ავტორი:

საარჩევნო "სტალინგრადი", ანუ რა დევს სასწორზე ზუგდიდში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობისთვის"?

საარჩევნო "სტალინგრადი", ანუ რა დევს სასწორზე ზუგდიდში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობისთვის"?

რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდს საარჩევნო "სტალიგრადად" განიხილავს, ანუ ამ ქალაქში ბრძოლის მოგებამ შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს მთავარი "ომის" მოგება-წაგებაზე, რომელიც 2020 წელს გაიმართება.

რატომ? იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი - ამომრჩევლისთვის ასოციაცია ისეთია, რომ თუ აძლევ ხმას რულოვსს, აძლევ ხმას სააკაშვილს.

წარმოვიდგინოთ, რომ ზუგდიდის მერი სანდრა რულოვსი გახდა. ეს „ოცნებისთვის“ მხოლოდ მორალური დარტყმა არ იქნება. ერთი მხრივ, ზუგდიდის მერია მთელი თავისი ადმინისტრაციით, სააკაშვილისთვის პრაქტიკულ პოლიგონად გადაიქცევა და ის 2013 წლის შემდეგ პირველად მოიპოვებს საქართველოში კონკრეტულ სახელისუფლებო ბერკეტებს.

მეორე მხრივ, 2020 წლის არჩევნებზე უფრო მოტივირებული იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი, "ოცნების" მხარდამჭერების და განსაკუთრებით, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის (რომლებსაც არც „ოცნება“ მოსწონთ, მაგრამ ხელისუფლებაში არც "ნაცმოძრაობის" დაბრუნება სურს) მოტივაცია კი უფრო რთული იქნება.

მესამე - ზუგდიდში დამარცხებამ შესაძლოა, "ოცნებაში" მორიგ შიდა გარჩევებს დაუდოს საფუძველი, რაც პარტიაში რყევებს გამოიწვევს.

თუ ზუგდიდის არჩევნებს მოიგებს "ოცნების" კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია, ეს უკვე დიდი მორალური დარტყმა იქნება პირადად სააკაშვილისთვის და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობისთვის". მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის მომგებიან პოზიციაში იქნება და ზუგდიდის მაგალითს პიარისთვის აქტიურად გამოიყენებს, დაახლოებით ასეთი ფორმით: "რა აქვთ "ნაციონალებს" სალაპარაკო საქართველოს მასშტაბით, როცა სააკაშვილის ცოლი ზუგდიდის მერის არჩევნებშიც კი ვერ იმარჯვებს?!".

ზუგდიდში მარცხი, დიდი ალბათობით, დიდ გავლენას მოახდენს იმ ამომრჩეველზეც, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების "ჯიბრით" აძლევს ხმას და შესაძლოა, 2020 წლისთვის მათი ხმები გადანაწილდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებზე.

საარჩევნო „სტალინგრადის“ მნიშვნელობა მხარეებს კარგად ესმით. სწორედ ამიტომაც, ამ ქალაქში უპრეცედენტო მობილიზაციაა - "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი აქტივის ლამის 100% ზუგდიდში გადაისროლა (რომან გოცირიძეს თუ დავუჯერებთ, 5000 აქტივისტი), მობილიზებას ახდენს „ოცნებაც“ - საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი 19 მაისს ამ ქალაქში იქნება და არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში იქნება შს მინისტრი გიორგი გახარიაც.

ამ არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ექსცესებისა და ინციდენტების საფრთხე იზრდება. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ შენგელიამ გაიმარჯვა, "ნაცმოძრაობა" არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და "რუსთავი 2" უწყვეტ ლაივში დაიწყებს აქციებს, პიკეტებს და ა.შ. "ქართული ოცნება“ კი თავის მხრივ, ყველანაირად შეეცდება, რულოვსის გამარჯვება არ დაუშვას.

ასე რომ, მშვიდობიან 19 მაისს გისურვებთ!

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები