ავტორი:

ქართული მარკების ისტორია - რას და რატომ ასახავდნენ მათზე სხვადასხვა დროს

ქართული მარკების ისტორია - რას და რატომ ასახავდნენ მათზე სხვადასხვა დროს

1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის წლისთავი მნიშვნელოვანი ფაქტით აღნიშნა - მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული საფოსტო მარკები, რომლებიც ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით და ვიზუალით.

საფოსტო მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი, რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება.

ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი - მაია პატარიძე გვიყვება, რომ 1919 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ გარდა მარკის გამოცემისა, მისი დაარსებიდან ერთი წლისთავზე, მოკრძალებული ღონისძიებები ჩაატარა - სახალხო მსვლელობა, ვაკის მოედანზე სპორტული ორგანიზაცია „შევარდენის“ აღლუმი, რასაც მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო.

როგორც ისტორიკოსი გვეუბნება, უცნობია პირველი ქართული მარკის ავტორი, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის დიმიტრი შევარდნაძეს ეკუთვნის. შესაძლოა, მართლაც მას ეკუთვნოდა, რადგან გარდა არაჩვეულებრივი მხატვრობისა, მას ბევრჯერ მიუღია ჰერალდიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არ არის.

იყო მარკის დიდი - მანეთიანი და ორმანეთიანი ნომინალებიც. პატარა ნომინალები ღერბის გამოსახულებით - კაპიკიანი და 2-კაპიკიანი 40-კაპიკიანი. დიდ ნომინალზე ქალი გახლდათ აღბეჭდილი, მჯდომარე პოზაში. ცალ ხელში შუბი ეჭირა, ცალში - ფარი, რაზეც პირველი რესპუბლიკის ღერბი იყო გამოსახული.

„ვერ გეტყვით, ჰგავდა დედოფალ თამარს თუ არა, მაგრამ ფილატელისტურ სამყაროში მას თამარს უწოდებდნენ. როგორც ჩანს, ეს თავისუფლებასთან და სახელმწიფოებრიობასთან კავშირში იყო და ამიტომ გადაწყვიტეს, მისთვის თამარი დაერქმიათ.

რაც მთავარია, მარკა უმძიმეს ვითარებაში მოიჭრა - სამხრეთით ქვეყანას მუსლიმური აჯანყებები ჰქონდა, ჩრდილოეთით დენიკინის მოხალისე რაზმები უტევდნენ, შიგნით ბოლშვიკები გადატრიალებას აპირებდნენ. იყო ფინანსური სიდუხჭირე და ასეთ ვითარებაში, ქვეყანამ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ არსებობდა!

1920 წელს მარკა ვეღარ მოჭრეს. ერთადერთი, რაც გაკეთდა, სახალხო გვარდიის დღესასწაული აღნიშნეს და მარკებს შავი ანაბეჭდი დაუსვეს, სადაც დააწერეს, რომ სახალხო გვარდიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. 1921 წელს მარკა კი არა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი საერთოდ დავკარგეთ... ცხადია, ვეღარც დამოუკიდებელი რესპუბლიკის მარკები ვეღარ გამოვიდოდა“, - გვიყვება ქალბატონი მაია.

1922 წელს საქართველოში უკვე საბჭოთა მარკები გავრცელდა, რომელზეც ეწერა: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“. ის ქალბატონი კი, რომელსაც თამარ მეფეს უწოდებდნენ, უეცრად ჩიხტიკოპიან ქალად გადაიქცა - ერთ ხელში ფარი ეჭირა, რომელზეც ნამგალი, ურო და მთელი საბჭოური სიმბოლიკა დაიტანეს. იყო ასევე მამაკაცი, უროთი ხელში.

ამ დროიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული „საქართველო“, ყველა მათგანზე იყო წარწერა „სსრკ-ს ფოსტა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა ეროვნული მარკების გამოცემა და 1993 წელს საქართველოს ფოსტამ თითქმის 70 წლის შემდეგ, პირველად გამოსცა ეროვნული საფოსტო მარკების სერია - "საქართველო გაეროს წევრი", რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას მიეძღვნა.

სწორედ აქედან იწყება ქართული მარკების უახლესი ისტორია.

შემდგომ წლებში მარკები ქართული სიუჟეტებით გამოიცემოდა, მაგრამ მასზე სსრკ ეწერა. შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული სიუჟეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მაგრამ ცენზურას გადიოდა, მასზე მოსკოვი, პოლიტბიურო საგანგებოდ მუშაობდა - მკაცრად არჩევდნენ, რა უნდა ყოფილიყო გამოსახული.

"90-იან წლებში, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, მარკის მოჭრაც მოახერხა და 1993 წელს იმ მარკის დიზაინერი პაატა ნაცვლიშვილი გახლდათ. მასზე სამფერი დროშაა გამოსახული, რაც მთავარია, ახალი ქართული მარკა 72 წლის შემდეგ გამოვიდა და საქართველოს გაეროში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოიჭრა.

იქიდან მოყოლებული, ჩვენთან, ალბათ, მილიონობით ტირაჟით მარკა გამოვიდა. თემატიკა მრავალფეროვანი იყო ყოველთვის. კომუნისტების დროს ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი მარკებზე ხვდებოდნენ, მაგრამ მასზე ვერ მოხვდებოდნენ - ცისფერყანწელები, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რეპრესირებულები და ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას უკავშირებოდნენ.

ახლა კი უკვე თავისუფლებაა - საინტერესო და მრავალფეროვანია ქართული მარკაც. მასზე ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ღონისძიებებია ასახული. ძალიან საინტერესო მარკები ქართული სიუჟეტებით უცხოეთშიც გამოდის.

მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როდესაც ბრაზილიამ საქართველო-ბრაზილიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის აღსანიშნავად, მარკა მოჭრა, რასაც დააწერა, რომ საქართველო-ბრაზილიის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლისაა. მასზე ასევე ქვევრი განათავსა, რომელიც ბორდოში იყო გამოფენილი და დააწერა - „საქართველო ღვინის სამშობლოა“.

ასე რომ, მარკა წლების განმავლობაში ისტორიულ ხასიათს იძენდა, რადგანაც მასზე საინტერესო ინფორმაცია იყრიდა თავს. ქართული მარკის 100 წლის იუბილესთვის, საქართველოს ეროვნულმა არქივმა დოკუმენტაცია გადასცა ეროვნულ მუზეუმს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 1920 წლის საღერბო მარკები, ნოტარიული დამოწმების ფუნქციას ასრულებდა.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ინტერაქციულ ინსტალაციას - „საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უსასყიდლოდ გააგზავნონ საფოსტო ბარათები და მიულოცონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბავშვებს კი შეეძლებათ გააფერადონ მარკები ფერადი სტიკერებით.

ექსპოზიციაზე გაეცნობით საქართველოს ფოსტის გამორჩეულ საფოსტო მარკებს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცულ პირველ ეროვნულ და საბჭოურ მარკებს, ასევე საქართველოს ეროვნული არქივიდან ექსპონირებულ სხვადასხვა დოკუმენტს და კორესპონდენციას, რომელზეც განთავსებულია პირველი ეროვნული მარკები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს