ავტორი:

ქართული რაგბის პიონერი ქალი, რომელიც ღამის კლუბს იცავს - "დატვირთული გრაფიკის გამო დაოჯახებაზე არც მიფიქრია"

ქართული რაგბის პიონერი ქალი, რომელიც ღამის კლუბს იცავს - "დატვირთული გრაფიკის გამო დაოჯახებაზე არც მიფიქრია"

ანა პოღოსიანი ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდაა, რომელსაც ქართული რაგბის პიონერი ქალი ყოველი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ... გამართული, სუფთა ქართულით მოსაუბრე ჩემს რესპონდენტს ქართულ-სომხური სისხლი აქვს. ნათესავები მისი დიდი ქომაგები იყვნენ მუდამ, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც ქართველი ბაბუის გულშემატკივრობა ახსოვს...

- რამდენი წლის იყავი, როცა სპორტული ცხოვრება დაიწყე?

- ალბათ 11 ან 12 წლის ვიქნებოდი, როცა სკოლაში დავიწყე მძლეოსნობაში ვარჯიში და გავაგრძელე რამდენიმე წელი. ეს ძალიან დამეხმარა სპორტულ კარიერაში, ჯერ ფეხბურთში, მერე - რაგბის თამაშში. ფეხბურთი პატარაობიდანვე მიყვარდა და უბანში ვთამაშობდი თანატოლებთან, სქესის განურჩევლად. მაშინ ფეხბურთი ბიჭების სპორტად მიიჩნეოდა და გოგონების ფეხბურთის ორი გუნდის შეკრება წარმოუდგენელიც კი იყო, ამიტომ ბიჭებს ვეთამაშებოდი და კარგადაც გამომდიოდა (იღიმის).

- ფეხბურთს რომელი პოზიციიდან თამაშობდი?

- ვიყავი თავდამსხმელი, ასევე - ნახევარმცველიც, ეს უკვე ნაკრებში... ფეხბურთს ახლაც ვთამაშობ შიდა ჩემპიონატზე, თავდამსხმელის პოზიციიდან, როგორც "ნიკეს" წევრი!

- გამოდის, რომ ფეხბურთის დიდი მოტრფიალე ყოფილხარ...

- ფეხბურთიც მიყვარს, მაგრამ რაგბი უფრო მეტია ჩემთვის. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ რაგბის თამაშს ვეღარ ვახერხებ. რადგან აქტიურ სპორტს ვერ ველევი, ამიტომ ფეხბურთს "შევაფარე" თავი! მოკლედ, ეს ახლა იგივეა ჩემთვის, როგორც აფთიაქში შესულს ექიმის გამოწერილის ნაცვლად, მის შემცვლელ სხვა წამალს სთავაზობენ!

- და მაინც, რატომ რაგბი უფრო?

- ჩემი თავი ვიპოვე რაგბის მეშვეობით. არასდროს ისე კარგად არ ვყოფილვარ, როგორც რაგბის თამაშისას... ადრე არც კი ვიცოდი, თუ არსებობდა ქალთა რაგბი. ვინც გოგონათა გუნდი ჩამოაყალიბა - ზურაბ დუგლაძემ შემამჩნია ფეხბურთის თამაშის დროს. სადაც ნახავდა სპორტულ გოგონებს, ეპატიჟებოდა რაგბის სათამაშოდ. მუდამ ეუბნებოდა, - მოსინჯე, ეგებ მოგეწონოს, ეგებ ძალიან კარგად გამოგდისო. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, რამდენჯერმე მითხრა და ბოლოს დავთანხმდი. მოვსინჯე და მას შემდეგ ჩემთვის უფრო ძვირფასი აღარაფერი ყოფილა. სპორტის ამ სახეობას სულ სხვა გემო აქვს!

- და რა გემოა ეს?

- სახასიათო თამაშია!

- 2008 წელს ითამაშეთ "ევროპა". რით დაგამახსოვრდა ევროპის ტურნირი?

- მაშინ ძალიან ცოტა ვიყავით - მხოლოდ 9 თუ 10 მორაგბე ქალი. შვიდქალას ვთამაშობდით და მხოლოდ ორი ქალი გვყავდა "ზამენაში"! წარმოიდგინეთ, ვართ ბოსნიაში, სრულიად ახალბედები, უცხო გარემოში, თან კაპიტანი ვარ და აცხადებენ, რომ ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ლელო მე დამიდვია. ამ შედეგით ტურნეს სიმბოლურ ათეულში მოვხვდი. კიდეც გამიხარდა, კიდეც გამიკვირდა ეს შედეგი და მეტი სტიმულიც მომეცა!

- ანუ მიგაჩნია, რომ ქართული ქალთა რაგბის ისტორია 2008 წელს დაიწყო?

- ეს ისტორია უფრო 2005 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როცა ხუთმა გოგონამ დავიწყეთ თამაში...

- სად არიან ახლა ის ოთხეული, შენთან ერთად რომ დაიწყეს ქალთა რაგბი?

- ზოგმა სხვა მიმართულებით გააგრძელა მუშაობა, ზოგიც დაოჯახდა და შვილებს ზრდის. იმ პირველი თაობიდან მხოლოდ მე დავრჩი რაგბის სფეროში...

- გახსენდება მორაგბე ქალებიდან ვინმე, ვინც რომელიმე რეგიონში მოღვაწეობს?

- მაკა ტყებუჩავაც ერთ-ერთი პირველია ამ სპორტში. ის ახლა ფოთში გოგონების მწვრთნელია და მსაჯიცაა. რეგიონებში რაგბით დაინტერესებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

- როგორ დაიწყო შენი სამსაჯო კარიერა?

- როცა მორაგბე გავხდი, წელიწადზე ცოტა მეტი დროის გასვლის შემდეგ მსაჯობა დავიწყე. ესეც მოულოდნელი იყო ჩემთვის. ზურაბ დუგლაძემ შემომთავაზა, იმსაჯე კიდეც, მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებ ამითო, მაშინ მორაგბეებს ხელფასი არ გვქონდა... დავიწყე თანამსაჯობა, რომელიც უფრო იოლია და პასუხისმგებლობაც ნაკლებია, თან დაბალი ლიგის თამაშებს ვმსაჯობდი. მერე თამაშის მთავარი მსაჯობაც დამაკისრეს. ძალიან ვღელავდი იმ დღეს. დაბალი თვითშეფასება მქონდა. ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი და შევრცხვებოდი, მაგრამ ბედად, ყველაფერი კარგად დავასრულე.

- ცენტრის მსაჯობას ასე რატომ განიცდიდი?

- პირველ რიგში, გამოუცდელობის გამო, მეორეც - წარმოუდგენლად დიდია ცენტრის მსაჯის დანიშნულება მატჩზე. ფაქტობრივად, მთავარ მსაჯს მიჰყავს თამაში. ჩათვალეთ, რომ მსაჯს რაგბის მატჩზე იგივე დანიშნულება აქვს, რაც დირიჟორს ორკესტრისთვის. მოგეხსენებათ, ქართული რაგბი, სადაც მამაკაცები თამაშობენ, მოწინააღმდეგისთვის უიმედობის ტოლფასია და როცა ჩვენ ვამარცხებდით უცხოელებს, უთქვამთ კიდეც, ამათგან გამარჯვება გასაკვირიც არ არისო.

- გამოდის, რომ უცხოელებისთვის ქართველი მორაგბე დიდი წინააღმდეგობაა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- ქართული ხასიათი, რომელიც ამ გარემოში ჩამიყალიბდა, რაგბისთვის ზედგამოჭრილია. არ გაგიკვირდეთ, თუ ასე ვამბობ: ჩვენ, ქართველი მორაგბეები ხასიათით ზუსტად ვეწყობით სპორტის ამ სახეობას. კონტრასტული ბუნება, რომელიც საქართველოს აქვს, ჩვენგან მანევრირების უნარის ზედმიწევნით განვითარებას მოითხოვს. სწორედ მანევრულობა, ინტელექტი, სისწრაფე და გუნდურობა არის რაგბის წარმატების საფუძველი და არა - ფიზიკური ძალა!

- შენ ახლა აღნიშნე: "ჩვენ, ქართველი მორაგბეები..."

- მე ქართველად მივიჩნევ თავს! გვარი სომხური მაქვს, მაგრამ მენტალურად ქართველი ვარ!

- ეგებ სჯობს და დავაკონკრეტოთ, რაგბისთვის სქესი და ეროვნება გადამწყვეტი შეიძლება იყოს?

- არანაირად! მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მენტალურად ქართველი ვარ, სქესიც არ არის გადამწყვეტი! მოკლე პერიოდის მერე ქალთა რაგბიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ვაჟების... წარმატებისთვის საჭიროა ამ სპორტით მეტი გოგონას დაინტერესება, მეტი ტურნირის ჩატარება და უბრალოდ, მეტად პოპულარიზაცია! თავად სპორტსმენების მხრიდან საჭიროა მეტი მიზანდასახულობა და წარმატებაც მოვა სქესის მიუხედავად! თანაც, შვიდქალა რაგბი ოლიმპიური სპორტის სახეობად იქნა აღიარებული და ახლა მეტად უნდა მოინდომონ გოგონებმა!

- აქვე მინდა გკითხო, მშობლების რეაქცია როგორია გოგონების რაგბით დაინტერესების შემთხვევაში?

- მშობლების მნიშვნელოვან ნაწილს ჰგონია, რომ რაგბი გოგონასთვის საშიშია. არადა, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ყველა ადამიანი თავისი ფიზიკური შესაძლებლობით შეიძლება მოერგოს რომელიმე პოზიციას და ითამაშოს.

- როგორი იყო შენი ოჯახის დამოკიდებულება, როცა აქტიური სპორტსმენი გახდი?

- პირადად ჩემთვის, მშობლებსა და ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არასდროს გაუწევიათ, რადგან პატარაობიდანვე აქტიური სპორტით ვიყავი გატაცებული. პირიქით, მუდამ ელოდნენ ჩემგან წარმატებებს და მიღწევებს. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ბაბუა ბეჟან ნიკოლაშვილი, რომელსაც სულ უნდოდა, რომელიმე შვილიშვილი სპორტსმენი გამოსულიყო და ეს ოცნება მე ავუხდინე. სამწუხაროდ, ახლა ბაბუა ცოცხალი აღარ მყავს და ამას ძალიან განვიცდი... ყველა მატჩის მერე ბაბუასთან გავრბოდი და მივახარებდი ხოლმე ჩემს წარმატებებს!

- რა იყო შენი ყველაზე დიდი სპორტული წარმატება და იმედგაცრუება?

- როცა ჩვენ "ბ" დივიზიონიდან "ა" დივიზიონში გადავედით, ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება. "ა" დივიზიონში ვიყავით ოთხეულშიც... ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი - "ა"-დან "ბ"-ში დაბრუნება გახლდათ...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი