ავტორი:

ღვიძლის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში, რისთვისაც პაციენტები უცხოეთის კლინიკებს მიმართავდნენ

ღვიძლის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში, რისთვისაც პაციენტები უცხოეთის კლინიკებს მიმართავდნენ

ღვიძლის და სანაღვლე გზების, მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ახალაძე "ნიუ ჰოსპიტალსში" ლაპარასკოპიულ ოპერაციებს უკვე ერთ წელზე მეტია ატარებს. საქართველოში ბატონი გურამის მოღვაწეობასთან ერთად, დაავადებებს, რომლებისთვისაც პაციენტების დიდი ნაწილი უცხოეთის კლინიკებში არჩევდა მკურნალობას, ახლა "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობენ. გურამ ახალაძე და "ნიუ ჰოსპიტალსის" გამოცდილ ქირურგთა გუნდი ასრულებენ ყველა სირთულის ქირურგიულ ოპერაციებს ღვიძლის სიმსივნეების, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანებების, პანკრეასის სიმსივნეების, კლაცკინის სიმსივნის და სანაღვლე გზების ნებისმიერ პათოლოგიის დროს. ოპერაციები ტარდება თანამედროვე მიდგომითა და მინიმალური ჩარევით.

გურამ ახალაძეს აქვს 40 წელზე მეტი გამოცდილება ღვიძლის, სანაღვლე სადინრებისა და პანკრეასის ქირურგიაში, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი სპეციალიზაციის სფეროები მოიცავს ღვიძლის ქირურგიას, სანაღვლე სადინრების, პანკრეასის, ლაპარასკოპიული ქირურგიასა და ონკოლოგიას. მას შესრულებული აქვს ასეულობით ქირურგიული ოპერაცია და იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქირურგი რუსეთში, ვინც დანერგა პანკრეასის თავის რეზექციები თორმეტგოჯა ნაწლავის შენარჩუნებით, ასევე განსაკუთრებით რთული რეზექციები ღვიძლის სრული სისხლძარღვოვანი იზოლაციის პირობებში და ერთ-ერთი პირველი ლაპარასკოპიული ოპერაციები ღვიძლსა და პანკრეასზე.

პროფესორი გურამ ახალაძე გვესაუბრება ღვიძლის სიმსივნეებისა და ღვიძლში გავრცელებული მეტასტაზების მკურნალობის მეთოდების შესახებ.

რა ნიშნებით ვლინდება ღვიძლის სიმსივნე?

ღვიძლისა და ზოგადად, ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა შეუმჩნევლად ვითარდება და უმეტეს შემთხვევაში ავადმყოფობის დაწყებიდან დიდი ხნის, ზოგჯერ 8-12 წლის გასვლის შემდეგ ვლინდება. ამ ხნის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულ ადამიანს არაფერი აწუხებს. ავადმყოფობის მანიფესტაციის დროისათვის სიმსივნე უკვე დიდ ზომებს აღწევს, მეტასტაზებს იძლევა და ხშირად გენერალიზებულ სტადიაში გადადის. ამ დროს იწყება წონაში დაკლება, უმადობა, სისუსტე, სიყვითლე.

ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. შეუძლებელი და გაუმართლებელია ყველა ჯანმრთელი ადამიანისათვის კომპიუტერული (CT) ან პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) გაკეთება. თუმცა წელიწადში ერთხელ ულტრაბგერითი გამოკვლევის და ზოგიერთი ონკოლოგიური მარკერების სისხლში შემოწმება, განსაკუთრებით 50 წლის ზევით ასაკში კოლონოსკოპიისა და გასტრასკოპიის, ჩატარება მიზანშეწონილია.

რატომ ითვლება განსაკუთრებულად რთულად ღვიძლის, პანკრეასისა და სანაღვლე გზების ქირურგია და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი ქართველი პაციენტებისათვის?

მუცლის ღრუს ორგანოთა ქირურგიული ავადმყოფობების დაახლოებით 60%-ს დღეს ღვიძლის, პანკრეასისა და სანაღვლე გზების ავადმყოფობები შეადგენენ. გარდა ამისა, მსოფლიოს ონკორეგისტრის მიხედვით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კუჭის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოსა და ფილტვის კიბოთი დაავადების სიხშირე კლებულობს. სამაგიეროდ, პროგრესულად მატულობს ღვიძლისა და პანკრეასის კიბოთი დაავადების სიხშირე. ჩამოყალიბდა ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის ცალკე განხრა. სულ რაღაც 20-30 წლის წინ, ქირურგიის ეს დარგი მოიცავდა მხოლოდ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების ოპერაციებს. დღეს კი ეს ქირურგები წარმატებულ ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებენ ბირთვული ფიზიკის, გენეტიკის და სხვა მეცნიერებების უკანასკნელი მიღწევების ფართოდ გამოყენებით.

რა კავშირია ჰეპატიტებსა და ღვიძლის კიბოს შორის?

ჰეპატიტების უმრავლესობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად მიმდინარეობს ღვიძლის ქსოვილის დაზიანება. დაზიანებული ქსოვილის ადგილს კი არასრულფასოვანი ქსოვილი იკავებს, რომელსაც სიმსივნური გადაგვარების ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს. ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც ხშირია ჰეპატიტი, ღვიძლის სიმსივნის სიხშირე ძალიან მაღალია.

საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში მეტად გავრცელდა ვირუსული C და B ჰეპატიტი. შესანიშნავი საქმე გაკეთდა ჰეპატიტის უფასო მკურნალობის ჩატარების სახით. თუმცა ვირუსის მოცილება ჰეპატიტის მორჩენას არ ნიშნავს. ვირუსის სისხლში არ არსებობის მიუხედავად, ქრონიკული ჰეპატიტი მიმდინარეობას აგრძელებს და მოსახლეობის ამ ნაწილში ღვიძლის კიბოს გაჩენის მომატებული რისკი არსებობს. ამიტომ აუცილებელია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული ჰეპატიტი აქვთ, მიუხედავად იმისა ჩაიტარეს თუ არა ვირუსის საწინააღმდეგო თერაპია, რეგულარულად გაიარონ ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა და ჩააბარონ სისხლი ალფაფეტოპროტეინზე, რათა გამოვლინდეს ადრეული კიბო, რომლის მკურნალობაც გაცილებით ადვილი და ეფექტურია.

რა უპირატესობა აქვს პაციენტისთვის ლაპარასკოპიულ ოპერაციას? რა განსხვავებაა ლაპარასკოპიულ და ღია მეთოდის ოპერაციებს შორის?

ცხადია, რომ ავადმყოფისათვის მცირე განაკვეთი, ან უფრო სწორად ნაჩხვლეტი, ბევრად უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე დიდი ჭრილობა. თუ შევაფასებთ ოპერაციული ტრავმას, ზოგჯერ მუცლის ან გულმკერდის ჭრილობა ამ მხრივ უფრო მძიმეა, ვიდრე ის ძირითადი ოპერაცია, რომელიც ამ ჭრილობიდან უნდა შესრულდეს. ამიტომ ენდოსკოპიური ოპერაციები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ასეთი მიდგომა მოითხოვს განსაკუთრებულ აღჭურვილობას, ქირურგის სპეციალურ მომზადებას. ზოგი ოპერაცია ასეთი წესით ადვილად სრულდება, ზოგი კი იმდენად ძნელია, რომ მისი ასეთი წესით გაკეთება აზრს კარგავს. იგივე ეხება ღვიძლსაც - ზოგი სეგმენტის ოპერაციას წარმატებით ვახერხებთ ენდოსკოპიურად და ზოგის შესრულება ღია წესითაც ისეთი ძნელია, რომ ლაპარასკოპიულ ოპერაციაზე ფიქრიც წარმოუდგენელია.

ჩვენს კლინიკაში, „ნიუ ჰოსპიტალსში“, უკვე მრავალი ლაპარასკოპიული ოპერაციაა ჩატარებული ღვიძლისა და პანკრეასის სიმსივნეების დროს. ღვიძლის პირველადი სიმსივნის, განსაკუთრებით ჰეპატოცელულარული კიბოს დროს ლაპარასკოპიული ოპერაცია უფრომიზანშეწონილია, ვიდრე ღია, დიდი ჭრილობიდან შესრულებული ჩარევა. საქმე იმაშია, რომ ეს ავადმყოფობა ხშირად მიმდინარეობს ციროზისა და პორტული ჰიპერტენზიის ფონზე. ამ ავადმყოფებს ციროზის გამო გაძნელებული აქვთ შინაგანი ორგანოებიდან სისხლის ღვიძლის გავლით გადაადგილება და კომპენსატორულად უფართოვდებათ მუცლის წინა კედლის ვენები. ღია წესით ოპერაციას საკმარისად დიდ ჭრილობა სჭირდება, რაც გულისხმობს მუცლის წინა კედლის გაფართოებული ვენების გადაკვანძვასა და გადაკვეთას. ამას ხშირად მედიკამენტური მკურნალობისადმი მდგრადი ასციტის განვითარება მოსდევს. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ასეთი გართულების კუპირებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაცია დასჭირდა. ლაპარასკოპიული ოპერაცია ასეთი გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. ლაპარასკოპიული ღვიძლის რეზექციის გაკეთება შესაძლებელია იმ ავადმყოფებისათვის, რომლებსაც ღია წესით ღვიძლის რეზექციას ვერ გავბედავდით. ეს ფაქტი, ჩემის აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლაპარასკოპიული ოპერაციის კოსმეტიკური უპირატესობა ღია ოპერაციასთან შედარებით.

რა ქირურგიული აპარატურა გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე ქირურგიაში „ნიუ ჰოსპიტალსში“?

დიდი ხანია თბილისის სხვადასხვა კლინიკებთან ვთანამშრომლობ და ვოცნებობდი ლაპარასკოპიული ოპერაციები დამეწყო ჩემს მშობლიურ ქალაქში, მაგრამ ამის შესაძლებლობა (მატერიალური აღჭურვილობა მაქვს მხედველობაში) არ მქონდა. ბოლოს და ბოლოს ეს მოხერხდა ნიუ ჰოსპიტალსში“. ამაში დიდ მხარდაჭერა გაგვიწია კლინიკის ადმინისტრაციამ. ამ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შესასრულებლად შევიძინეთ ყველა აუცილებელი დანადგრი: ენდო-ქირურგიის ETHICON-ის სისტემა, HARMONIC-ის ულტრაბგერითი კოაგულაციის გენერატორი (ეს არის მრავალფუნქციური და უნივერსალური დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ქირურგიულ შედეგებს პაციენტისთვის). ღვიძლზე ქირურგიული ჩარევებისთვის ასევე შევიძინეთ - ულტრაბგერითი კავიტაციისა და ასპირაციის დანადგარი SONOCA 300, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლზე ქირურგიულ ჩარევების დროს სისხლძარღვების დაზიანებისაგან დაცვას.

ღვიძლის, პანკრეასისა და სანაღვლე გზების რა ქირურგიული ჩარევებია ხელმისაწვდომი "ნიუ ჰოსპიტალსში"?

ეს არის დაავადებათა ფართე ნუსხა, რომელშიც შედის: ღვიძლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანებები, პანკრეასის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, კლაცკინის სიმსივნე, სანაღვლე გზების ავადმყოფობები, ღვიძლის პარაზიტული დაავადებები და დაზიანებები.

კონსულტაციაზე ჩასაწერად პაციენტები უნდა დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე 2 190 190.

როგორია თქვენი რჩევები და რეკომენდაციები, რომ ღვიძლის დაავადებებმა არ შეგვაწუხოს?

ღვიძლი საოცარი ორგანოა და ბევრ რამეს უძლებს. აქვს ძალიან დიდი კომპენსატორული უნარი. მას არ სჭირდება პროფილაქტიკური მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს ნატურალური პროდუქტებით კვებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, ფეხით სიარულს, ჭარბი წონის დაკლებას. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ვირუსული ჰეპატიტისგან თავდაცვა. ამისათვის საჭიროა, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ სხვის სისხლთან კონტაქტს. ფრთხილად უნდა ვიყოთ სალონებში, სტომატოლოგთან, გინეკოლოგთან. გახსოვდეთ, სიფრთხილის წამიერ მოდუნებას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.

კონსულტაციაზე ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე 2 190 190