

რა ხდება სომხეთში "ხავერდოვანი რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ - "ფაშიანანს აუცილებლად მოუწევს ვინმეს დასჯა!"

რა ხდება სომხეთში "ხავერდოვანი რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ - "ფაშიანანს აუცილებლად მოუწევს ვინმეს დასჯა!"

"ხავერდოვანი რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ, სომხეთში განხორციელებული ცვლილებების მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია. პოლიტიკური ექსპერტები, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არაერთგვაროვნად აფასებენ. პოლიტოლოგ სტეპან დანიელიანის შეფასებით, ფაშინიანი დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად, რადიკალურ ქმედებებს ერიდება, თუმცა, გარკვეული მაღალჩინოსნების დაკავება მაინც მოუწევს.

"ფაშინიანს პარლამენტში მუშაობის გამოცდილება აქვს და არაერთხელ ჰქონია მწვავე გამოსვლა სომხეთში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით და კორუმპირებული მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვდა... ახლა კი ისე მოხდა, რომ ხელისუფლების სათავეში ის მოვიდა და საზოგადოება იგივეს ითხოვს და თავისივე სიტყვებს ახსენებს - რამდენიმე წლის წინ პარლამენტში გამოსვლისას ამბობდი, რომ გარშემო დამნაშავეები არიან, ახლა კი მიდი, იმოქმედეო.

ახლა მან მოსახლეობის ნდობა უნდა გაამართლოს, სხვა გამოსავალი არ აქვს, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმის დასამტკიცებლად, რომ იმ წლებში არ ტყუოდა, სომხეთში მართლა ხდებოდა დანაშაული, კორუფცია და უკანონობა. ახლა მან ვინმე უნდა დასაჯოს, სხვა გამოსავალი არ არსებობს", - ამბობს ekhokavkaza.com-სთან საუბარში სომეხი პოლიტოლოგი.

გამოცემის ინფორმაცით, სომხეთში, სხვადასხვა დროს, სამი სხვადასხვა პრეზიდენტი ცდილობდა ვითარების სათავისოდ გამოყენებას, თუმცა, რევოლუციის შემდეგ, ახალი ხელისუფლებისა და მოსახლეობის პირისპირ სერჟ სარგსიანი და მისი თანამოაზრეები აღმოჩნდნენ, რომელთა გარშემოც წრე თანდათან ვიწროვდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რობერტ კოჩარიანის ჯერიც დადგეს, რომელსაც ევროპელი ადვოკატი ჰყავს, კონკრეტულად კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, "სომხური ფესვების მქონე ფრანგი, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს".

"არც ყველაზე გავლენიანი და არც ყველაზე მდიდარი, არამედ ქვეყანა, რომელმაც ერთ წელიწადში ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა", - ასე ახასიათებს ბრიტანეთის ავტორიტეტული გამოცემა "ეკონომისტი" სომხეთს, რომელმაც "2018 წლის ქვეყნად" სომხეთი დაასახელა.

"ჩვენ ეკონომიკური რევოლუცია გვჭირდება", - განაცხადა ფაშიანმა საინვესტიციო გარემოზე EURONEWS-თან საუბრისას, თუმცა, კონკრეტულ გზებზე არ უსაუბრია, წერს გამოცემა eadaily.com.

მაინც რა შეიცვალა სომხეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ? - კითხულობს რუსული გამოცემა gazeta.ru, რომელსაც რამდენიმე დღის წინანდელი ფაქტი მოჰყავს - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კანონის მხარეს" თავმჯდომარე ლილიტ მარტიროსიანი, რომელიც გამოცემის ცნობით, ტრანსგენდერია, ქალი რამდენიმე ხნის წინ გახდა.

"პარლამენტში მისმა ერთმა უწყინარმა გამოსვლამ, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, ქვეყანა "ააფეთქა", რაც მისმა წარსულმა განაპირობა. თუ ადრე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე რეზონანსული თემები ხელფასები, პენსია, სამსახური და კრიმინალური გარჩევები იყო, ახლა ლგბტ თემები გახდა", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, "სომხეთი წამოდგომას ცდილობს". ტოლერანტობის კვალდაკვალ, ქვეყანა ნახევრად მშიერია. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი მზადდებოდა, ხელისუფლება მოსახლეობას გადასახადების შემცირებას და ხელფასების გაზრდას შეპირდა.

"ის 85 ათასი ადამიანი, რომელიც დახმარებასა და პენსიას იღებს, იმდენ თანხას მიიღებს, რომ საარსებოდ ეყოს და საკვები იყიდოს", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, რუსეთში უკეთესი ცხოვრებისთვის გადახვეწილი სომხების რაოდენობამ 14,4 ათასს მიაღწია, მაშინ, როდესაც 2017 წელს მათი მაჩვენებლი 14 000-ს არ აჭარბებდა.

"სომხეთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სამყაროს მოწყვეტილია, მას ოთხი ქვეყანა ესაზღვრება, თუმცა გახსნილი საზღვარი მხოლოდ საქართველოსა და ირანთან აქვს. მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. 2017 წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,7 მილირდი დოლარი შეადგინა, 2018 წელს კი თითქმის 2 მილიარდი დოლარი გახდა.

სომხეთსა და ირანს შორის საზღვარი გახსნილია, მაგრამ ირანს მუდმივი კონფლიქტი აქვს მის კიდევ ერთ სავაჭრო პარტნიორ ამერიკასთან. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასარგებლო თანამშრომლობას, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან აზერბაიჯანს თურქეთი უმაგრებს ზურგს... ასე რომ, ჯერჯერობით მათი ცხოვრების გაუმჯობესების წინაპირობები არ ჩანს", - წერს გამოცემა.

რუსული მედიის ასეთი პესიმისტური შეფასებები აღიზიანებს სომხური მოსახლეობის ნაწილს. მათი თქმით, რაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სომხეთი რუსეთთან, მით ნაკლები შანსი აქვს განვითარების.

"თვითონ ვერ მიდიან წინ და არც სხვისი წინ წასვლა სურთ, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, რადგან არ უნდათ იმის დაშვება, რომ მათ გარეშე ვინმე უკეთესად იქნება", - წერს ინტერნეტმომხმარებელი მარია დავისიანი.

"ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოსახლეობაში სკეპტიციზმი დათესონ, ხალხის ნაწილიც იჯერებს, საბედნიეროდ, ყველა არა. კი ვშფოთავთ რუსული ბაზების არსებობის გამო, მაგრამ ამას თავისი პლუსიც აქვს, სტიმულია, რომ დავშორდეთ ქვეყანას, რომელიც ვერც თავისთვის ვითარდება და სხვასაც უშლის ხელს", - მიაჩნია ლევონ ტერისიანს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე