ავტორი:

რატომ გახშირდა სეტყვა საქართველოში - "ნალექის რაოდენობა გაორმაგებულია"

რატომ გახშირდა სეტყვა საქართველოში - "ნალექის რაოდენობა გაორმაგებულია"

ბოლო პერიოდში, საქართველოში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის შემთხვევები გახშირდა. სეტყვა, ძირითადად, კახეთსა და შიდა ქართლში ფიქსირდება. სეტყვის მასშტაბებმა, განსაკუთრებით კი, მისი მარცვლების ზომამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნული ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სეტყვა შესაძლოა, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ გამოიწვია, რომელიც კახეთშია დამონტაჟებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მაისის თვეში გახშირებული სეტყვა საქართველოსთვის უჩვეულო არ არის. სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის სეტყვა ყოველთვის პრობლემატური იყო და მასთან გამკლავებას საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ცდილობდნენ, რისთვისაც სეტყვასთან ბრძოლის სამსახურიც არსებობდა. როგორც მან აღნიშნა, დღეს საღამოს საათებში, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სეტყვის შანსი ისევ არსებობს.

"პროცენტული რაოდენობით, სეტყვის შესაძლებლობა შემცირებულია, მაგრამ არ გამოვრციხავ, რომ ღამისა და საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში აღინიშნოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ზოგადად, სინოპტიკური სიტუაცია ახლა უფრო დაწყნარებულია, ვიდრე გასულ დღეებში იყო", - აღნიშნა მან AMBEBI.GE-სთან საუბარში.

სინოპტიკოსის თქმით, სეტყვის მოსვლის ალბათობით წლევანდელი მაისი შარშანდელისგან არ გამოირჩევა.

"ატმოსფეროში ძალიან არამდგრადი სიტუაცია იყო, ეს პროცესი უფრო აქტიურდებოდა, როცა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ჰაერის მასები ნოტიო იყო და ამ დროს სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების გროვა, რომელიც უმეტესად, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედებდა, საწვიმარი ღრულებლების წარმოშობას იწვევდა. აღნიშნულ ღრუბლებს ვერტიკალზე სიმაღლე ძალიან დიდი აქვს და მის ზედა ფენებში კრისტალის ყინულები ძალიან სწრაფად წარმოიქმნება. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ჰაერის მასები გზას კეტავდა და განვითარებულ ღრუბლებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა, რომ კასპიის ზღვისკენ წასულიყვნენ, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში იცლებოდა, უფრო კონკრეტულად, თბილისში და კახეთის რეგიონში", - აღნიშნა მან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის განმარტებით, 25 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსული სეტყვის მიზეზი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ჰაერის მასები გახდა, რომელიც უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენს.

"სეტყვა აღინიშნა საჩხერეში, ზესტაფონში, მესტიაში. ასევე, ქარი გაძლიერდა გორში. შიდა ქართლშიც ძლიერი სეტყვა მოვიდა", - აღნიშნა მან.

როგორც დოდო გვაზავამ AMBEBI.GE-სთან განაცხადა, არ არის გამორიცხული, სეტყვა ივნისის თვეშიც მოვიდეს, თუ იგივე სინოპტიკური მოვლენები განვითარდება, რაც მაისის თვეში იყო.

რაც შეეხება „დელტას“ სეტყვასაწინააღმდგო სისტემას.... საზოგადოებაში გაჩენილი მოსაზრებების გამო, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა სისტემის მუშაობის პრინციპებსა და სეტყვის წარმოქმნის პროცესზე განმარტება გააკეთა. „დელტას“ შეფასებით, 2019 წლის 1 აპრილს დაწყებული სეტყვასაშიში სეზონი წინა წლებთან შედარებით, მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

"შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებულია ნალექის სიხშირე, ვინაიდან ამ დროისთვის უკვე 23-ჯერ მოხდა სეტყვასაშიშ პროცესებზე ზემოქმედება, დამუშავებული კერების საერთო ფართობმა კი 390 000 ჰეტარი შეადგინა, მაშინ, როცა 2016-2017 წლებში სეტყვასაშიში სეზონი მაისიდან დაიწყო, ხოლო 2018 წელს აპრილში მხოლოდ 1 შემთხვევა მოხდა. ამ მომენტისთვის უკვე გასროლილია 2760 რაკეტა. დელტას მიერ შექმნილი სისტემა იცავს კახეთის 300-მდე სოფლის სახნავ-სათეს მიწებს 95%-იანი ეფექტურობით", - განმარტავს „დელტა“.

ცენტრის ინფორმაციით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს შემდეგნაირად:

„უპირველეს ყოვლისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ახდენს არა ღრუბლის გაფანტვას, არამედ მეტეოროლოგიური რადარის მიერ წინასწარ დაფიქსირებულ სეტყვასაშიშ ღრუბლებზე ზემოქმედებას. რაკეტის გასროლის შემდეგ, რეაგენტი იფრქვევა ღრუბლის მასაში და მსხვილი სეტყვის ჩამოყალიბების საშუალებას არ აძლევს. შედეგად, ყალიბდება წვრილი მარცვლები, რომელიც რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, მით უფრო დნება და წვრილდება და უმეტეს შემთხვევაში, სეტყვის ნაცვლად მოდის წვიმა", - განმარტავენ "დელტაში".

უჩა ძოძუაშვილი ცალსახად აღნიშნავს, რომ სეტყვაწინააღმდეგო სისტემა არა მის გაფანტვას, არამედ დაშლას ემსახურება.

ხართ თუ არა დაცული "ბრიტანული შტამით" დაინფიცირებისგან, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ? - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

სტიქია კახეთში - სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება