ავტორი:

როცა მამა მაჟორიტარობის კანდიდატია, შენ კი დამკვირვებელი უბანზე სადაც ივანიშვილი ხმას აძლევს - არჩევნები ყველაზე პატარა დამკვირვებლის თვალით

როცა მამა მაჟორიტარობის კანდიდატია, შენ კი დამკვირვებელი უბანზე სადაც ივანიშვილი ხმას აძლევს - არჩევნები ყველაზე პატარა დამკვირვებლის თვალით

19 მაისს, მთაწმინდის ოლქი მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. 31 საარჩევნო უბანზე ასობით წარმომადგენელმა და დამკვირვებელმა მოიყარა თავი. მათ შორის ყველაზე პატარა 18 წლის ანა იოსელიანი იყო.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება ანას ოცნება იყო. „მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, ავიღე მართვის მოწმობა, საკუთარი ხმის მიცემაზე ვოცნებობდი. უფრო მეტად გამიმართლა. ქვეყანაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის უშუალო მონაწილე გავხდი. მთაწმინდის ოლქში, ერთ-ერთ უბანზე არჩევნებზე დაკვირვების საშუალება მომეცა,“- ამბობს ანა.

ანა, როგორ აღმოჩნდი საარჩევნო უბანზე?

მამაჩემი, ლევან იოსელიანი მთაწმინდაზე კენჭს იყრიდა. იდეაც მისი იყო. მე სიხარულით დავთანხმდი. ეს იყო კარგი გამოცდილება. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ტარდებოდა არჩევნები.

რამდენადაც ვიცით, იმ უბანზე მოგიწია ყოფნა, სადაც ხმას ბიძინა ივანიშვილი აძლევდა.

კი ასე იყო. ამ ფაქტის შესახებ, არჩვენების დღეს შევიტყვე. თავიდან სიმშვიდე იყო. ხმის მისაცემად, ერთი-ორი ადამიანი მოდიოდა. არ იყო აქტიურობა. პირველ საათზე, მედიის წარმომადგენლების რაოდენობამ იმატა. მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი მოდიოდა. ატყდა აჟიოტაჟი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ გაქრა. ამომრჩევლების რაოდენობამ ისევ იკლო. ძირითადად ასაკოვანი ადამიანები მოდიოდნენ, რაც ძალიან არ მომწონდა. ვთვლი, რომ არჩევნებში მონაწილეობას ახალგაზრდებიც უნდა იღებდნენ. ეს არის მოქალაქეობრივი ვალდებულება, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს.

იმ დღეს მამას, ლევან იოსელიანსაც ირჩევდა მთაწმინდა. რა შეგრძნებები გქონდა?

ძალიან მაინტერესებდა ჩემ უბანზე მამას ხმას რამდენი ადამიანი მისცემდა. მაინტერესებდა, რატომ ენდობოდნენ, რა დაინახეს მასში, მოსწონდათ თუ არა მისი გეგმები და ხედვები. თან ვფიქრობდი, ლევანს, რომელიც პოლიტიკაში თვენახევრის წინ გამოჩნდა, როგორ შეუძლია წარმატების მიღწევა, როცა არსებობს ორი ამხელა პარტია და მათ კანდიდატებს ძლიერი და გავლენიანი ადამიანები უმაგრებენ ზურგს. თუმცა ის შედეგი, რაც მამამ დადო, ძალიან სასიხარულოა. არჩევნების შემდეგ, შტაბში გადავინაცვლეთ, სადაც თავი მთელმა ოჯახმა მოიყარა და ხმების დათვლას ველოდებოდით.

მოგვიყევი შენს შესახებ

ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ. დამთავრებული მაქვს მუსიკალური ათწლედი და ფორტეპიანოზე ვუკრავ. ადრე ხშირად გამოვდიოდი კონცერტებზე. ახლა უბრალოდ, ჩემთვის ვარჩევ სხვადასხვა ნაწარმოებებს. მიყვარს ფილმის "საუნდტრეკების" აწყობა.

ლევან იოსელიანი, წლების განმავლობაში ადვოკატი იყო. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და როგორ შეხვდი მის გადაწყვეტილებას?

ლევანის პოლიტიკაში ასე მალე წასვლას არავინ ელოდა. ამერიკიდან ერთი წლის წინ ჩამოვიდა. იდეები იქამდეც ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რაც დაბრუნდა, აქტიურად დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოეყენებინა იქ მიღებული ცოდნა. როცა მთაწმინდის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, მაშინ ყველანი მივხვდით, რომ ეს ის იყო, რაც ძალიან აინტერესებდა და უნდოდა. დაიწყო აქტიური მუშაობა და სახლში საერთოდ ვერ ვხედავდით. მისი პოლიტიკაში ჩართვა იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის აინტერესებდა და აწუხებდა. ეს საქმე კარგად გამოუვა. ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცი, როგორ გულით ეკიდება და მის გადაწყვეტილებას მხარს მეც ვუჭერ.

ლევან იოსელიანი, როგორც მამა

ბანალურად ჟღერს, მაგრამ ლევანი საუკეთესო მამაა. ჩემი უახლოესი მეგობარია. ეს ასაკში მცირე სხვაობის დამსახურებაცაა. ერთი პერიოდი, ერთდროულად ვსწავლობდით. მე ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ლევანი სამაგისტროსთვის. ორივე სტუდენტის ამპლუაში ვიყავით. ერთი - საქართველოში, მეორე - ამერიკაში. იქ დაახლოებით ერთი წელი გაატარა. ისე მენატრებოდა, მეც ჩავაკითხე და ერთი თვე დავრჩი. სანამ ლევანი ლექციებზე იყო, მე ენის შემსწავლელ გაკვეთილებს ვესწრებოდი. ყველაფერს ვუყვები, იქნება ეს ცუდი თუ კარგი. საუკეთესო მრჩეველია და ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში მიდგას. ძალიან გაწონასწორებული ადამიანია. ჰყავს ბევრი მეგობარი. ხშირად მიფიქრია, მაგის ასაკში ამდენი მეგობარი მეც თუ მეყოლება. ლევანის სამეგობრო, შობას და აღდგომის დღეს ჩვენთან იკრიბება. სამომავლოდ, მეც მინდა ასეთი დიდი სამეგობრო მყავდეს.

ლევან იოსელიანი ცხენოსანია. როგორ უყურებ მის ამ გატაცებას?

უკვე ათი წელია, სპორტის ამ სახეობაშია. ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ჩვენც ბიძგს გვაძლევს, რომ ასე ვიცხოვროთ. რამდენიმე წლის წინ, ცხენიდან გადმოვვარდი და მას შემდეგ, ცხენის შიში მაქვს. თუმცა მამა, ცხენის გარეშე წარმოუდგენელია. დედა ხუმრობს, ჩვენზე მეტ დროს უთმობო. ყოველდღიურად ნახულობს და ვარჯიშობენ.

ლევანისგან განსხვავებით, შენ თუ უყურებდი "სამეფო კარის თამაშებს?"

კი და უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი სერიალია. სულ ვეუბნები, უყურე, უყურე. სხვა ისტორიული სერიალებსა და ფილმებს უყურებს. იმედია, „გოთის“ გულშემატკივართა რიგებს მალე შემოუერთდება.

ყველაზე აქტუალური და საინტერესო სასაჩუქრე იდეები ვალენტინობისთვის

ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად საწვავისა და რეცხვის ვაუჩერები მოყვება

ბოლო 10 ბინა 10%-იანი ფასდაკლებით -  „ტერასა ორთაჭალის“ დასრულებულ პროექტზე აქცია სრულდება