ავტორი:

"თბილისს რომ გადმოვხედე, მთვარის რელიეფი გამახსენდაო" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც ამერიკელი ასტრონავტი საქართველოში მოგზაურობისას ჩაწერა

"თბილისს რომ გადმოვხედე, მთვარის რელიეფი გამახსენდაო" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც ამერიკელი ასტრონავტი საქართველოში მოგზაურობისას ჩაწერა

ჯეიმს ირვინი ერთ-ერთი იყო იმ 12 ამერიკელ ასტრონავტს შორის, რომლებმაც მთვარეზე იმოგზაურეს. კოსმოსური ხომალდის "აპოლონ 15"-ის ეკიპაჟის წევრები ჯეიმს ირვინი და დევიდ სკოტი მთვარეზე 1971 წლის ივლისში დაეშვნენ. იქ თითქმის 67 საათი დაჰყვეს და დედამიწაზე მთვარის 77 კილოგრამი გრუნტი ჩამოიტანეს, რომელსაც სპეციალისტებმა პროგრამა "აპოლონის" უმდიდრესი მონაპოვარი უწოდეს. 1990 წლის 20 ივლისს ირვინი საქართველოს ეწვია. მაშინ მას ქართველი ჟურნალისტი და მწერალი ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანიც შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით მის წიგნში დაბეჭდა:

გთავაზობთ ამონარიდს ჩანაწერიდან:

"მე ვიცი, რომ ყველა ბავშვის ოცნებაა მთვარეზე გაფრინდეს. მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რასაც ჩემი მშობლები სისულელედ მითვლიდნენ. ჩემს ოცნებასა და სხვა ოცნებას შორის ერთი განსხვავებაა. ჩემი ოცნება ასრულდა, ორმოცდაერთი წლის ასაკში მთვარეზე ფეხი დავდგი. ამას ბევრი სწავლა, ვარჯიში და შრომა დასჭირდა, რათა ჩემს ოცნებას ფრთები შესხმოდა. დადგა 1971 წელი. ამ წელს ჩემი სანუკვარი ოცნება ასრულდა. "აპოლონ 15"-ით მე და ორი კოსმონავტი ერთად გავფრნდით. ორნი გადავედით მთვარეზე. ჩემს ნაკვალევს რომ დავხედე, რაღაც არაჩვეულებრივმა გრძნობამ შემიპყრო. მეცნიერებმა მითხრეს, რომ ჩემი ნაკვალევი მთვარეზე სულ ცოტა მილიონი წელი დარჩება.

სამი დღე მთვარეზე ვცხოვრობდით. მთვარეზე 12 დღე ღამეა, 12 დღე - ნათელი. ჩვენ მუშაობა ნათელ პერიოდში მოგვიხდა. ტემპერატურა 120 გრადუსს აღწევდა. ამიტომ ვმუშაობდით სკაფანდრაში. ქვიშა და ქვები - ასეთია მთვარის ზედაპირი. პირველად მთვარეზე მანქანით გავიარე. ღამე დადგმულ კარავში უსკაფანდროდ ვცხოვრობდით. ისე ქართველები სწორედ მთვარის იმ მხარეს უყურებთ, ჩვენ რომ დავჯექით. სამი დღე მთვარეს გარშემო ვუვლიდით და სამი დღე დაბრუნებას დასჭირდა. როცა დედამიწაზე დავბრუნდით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეეები მეუბნებოდნენ: "მე ვლოცულობდი თქვენზე". მე ვგრძნობდი ამ ენერგიას მთვარეზე. თითქოს ჩემთან ერთად მთვარეზე ღმერთიც იყო. მთვარეზე მიმოფანტული ქვები სხვადასხვა ფერისა იყო. ამ საოცარი "სიზმარივით ლამაზი მოგზაურობის" შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.

ისე თბილისს თვითმფრინვიდან რომ გადმოვხედე, მთვარის რელიეფი გამახსენდა. თბილისიც ასეა დაღარული მთებით. საქართველოში ჩემი ჩამოსვლაც ამ ულამაზეს ქრისტიანულ ქვეყანაში ამ მისიითაა განპირობებული. ფეხით შემოვირბინე თბილისი, ვეწვიე მამადავითის მთას, ბევრი რამ ვნახე საინტერესო, ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობთ ჩემო მეგობრებო. ყველა ქართველ ბავშვს ასრულებოდეს ოცნება ისე, როგოორც მე ამისრულდა".

ჟუჟუნა ნიჟარაძე- მაჭავარიანი:

- კოსმონავტების სტუმრობამ მთვარეზე დაგვარწმუნა, რომ ისიც დედამიწასავით ქვითაა ნაშენები. ამ ექსპედიციის მთვარეზე ყოფნა იმითაც არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რომ სწორედ მათ გამოიყენეს პირველად მთვარეთმავალი მანქანა. ჯეიმს ირვინი იხსენებდა, რომ 1961 წელს მას დიდი უბედურება შეემთხვა. როდესაც დაამთავრა გამოცდილ მფრინავთა სკოლა და მიანიჭეს საუკეთესო მფრნავის წოდება, ერთ დღეს ფრენისას მისი საცდელი თვითმფრინავი დაიმტვრა. ბედად თვითმფრინავს ცეცხლი არ გაუჩნდა, მაგრამ სერიოზული ტრამვა მიიღო - ორივე ფეხი მოიტეხა, ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავალი ჭრილობა. გამოჯანმრთელების შემდეგ ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ვეღარასოდეს იფრენდა... ამბობდა, სასოწარკვეთილებამ მომიცვა და საავადმყოფოში ყოველ დღე ღმერთს ვევედრებოდი ჩემთვის ძალა მოეცაო. ტრაგიკულად დაშვებული ავარიის ათი წლის თავზე მთვარეზე სიზმარივით ლამაზი მოგზაურობა დაიწყო.

- ახსენეთ, რომ ჯეიმს ირვინი ძალიან რელიგიური იყო...

- დიახ, იხსენებდა, როდესაც მთვარეზე გავფრინდით, თან "ახალი აღქმა" წავიღეთ, რომელიც ჩემი ეკლესიის მრევლის მიერ ხელმოწერილი იყოო... მისთვის მთვარეზე გატარებული დღეები ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან მისი თქმით, ღმერთი მასთან ახლოს იყო და ამას ყველაზე მეტად მძიმე წუთებში გრძნობდა. საქართველოში ჯეიმს ირვინის ჩამოსვლა კანადელი მეგობრის ჯერი ჰერმანის წყალობით მოხდა, რომელიც საეკლესიო წრეებში ცნობილი პიროვნება იყო. ჯეიმს ირვინმა და ჯერი ჰერმანმა საქართველოს უძველესი ქალაქი მცხეთა მოინახულეს, სადაც ჯემალ და გია ბაღაშვილების დამსახურებით ქართული საგალობლები მოისმინეს... ჯეიმს ირვინი ფეხით ავიდა მამადავითზე, იგი დღეში 8-10 კილომეტერს ფეხით გადიოდა. ირვინი 1991 წელს გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი