ავტორი:

"კორუფცია ქვია ამას, დაკვეთაზე იმუშავეს" - გოგიჩაიშვილი ამბობს, ვისი ლობირებით ჩავარდა აზარტული თამაშების კანონპროექტი

"კორუფცია ქვია ამას, დაკვეთაზე იმუშავეს" - გოგიჩაიშვილი ამბობს, ვისი ლობირებით ჩავარდა აზარტული თამაშების კანონპროექტი

"აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, პარლამენტის ხელმძღვანელობიდან იყო ინტერესი გამოხატული,“ - ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში Newsroom-ის ეთერში განაცხადა.

"თუ არ ვცდები „ალმა+“-ს აქვს რეკლამებზე მონოპოლია, რომელსაც ცოტა ხნის წინ მერიამ გაუგრძელა მონოპოლისტური საქმიანობა (რაც ასევე საკვლევი თემაა და შესაძლოა კორუფციულ სქემასთან მივიდეთ) და პირდაპირ გეტყვით, რომ „ალმას“ წარმომადგენლები პარლამენტში დადიოდნენ დეპუტატებთან, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და სთხოვდნენ, რომ რაღაცნაირად შევეზღუდე საკანონმდებლო წინადადებაში.

როცა უმრავლესობის წევრი ვიყავი, ეს არ გამოსდიოდათ, მაგრამ როდესაც უმრავლესობა დავტოვე, მარტივად გამოუვიდათ და კანონპროექტი ჩავარდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს მათი ინტერესების გამო გაკეთდა.

პირდაპირ ვთქვათ - კორუფცია ქვია ამას! მე არ დამინახავს, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც გამოართვა, მაგრამ ის, რომ დაკვეთაზე იმუშავეს და კონკრეტული კომპანიის ინტერესი გაითვალისწინეს, ამან გააჩინა განცდა, რომ პარლამენტში ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყიდოს ადამიანმა და ნებისმიერ საკითხს გამოუჩნდეს ლობისტი.

ის რაც ანგრევს შენს ქვეყანას, განგრევს სოციალურად, მძიმე მდგომარეობაში აგდებს მოსახლეობას, ყოველ მეორე არასრულწლოვანს აძლევს შესაძლებლობას ამ სერვისით ისარგებლოს და შენ ამისკენ ხარ, ეს სახელმწიფოებრივი ინტერესის წინააღმდეგ წასვლაა, ეს კორუფციაა.

VIDEO: ვისი ლობირებით ჩავარდა აზარტული თამაშების რეკლამირების კანონპროექტი? - გოგიჩაიშვილი ახლიდან დარეგისტრირებას აპირებს

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, კანონპროექტს ახალი სახე მივეცი და თუ არ აპირებს მთავრობა, დავარეგისტრირებ მე. აქამდე ამბობდნენ, რომ რადგან ჩემი კანონპროექტი იყო, მაგიტომ ჩავარდა, არადა რეალურად ჩავარდა კორუფციული ინტერესის გამო. მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ დაარეგისტრირებდნენ საკანონმდებლო პაკეტს ამ მიმართულებით, თუმცა თუ მათ არ გააკეთეს, ახლიდან დავარეგისტრირებ აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებულ ინიციატივას.

უკვე ისე დამძიმდა სიტუაცია, რომ ტელევიზიებში გაჩნდა რეკლამები. ერთი თვეა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში დაიწყეს რეკლამები და მადლობა თქვენ ჰოლდინგს, რომ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას იჩენთ და უარი თქვით აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებაზე.

მივმართავ მედიასაშუალებებს, რომლებსაც არ უჭირთ ეს თანხა, არც "იმედზე", არც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" არ უნდა იყოს ეს რეკლამა. რატომ უნდა იყოს რეკლამა საზოგადოებრივზე, რომელსაც 50 მილიონს ვუხდით და ყოველწლიური ზრდა აქვს ბიუჯეტის, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, ისედაც უამრავ თანხას ვუხდით" - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

"ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი" - ეკატერინე ტიკარაძის პასუხი კონგრესმენთა მორიგ წერილზე

"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

LIVE - Newsroom-ის სტუმარია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე