ავტორი:

"ზელენსკის სააკაშვილის სინდრომი აქვს" - რა მსგავსება იპოვა რუსულმა მედიამ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის

"ზელენსკის სააკაშვილის სინდრომი აქვს" - რა მსგავსება იპოვა რუსულმა მედიამ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციას მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართეს.

22 მაისით დათარიღებულ წერილში სააკაშვილი წერს: "ყველა იურისტი ამტკიცებს, რომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არაკანონიერი იყო, ვინაიდან, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეიძლება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით კი, არ შეიძლება ადამიანი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დატოვო..." - ამავე წერილში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საკუთარი პოზიციის სასამართლოში დასაცავად მზად არის.

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე ზელენსკი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. მისი თქმით, ჰგონია "რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება".

ამ ეტაპზე ზელენსკის პოზიცია არ არის ცნობილი, თუმცა, ფაქტია, რომ რუსული მედია და პოლიტოლოგები ყურადღებით ადევნებენ თვალს ზელენსკისა და სააკაშვილის პერსონებს და მათ ქმედებებს. არაერთმა გამოცემამ და პოლიტოლოგმა, მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე ისაუბრა...

"საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზელენსკი, რომელიც ბევრი რამით, მათ შორის ქარიზმატულობით ჰგავს სააკაშვილს... ადრე მან განაცხადა, რომ მოქალაქეობას აღუდგენს ყველას, ვინც მზად არის, “ახალი, ძლიერი და წარმატებული უკრაინისთვის იბრძოლოს” - წერს გამოცემა РИА Новости უკრაინის ახალ პრეზიდენტზე.

ზელენსკისა და სააკაშვილის “შედარებითი დახასიათება” არაერთმა რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. Новая газета-სთვის მომზადებულ სტატიაში, ანალიტიკოსი იულია ლატინინა, ზელენსკის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ადარებს და ამბობს, რომ უკრაინის პირველ პირსაც იმავე გზის გავლა მოუწევს, რაც წლების წინ საქართველოს ექსპრეზინდეტმა გაიარა.

“ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც სერიალში, “ხალხის სამსახური”. ეს ფილმი მან მოიგონა, გადაიღო და თავადაც ითამაშა, რათა შემდგომ პრეზიდენტის პოსტისთვის ებრძოლა, ოღონდ არატრადიციული გზებით ტრადიციულ პოლიტიკურ ელიტასთან... უარი რადას, ეს მხოლოდ ყვავილებია, უახლოეს მომავალში, ჩვენ ვნახავთ მეორე და ძალიან საინტერესო სერიალს, რომელსაც შეიძლება “სააკაშვილი 2” ვუწოდოთ" - წერს ლატინინა.

ანალიტიკოსი მკითხველს იმ მოვლენებს ახსენებს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვითარდა:

"მან რადიკალური რეფორმები ჩაატარა. სახელმწიფო, რომელიც მოქალაქის გაღატაკებაზე იყო ორიენტირებული, მოქალაქეზე ორიენტირებული გახადა...

სააკაშვილამდე ქართული ელიტა, შედგებოდა სამი ფენისგან: ჩინოვნიკები, რომლებიც ქრთამს იღებდნენ (მათ შორის შს მინისტრები, რომლებიც აეროპორტში აცილებდნენ ქურდებს); ბიზნესმენები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსებით გახდნენ ბიზნესმენები და მათივე დახმარებით განაგრძობდნენ ბიზნესის კეთებას და ქართული ინტელიგენცია - მუსიკოსები, ექიმები, პროფესორები, ლიტერატორები, რომლებიც იღებდნენ ქრთამებს, ზოგი დიპლომებითაც ვაჭრობდა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა უამრავი ადამიანი გაყარა სამსახურიდან, მათ შორის სამინისტროებიდან... მალე მის წინააღმდეგ კამპანია აგორდა: ოპოზიცია ამბობდა, რომ სააკაშვილის პოლიცია ქრთამს არ იღებდა, მაგრამ სახელმწიფო სისტემაში მაღალი დონის კორუფცია იყო. ასევე, საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე, ამომრჩევლის დაშინებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე.

ახლა კი, მისი წასვლის შემდეგ, იგივეს აკეთებს ახალი ხელისუფლება: ელიტა კი დუმს, დუმს დასავლეთიც... ახლა საქართველო ისევ ჭაობისკენ მიდის, თუმცა, დასავლეთს ეს არ ადარდებს" - წერს ლატინინა და დასძენს, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ზელენსკისაც იგივე ელოდება. მას ყველაზე ახლო გარემოცვა უღალატებს, მის წინააღმდეგ დაიწყო ტოტალური კამპანია და დისკრედიტაცია ევროპული ბიუროკრატების მხრიდან...

გამოცემა Взгляд-ისთვის მომზადებულ სტატიაში ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი წერს:

"ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აპრობირებული ტენდენციით, რაც უფრო დიდხანს არის ერთი ადამიანი ხელისუფლების სათავეში, ქვეყანაში უფრო სტაბილური მდგომარეობაა, მთავარია, მისი იდეები იმპერატიული არ იყოს... ასეთი “დემოკრატიის შუქურა” ჩვენმა ლიბერალურმა პუბლიკამ ერთხელ უკვე ნახა - ეს მიხეილ სააკაშვილი იყო, რომლის დროსაც ქვეყანა, ციხეებში წამების, მკვლელობების და პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური იერიშის კვალდაკვალ, აყვავდა. ახლა ლიბერალურ საზოგადოებას ახალი კუმირი ჰყავს. ნეტავ დიდი ხნით?" - წერს ანდრეი ბაბიცკი.

მისივე თქმით, ლიბერალებმა ზელენსკი პუტინს არ უნდა შეადარონ, რადგან ეს იგივეა, “თანამედროვე ავიალიანერი შეადარო მის სათამაშო მოდელს".

"მათ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ. პუტინს, ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება აქვს - მას შეუძლია რუსეთს მსოფლიოში გავლენები დაუბრუნოს სანქიების ფონზეც კი, - ვნახოთ რით უპასუხებს მას ენამოსწრებული და კარგი იუმორის მქონე, მაგრამ პოლიტიკაში გამოუცდელი ზელენსკი”, - ვკითხულობთ Взгляд-ის სტატიაში.

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან

როგორ შეიძლება ერთი დახველებით მთელი თვითმფრინავი დაინფიცირდეს - შოკისმომგვრელი ვიზუალიზაცია