ავტორი:

"ვარაუდობდნენ, რომ სახლში ნახევარი მილიონი ლარი და 2 კგ ოქრო იყო" - 2016 წელს მომხდარი ყაჩაღობის და მკვლელობის საქმე, რომელშიც ბრალდებულები არიან, მტკიცებულებები - არა

"ვარაუდობდნენ, რომ სახლში ნახევარი მილიონი ლარი და 2 კგ ოქრო იყო" - 2016 წელს მომხდარი ყაჩაღობის და მკვლელობის საქმე, რომელშიც ბრალდებულები არიან, მტკიცებულებები - არა

2016 წელს ქალაქ ნინოწმინდაში ერთ-ერთ ოჯახში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა, რა დროსაც თავდამსხმელებმა 70 წლის ქალი მოკლეს. საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა როგორც ბრალდებულების ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი დიმიტრი ნოზაძე ამბობს, საქმეში თითქმის არ არსებობს მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღმდეგ და განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

აღნიშნულ საქმეზე საქალაქო და საააპელაციო სასამართლოებმა ჯგუფურ ყაჩაღობაში დამნაშავედ ცნო 5 ადამიანი: თემური ბერიძე, კობა შევარდენიძე, ივანე გელაშვილი, ნოდარ ართმელაძე და ქეთევან ხმალაძე.

გელაშვილს საპროცესო შეთანხმებით მიესაჯა პირობითი მსჯავრი და თავისუფლების 5 წლით აღკვეთა, შევარდენიძეს, ართმელაძეს და ბერიძეს 11-წლიანი პატიმრობა, ხოლო ქეთევან ხმალაძეს 9-წლიანი რეალური სასჯელი შეეფარდა.

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, როგორ განვითარდა მოვლენები ყაჩაღობის დღეს:

2016 წლის 13 იანვრის საღამოს, ზემოთ ნახსენები პირები ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრები ბაგრატ სააკიანის ოჯახის დასაყაჩაღებლად მივიდნენ. ბაგრატ სააკიანი ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მუშაობდა და ვარაუდობდნენ, რომ მის სახლში ინახებოდა ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა და 2 კილოგრამი ოქრო.

ჯგუფი ივანე გელაშვილის ავტომობილით გაემართა სააკიანების სახლისკენ. მოლაპარაკებისამებრ ქეთევან ხმალაძე და კობა ართმელაძე პირველები გადავიდნენ ავტომობილიდან, ჩავიდნენ ეზოში და კარზე დააკაკუნეს. კარი ოჯახის დიასახლისმა, ბაგრატ სააკიანის მეუღლემ, ემა სააკიანმა გააღო. ქალთან ერთად სახლში იყო მისი დედამთილი, სონიკ სააკიანი. სწორედ ეს მოხუცი ქალი მოკლეს თავდასხმის დროს.

ემა სააკიანის დაკითხვის ოქმიდან:

"კარზე გაისმა კაკუნი და როდესაც გავაღე, დავინახე ჩემთვის უცნობი მამაკაცი და ქალბატონი. კაცმა რუსულ ენაზე მითხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა, მანქანა გაფუჭებოდათ. იგივე მითხრა ქალბატონმაც. მე ვუთხარი, რომ სახლში მარტო ვიყავი და ვერ დავეხმარებოდი და მოვინდომე კარების დაკეტვა, რა დროსაც მამაკაცი კარს მოაწვა მაგრად, მისი ხელი და კარები მომხვდა საფეთქელში, ეს კაცი შემოვიდა და პირქვე დამაგდო იატაკზე, ზედ დამაჯდა. მითხრა, წინააღმდეგობა არ გამეწია და ზემოთ არ ამეხედა... მეუბნებოდა, რომ ფული და ძვირფასეულობა უნდოდა და თუ არ მივცემდი, მომკლავდა.

გავიხედე და დავინახე ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც რაღაც ჰქონდა დაფარებული, ხელზე იკეთებდა რეზინის ხელთათმანს და შევიდა სამზარეულოში. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, დარეკვა მინდოდა. მამაკაცმა, რომელიც ზემოდან მაჯდა, წამართვა მობილური და ჩაიდო ჯიბეში. მას ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რომელიც აღვიქვი პისტოლეტად. მიბრძანა: ნუ მოძრაობ, თორემ მოგკლავო და დავემორჩილე.

გონზე რომ მოვედი, წასულები იყვნენ და ჩემი დედამთილი უკვე სისხლისგან იცლებოდა... დავურეკე ნათესავს და დახმარება ვთხოვე" - ყვება ემა სააკიანი ჩვენებაში.

დანაშაული შემთხვევიდან სამ დღეში გაიხსნა, ივანე გელაშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე. ის თავად დაუკავშირდა პოლიციას და უთხრა, რომ "შარში იყო გახვეული". საქმის ერთადერთი რეალური მტკიცებულება სწორედ გელაშვილის აღიარებითი ჩვენებაა, რის საფუძველზეც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ბრალდებულების ადვოკატი ამტკიცებს, რომ სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც იმავე გელაშვილის ჩვენების შედეგად მარტივად შეიძლებოდა მოეპოვებინა გამოძიებას, საქმეში არ არსებობს.

ივანე გელაშვილი თავის ჩვენებაში აღწერს დანაშაულის დაგეგმვისა და განხორციელების დეტალებს. მისი ჩვენების მიხედვით, ეზოში პირველები შევიდნენ ქეთევანი და კობა, რომლებმაც დააკაკუნეს სახლის კარზე და კარი გააღებინეს მასპინძელს. კარის გაღებისთანავე მიცვივდნენ ნოდარი და თემურიც, ხოლო ქეთევანი ავტომობილში დაბრუნდა გელაშვილთან. ამ უკანასკნელის ჩვენებით, მამაკაცები 20 წუთში დაბრუნდნენ მანქანაში და თქვეს, რომ შეწინააღმდეგების გამო მოხუცი ქალი მოკლეს.

გელაშვილის კითხვაზე, წამოიღეს თუ არა ძვირფასეულობა ოჯახიდან, უპასუხეს, რომ არაფერი წამოუღიათ. სწორედ ეს არის საქმის ყველაზე საეჭვო დეტალი. გელაშვილის ჩვენებით, ყაჩაღებს წინააღმდეგობას არავინ უწევდა, მოხუცი ქალის გარდა. ემა სააკიანი კი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მან ყაჩაღებს ზუსტად მიუთითა ფულისა და ძვირფასეულობის ადგილი.

მაშ, რატომ არ წაიღეს ფული და ძვირფასეულობა ყაჩაღებმა მას შემდეგ, რაც მოხუცი ქალი მოკლეს და მათ წინააღმდეგობას არავინ უწევდა?

აღსანიშნავია ისიც, რომ გელაშვილი საკუთარი ჩვენებით სამართალდაცველებს აწვდის ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ადგილას გადააგდეს დამნაშავეებმა სისხლიანი დანა და სისხლიანი ქურთუკები (სოფლის გზის მიმდებარედ, ტყის შესასვლელში). საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, მაშინ როცა, ცნობილი იყო კონკრეტული მისამართი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნივთები.

რაზე მიუთითებს ეს ფაქტი? გამოძიების საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებაზე თუ იმაზე, რომ შესაძლოა რეალურად არც არსებობდა ასეთი მტკიცებულებები?!

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე:

"ყველა დაკავებული გამტყუნდა ჯგუფურ ყაჩაღობაში. სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდო ივანე გელაშვილის ჩვენებას, სადაც ის ყვება, როგორ წაიყვანა ბრალდებულები სააკიანების დასაყაჩაღებლად, მანქანაში დაბრუნებულმა ბერიძემ კი თქვა, რომ მოხუცი სონიკ სააკიანი შემოაკვდათ.

რეალურად, გელაშვილი არ ყოფილა არც ყაჩაღობის ფაქტის შემსწრე და არც - მკვლელობის. სასამართლო ყაჩაღობის ნაწილში დაეყრდო მის ჩვენებას, ხოლო მკვლელობა ვერ დაასაბუთა. მკვლელობის ნაწილში არ გაიზიარა გელაშვილის ჩვენება. მაშ სად არის ლოგიკა? ის ხომ არც ერთი დანაშაულის თვითმხილველი არ არის?

საოცარია ისიც, რომ დღემდე არ არის დადგენილი, ვინ მოკლა სონიკ სააკიანი, ასევე დაუსაბუთებელია ყაჩაღობის ფაქტიც, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

საქმეში არ არსებობს არანაირი ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან ყაჩაღობას, ან მკვლელობას. არც მკვლელობის იარაღი, არც ნიღბები, არც ხელთათმანები, არც სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებზეც საუბდობდნენ ჩვენებებში... საქმეში არც ერთი არ არსებობს. ფაქტობრივად, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, ისე დადგა განაჩენი" - ამბობს ნოზაძე.

ადვოკატის თქმით, გამოძიების ფარგლებში რომ ჩატარებულიყო ელემენტარული მოქმედებები და ექსპერტიზები, მარტივად შეიძლებოდა დადგენა თუ ვინ მოკლა მოხუცი ქალი. გარდაცვლილს საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი. გვამის დათვალიერების ოქმის მიხედვით, სონიკ სააკიანს ხელში, ფრჩხილებში თმის ღერები აღმოაჩნდა, გამოძიება კი არ დაინტერესებულა, ვისი იყო ეს თმის ღერები. არ დაუნიშნავს ექსპერტიზა, რათა შედარებულიყო, რომელ ბრალდებულს ეკუთვნოდა.

დიმიტრი ნოზაძე ყურადღებას ამახვილებს, ამოცნობის პროცედურის არასათანადოდ ჩატარების ფაქტზეც. ემა სააკიანს უნდა ამოეცნო ყაჩაღობაში მონაწილე ქალბატონი. დაკითხვების ოქმებით დასტურდება, რომ ყველა ქალი, რომელიც ამოცნობაში იღებდა მონაწილეობას, იყო ეროვნებით სომეხი და დაზარალებული პირადად იცნობდა ყველას. ერთადერთი ქართველი იყო ქეთევან ხმალაძე. ადვოკატის მტკიცებით, ეს ამოცნობის სტანდარტის უხეში დარღევაა, რაც მის სანდოობას აქარწყლებს.

"საერთოდაც, სასამართლო პროცესზე ჩატარებული ამოცნობის პროცედურა უფრო სარწმუნო და გასათვალისწინებელია, ვიდრე წინასწარი გამოძიების პროცესში. აღსანიშნავია, რომ სასამართლოზე ემა სააკიანმა ვერ ამოიცნო ვერც ერთი ბრალდებული. ანუ ამოცნობა ფაქტობრივად ვერ ჩატარდა" - ამბობს ნოზაძე.

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, რომელიც ადგილის დათვალიერების ოქმიდან იკვეთება და არ შეუსწავლია გამოძიებას - არ არის დადგენილი, ვისზე იყო გაშლილი ცხრაკაციანი სუფრა სააკიანების სახლში და არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ვინ იყო მათთან სტუმრად?

ადვოკატის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივანე გელაშვილი წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობისთვის და ასევე ცრუ ჩვენების მიცემისთვის. რატომ შეატყობინა ივანე გელაშვილმა პოლიციას იმ დანაშაულის შესახებ, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა? რატომ მისცა მან ჩვენება სხვებთან ერთად საკუთარი თავის წინააღმდეგაც? რამ უბიძგა თუ აიძულა მას, ცრუ ჩვენების მიცემა? ფაქტია, რომ გელაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დანარჩენი მსჯავრდებულები საუბრობენ, რომ მათ წინააღმდეგ "საქმე შეიკერა", რადგან მათ ახალციხის რაიონში ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია („ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, რომლის ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე იყო) და აქტიურად იბრძოდნენ მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისებისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის წინააღმდეგ. სწორედ საკუთარ საქმიანობას უკავშირებენ ამას და გამოთქვამენ ეჭვს, რომ გელაშვილი „მიუგზავნეს“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: გელაშვილი და ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული თემურ ბერიძე მეგობრები არიან, მათ წარსულში ნასამართლეობის დროს, ერთმანეთი ციხეში გაიცნეს, სადაც ორივე ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შეხვედრა ხმალაძის ოჯახში მართლაც მოხდა. ეს ჯგუფი შეიკრიბა და გარკვეულ საკითხზე ისაუბრეს. ამას ადასტურებს ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე, რომელიც დანაშაულის შეუყობინებლობაში იყო ბრალდებული, თუმცა გამართლდა.

გელაშვილი ჩვენებაში ამბობდა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფელ ტყემლანაში, ქეთევან ხმალაძის ოჯახში მიიწვია და სამსახურის დაწყებაში ხელშეწყობას დაჰპირდნენ, თუმცა იქ მისულს ეს „საქმე“ შესთავაზეს და დაიგეგმა ყაჩაღობა. საპირისპიროს ამტკიცებენ ბრალდებულები. ისინი აცხადებენ, რომ მათ თავად დაუკავშირდათ გელაშვილი, შეხვედრა ითხოვა და როგორც ძველი მეგობარი, ოჯახში მიიწვიეს.

ღიად რჩება კიდევ ერთი კითხვა - რატომ არ შეატყობინა პოლიციას გელაშვილმა თავიდანვე, რომ დანაშაული იგეგმებოდა და რატომ დათანხმდა ის მეგობრების შემოთავაზებას?

საქმეში არსებობს კიდევ ერთი მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, თუ როგორ ჩაიდინა დანაშაული. ეს ჩვენება სრულ თანხვედრაშია გელაშვილის ჩვენებასთან და წინასწარი გამოძიების პროცესშია მიცემული. თუმცა, ამ ბრალდებულმა სასამართლოზე არ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება ფიზიკური ზეწოლის შემდეგ მისცა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმე აღძრულია ხუთეულის ცემისა და წამების ფაქტზეც.

ადვოკატის მტკიცებით, ეს პირები სპეცრაზმმა აიყვანა საკუთარი სახლებიდან. დაკავების პროცესში ბრალდებულებს სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდენ და მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბლაგვი საგნით მიყენებულ დაზიანებებს მართლაც ადასტურებს.

ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა საქმეს ორი წელია სწავლობს, დღემდე პასუხი არ აქვს, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.

AMBEBI.GE-მ მიმართა მთავარ პროკურატურას, რომ საქმეში არსებულ შეკითხვებზე პასუხი მიგვეღო. უწყებამ წერილობითი მიმართვა მოითხოვა, რომელზეც პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადებში - ორ კვირაში გამოგვიგზავნის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროკურატურა არც საქმის ადვოკატის შეკითხვებს პასუხობს, სავარაუდოდ, ჩვენი კითხვებიც უპასუხოდ დარჩება...

საგარეჯოში მამაკაცი დაჭრეს

"თუ პოლიციაზე იძალადებენ, სპეცრაზმს კანონიერი უფლება აქვს, გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენოს" - ვახტანგ გომელაური რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე

"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს" - ვახტანგ გომელაური