ავტორი:

„მწერალი გეძებს ყველგან...“ - რატომ უნდა ვიკითხოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა?

„მწერალი გეძებს ყველგან...“ - რატომ უნდა ვიკითხოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა?

ყველაფერს გასდის ყავლი - მოდურ ჩექმას, ძვირადღირებულ სუნამოს, ტრენდულ აქსესუარებს... ერთადერთი, რაც სამუდამოდ თან გაგვყვება, ემოციები, შთაბეჭდილებები და მოგონებებია, თუმცა მაღაზიაში მათ ვერ ნახავთ. სამაგიეროდ უხვადაა წიგნები, რომლებიც ამ განცდებს ბადებენ და ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი უშიშრად გამოგზაურებენ. წიგნს შეუძლია წაგიყვანოთ ომში და მებრძოლებს შორის, სანგარში გამოგიძებნოთ ადგილი; გასეირნოთ შეყვარებულების გვერდით ისე, რომ თავი ზედმეტად საერთოდ არ იგრძნოთ; ერთი შეხედვით ცივსისხლიანი ბოროტმოქმედი წიგნმა, შეიძლება, სულ სხვა თვალით დაგანახოთ და ისე შეგაყვაროთ, რომ მის ქომაგად იქცეთ. ისტორიამ იმდენად შეიძლება ჩაგითრიოთ, რომ გაუცნობიერებლად დეტექტივის როლში შეხვიდეთ და ამბის წინასწარ განჭვრეტა დაიწყოთ. პერსონაჟის საქციელმა,შეიძლება, თქვენი გონების სრული ტრანსფორმაცია მოახდინოს და სამაგალითოადამიანის ან პირიქით - არაადამიანობის ნიმუშად გექცეთ.

ამ ემოციების აღძვრა და შეხსენება იმისა, რომ ცხოვრება იმაზე გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ამას ერთი ადამიანი ხედავს, მხოლოდ წიგნს შეუძლია და მით უფრო თანამედროვე ავტორის წიგნს. ავტორის, რომელიც შენს ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრობს და წერს იმაზე, რაც შენს კომფორტის ზონას სცდება, რაზეც არაფერი გსმენია, მაგრამ აქვე ხდება, შენს დროში და შენ გვერდით. ეს შენი ამბავიცაა, შენც ხარ მისი თანამონაწილე, მისი პერსონაჟების ლექსიკით მეტყველებ, ხარ ამ გმირების სოციუმის ნაწილი. მათი ისტორია კი შენ გარეშე მანამ გრძელდება, სანამ ჩვენი დროის პარალელურ სამყაროში მოგზაურობას არ გადაწყვეტ.

რა თქმა უნდა, კლასიკური ლიტერატურა კარგ მკითხველად ჩამოყალიბების საფუძველია, თუმცა თანამედროვე ავტორის წიგნს შეუძლია უკეთ გასწავლოს, როგორ იცხოვრო ჩვენს დროში. ასეთ წიგნს შეუძლია,შენ თვალწინ თანამედროვე ადამიანის ათასი კატეგორია გააშიშვლოს და შეულამაზებლად დაგანახოს მათი ნათელი თუ ბნელი მხარეები.

ამ მწერალს ხომ შენს მაჯაზე უდევს ხელი და ზუსტად იცის, რა გჭირდება. იგი შენთვის წერს და არა საუკუნის შემდეგი თაობებისთვის, ის გეძებს ყველგან - ქუჩაში, მეტროში, სოციალურ ქსელში და ელოდება შენს კომენტარებს, შენიშვნებს, შეკითხვებსა და აღტაცებას მისი ნაწერის შესახებ. მწერლის მთავარი სტიმული სწორედ მკითხველია. მე კი მგონია, ავტორთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მკითხველისთვისაც დიდი გამოწვევაა.

გამომცემლობა „პალიტრა L“ მესამე წელია, რაც ლიტერატურულ კონკურსს„ გახდი ბესტსელერის ავტორი“ ატარებს. ამ კონკურსის მეშვეობით, ქართველმა მკითხველმა არაერთი ნიჭიერი ავტორი გაიცნო.

კონკურსი წელსაც, ისევე როგორც გასული ორი წლის განმავლობაში, მკითხველის ჩართულობით მიმდინარეობს. „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ზე“ ხმის მიცემა უკვე დაიწყო.

ფორმატი, რომლითაც კონკურსი მიმდინარეობს, მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს და თავად აირჩიოს ახალი, ნიჭიერი ავტორები, რომელთა პოპულარიზაციაც ამ კონკურსის მთავარი მიზანი გახლავთ.

კონკურსანტთა ნაშრომების ნახვა და ხმის მიცემა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის ვებ გვერდზე: https://www.palitral.ge/konkursi.html

ვებ გვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა