ავტორი:

"ასეთი საშიში და მკვლელი ადამიანის როლი არასოდეს მითამაშია" - რა საერთო ნახა დავით დვალიშვილმა "ბადრი კოლიასთან"

"ასეთი საშიში და მკვლელი ადამიანის როლი არასოდეს მითამაშია" - რა საერთო ნახა დავით დვალიშვილმა "ბადრი კოლიასთან"

მსახიობი დავით დვალიშვილი ამჟამად სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბადრი კოლიას როლს ასრულებს და მისი ხასიათის თვისებებიდან რაღაცები მოსწონს კიდეც. 49 წელია, რაც მსახიობი დაოჯახებული გახლავთ. 2 შვილი და 22 წლის შვილიშვილი ჰყავს. მისი ქალიშვილი გერმანიაში ცხოვრობს. ბატონ დავითს ქართველი ემიგრანტების გამო გული სტკივა და სამშობლოში მათ დაბრუნებას ერის გამარჯვებად მიიჩნევს... დავით დვალიშვილი ახალ როლსა და საკუთარ ცხოვრებაზე ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ტყიბულში დავიბადე, სამტრედიაში გავიზარდე. როგორც ჩემი ასაკის ყველა ადამიანს, სასიამოვნო და ია-ვარდით მოფენილი ბავშვობა არ მქონია: ქვეყანაში გაჭირვება იყო. შავი პური იყიდებოდა - რას გვაჭმევდნენ, კაცმა არ იცოდა. ახლა გვეუბნებიან, - თქვენი თაობა ომს არ მოსწრებიაო. როგორ არ მოვესწარით?! ბიძაჩემი ომში რომ დაიკარგა, მამიდაჩემმა შავი სამოსი ჩაიცვა. მისი შავი ტანსაცმელი რომ გაცვდა, იქიდან ქვედა საცვალი შემიკერეს და მე არ მოვსწრებივარ ომს?! ყველაფერს მოვესწარით, რაც კი შეიძლებოდა, ადამიანს ცუდი გადახდენოდა თავს: შიმშილობას, ხრუშჩოვის პერიოდს, პური რომ არ იშოვებოდა და დილის 5 საათიდან რიგებში ვიდექით... მერე 60-იანი წლები იყო, სამამულო ომები გადავიტანეთ და ახლაც რა დღეში ვართ, ხომ ხედავთ? არ ვიცი, რატომ დავისაჯე, რომ ასეთ პერიოდში მეცხოვრა...

- სირთულეების მიუხედავად, ყმაწვილობის პერიოდი ადამიანებს მაინც სასიამოვნოდ ახსენდებათ. ალბათ, თქვენც გქონდათ ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდები...

- სასიამოვნო როგორ არ მახსენდება, კაცო? ყოველთვის მიყვარდა და დღემდე სიყვარულით მოვედი. თეატრში მსახიობად იმიტომ წავედი, რომ გოგო, რომელიც მომწონდა, დაქალს ეუბნებოდა, - ცოლად მსახიობს გავყვებიო. მსახიობი ამის გამო გავხდი... ჩემი ცხოვრება სიყვარულით სავსე იყო.

- იმ გოგოსთან ურთიერთობა განაგრძეთ?

- არა, მაშინ დაახლოებით მე-7 კლასის მოსწავლე ვიყავი. შემდეგ სხვა შევირთე ცოლად, მაგრამ ჩემს პროფესიულ არჩევანზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. ეს ამბავი გონებაში ჩამრჩა - რადგან ვთქვი და შევფიცე, შევასრულე კიდეც. სხვათა შორის, ჩემთვის ოჯახშიც არ გაუწევიათ წინააღმდეგობა, პირიქით - მამა დამეთანხმა და მითხრა: კი ბატონო, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. ამისთვის მადლობელი ვარ.

- თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების ჩაბარება არ გაგიჭირდათ?

- როცა სასცენო მეტყველებას, ხელოვნებას წარმატებულად აბარებდი, შემდეგ რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ, მაგრამ თუ საჭირო იყო, "ჩაგჭრიდნენ". თუკი შენში ნიჭს დაინახავდნენ, პირიქით - ხელს გიწყობდნენ. გამოცდაზე პრორექტორმა გადასაწერი მასალა მომიტანა - გადაიწერეო (იცინის)... ჩვენი პედაგოგები იყვნენ: აკაკი ხორავა, გურამ საღარაძე, სერგო ზაქარიაძე, კუკური პატარიძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მაშინ "კედელზე გაკრულები" ვიყავით, როცა ხორავა თუ ვასაძე ჩაივლიდა ხოლმე. ეგ კი არა, მარჯანიშვილის ფოიეში ვერიკო, სესილია, გოძიაშვილი რომ ისხდნენ, იქ ახალგაზრდა მსახიობები ვერ შედიოდნენ - ერიდებოდათ, რცხვენოდათ, თავს უფლებას არ აძლევდნენ, მისულიყვნენ... ახლა რომ გაივლი, ახალგაზრდებს მაგიდაზე ფეხები აქვთ შემოწყობილი. დღეს თავხედობას "უკომპლექსობას" უწოდებენ. ასეთი დამოკიდებულება, რასაკვირველია, აღზრდამ "მოიტანა". ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მერე იტყვიან, - ამდენი უბედურება რატომ ხდებაო? აი, ამიტომ, გაუზრდელობით ხდება... ბედნიერი ვარ, რომ სტუდენტობისას საოცარ პედაგოგებთან ურთიერთობამ მომიწია. თუ ვინმე რამეს გასწავლის, მისი მადლიერი უნდა იყო და კარგად მოუსმინო...

- შემოთავაზებულ როლზე უარი გითქვამთ?

- ცხოვრებაში როლზე უარი 1-2-ჯერ მაქვს ნათქვამი. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ამის უფლება არც გვქონდა. ახლა თეატრში მქონდა შემთხვევა, როცა რეჟისორს შევხედე და მივხვდი - მასთან დროის დაკარგვა არ მინდოდა. წარმოიდგინეთ, 6-7 თვე უნდა იმუშაო. არადა, უკვე ვიცი, რომ სპექტაკლი განწირულია. მე უკვე "მივდივარ" და უფლება არ მაქვს, 6 თვე რაღაც სიშტერეს შევწირო.

- უარის მიზეზად რას ასახელებთ - დელიკატური ხართ თუ სათქმელს პირდაპირ ამბობთ?

- შევხედავ, დავაკვირდები, მერე კი რაღაცას მოვიგონებ: ან გადაღებაზე ვარ, ან - არ შემიძლია, ხომ ხედავ, დავბერდი-მეთქი, - ვეტყვი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, დელიკატურობა აუცილებელია, თუმცა ხანდახან პირდაპირიც უნდა იყო.

"ბადრი კოლიას შეუვალობა და პრინციპულობა მომწონს"

- არასოდეს მითამაშია ისეთი საშიში და მკვლელი ადამიანის როლი, როგორიც ბადრი კოლიაა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები". ჩანს, რომ ჩემი პერსონაჟი ასეთია, თორემ ისე ადამიანს რას შეატყობ? ადამიანი გარემომ უნდა "ითამაშოს", როგორც მეფე - ანტურაჟმა. მოკლედ, ასეთი ხასიათის პერსონაჟის თამაში ძალიან საინტერესოა. დღეს ღამის პირველ საათზე კიდევ გადაღება მაქვს - სერიოზულ ეპიზოდში უნდა ვითამაშო.

- როცა ამ როლს გაეცანით, ბევრი იფიქრეთ, ვიდრე მის შესრულებას დათანხმდებოდით?

- ჩემმა მეგობარმა, ვინც სერიალისთვის მსახიობებს არჩევს, შემომთავაზა - ასეთი როლია და თუ სურვილი გაქვს, შეასრულო, იქნებ მოხვიდეო. ვუთხარი, - არ მინდა, ერთ სერიაში გამოვჩნდე და მერე დავიკარგო-მეთქი. - არა, ამ სეზონში იქნებიო, - მიპასუხა. - კარგი, მაშინ მოვალ-მეთქი, - დავთანხმდი. შემდეგ სცენარი გამომიგზავნეს. თან, წინასწარ არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება - სცენარს თანდათან წერენ. სხვათა შორის, ეს უფრო საინტერესოა, ცხოვრებას ძალიან ჰგავს - ხვალ რა მოხდება, არ ვიცით...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ