ავტორი:

ლაივი, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი და უპრეცედენტო ლაივსტრიმი, რომელიც ქართულმა კომპანია Livetag-მა დანერგა

ლაივი, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი და უპრეცედენტო ლაივსტრიმი, რომელიც ქართულმა კომპანია Livetag-მა დანერგა

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გზა და ფორმა უფრო და უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ხდება. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებული პოპულარობა სოციალურ ქსელში ლაივსტრიმინგმა მოიპოვა, რაც ინფორმაციის ცოცხალ რეჟიმში მიწოდებას ნიშნავს. თუ ათეული წლების წინ პირდაპირი ეთერი მხოლოდ ტელევიზიებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა ის ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ლაივსტრიმინგი ბიზნესისთვის ერთ-ერთ ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტად იქცა. თუმცა ლაივის საშუალებით სასურველი შედეგის მიღებასაც ცოდნა სჭირდება. ქართულ ბაზარზე ლაივსტრიმინგის მომსახურებაც არსებობს. ტელევიზიების შემდეგ, პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს ეს სერვისი შესთავაზა, იყო iMediaHub, რომელმაც გასულ წელს რებრენდინგი განიცადა და ამჟამად ბაზარზე Livetag-ის სახელით საკმაოდ წარმატებით ოპერირებს.

ლაივებისა და მარკეტინგულად მათი ეფექტური გამოყენების შესახებ სასაუბროდ სწორედ Livetag-ის დამფუძნებელს გია ზაუტაშვილს მივმართეთ.

როდის დაინტერესდით ლაივსტრიმინგით და თქვენი პირველი პროექტი რა იყო?

პირველად ლაივსტრიმინგით 2013 წელს დავინტერესდი, თუმცა ეს ჰობის დონეზე იყო. იმ პერიოდში „წიგნის სამყაროში“ ვმუშაობდი და ვიქტორინა ტარდებოდა, რომლის ლაივის გაკეთებაც გადავწყვიტე. მალევე, 2014 წელს უკრაინაში ევრომეიდანზე სიტუაცია დაიძაბა და ეს ყველაფერი აქტიურად გადაიცემოდა ლაივის მეშვეობით. ამ შემთხვევამ ჩემთვის ნათელი გახადა, რომ ლაივსტრიმინგმა ტელევიზიიდან გადაინაცვლა ინტერნეტში და ეს ინფორმაციის მიწოდების მომავალი იყო. კარგად გავაცნობიერე, თუ რამხელა ძალაა ლაივი, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და აპარატურაც შევიძინე. გუნდის წევრებიც ავიყვანე და პირველი ლაივების გაშვებაც დავიწყეთ. თავდაპირველად რაგბის კავშირი გახდა ჩვენი პარტნიორი და მათთვის სრულიად საკუთარი ხარჯით ვაკეთებდით ექსკლუზიურ ლაივებს. ეს იყო პირველი პროფესიონალური გამოცდილება. საერთო ჯამში ორი სეზონის თამაშები გავაშუქეთ. პარალელურად, რბოლის გაშუქებაზეც დავიწყეთ მუშაობა.

2016 წელს „სტარტაპ საქართველოს“ ბენეფიციარი გახდით და დაფინანსებაც მიიღეთ. როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა?

როგორც პროექტის ბენეფიციარმა დაფინანსება მივიღეთ შეღავათიანი სესხის სახით. ამ პერიოდში შევქმენით კომპანია iMediaHub და ეს იყო პირველი კომერციული პროექტი საქართველოში, რომელიც სხვადასხვა კომპანიას ლაივსტრიმ მომსახურებას უწევდა. ნელ-ნელა ჩვენი საქმიანობა ბიზნესად იქცა, პორტფოლიო კი მრავალფეროვანი გახდა. 2018 წელს iMediaHubორად გაიყო. ერთმა ნაწილმა სარეკლამო საქმიანობა გააგრძელა. ჩვენ რებრენდგინგი განვახორციელეთ, შევქმენით ახალი ბრენდი Livetag და ამ მიმართულებით მეტი მობილიზაციითა და ენერგიით შევუდექით საქმიანობას.

გადავწყვიტეთ, რომ ოფისი საერთოდ აღარ გვჭირდებოდა და ფარეხში დავიწყეთ საქმიანობა. როგორც სტარტაპისთვის, ჩვენთვის ეს კონცეპტუალურად და სიმბოლურად ძალიან მომხიბვლელი იყო. უამრავმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ხომ სწორედ ფარეხში დაიწყო საქმიანობა. ასე ნაკლები ხარჯი და მეტი თავისუფლება გვაქვს. ინტერნეტის ქსელის საკითხში დამოუკიდებლები ვართ და მეტი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება გვაქვს.

ლაივის გარდა ნელ-ნელა ვიწყებთ ტელეხიდების გაკეთებასაც. ტექნოპარკს უკვე გავუკეთეთ და საკმაოდ კარგად გამოვიდა. საინტერესო ტელეხიდები გვინდა ჩავატაროთ. ამ ყველაფრის შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს Livetag წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე.

რას ნიშნავს სახელი Livetag?

გვინდოდა, რომ კომპანიის სახელი ყოფილიყო უფრო მეტი, ვიდრე სახელი. დღეს ლაივების საძიებო მექანიზმი, გარკვეული ფილტრი არ არსებობს. ბაზა კი ძალიან დიდი და მზარდია, ამიტომ კონკრეტული ლაივის მოძებნა თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვიფიქრეთ Livetag, როგორც არის Hashtag, რომლითაც ინიშნება პოსტები. ვიფიქრეთ, რომ Livetag იქნება ლაივების მოსანიშნი თაგი და სიმბოლოც მოვუფიქრეთ. ეს არის //Livetag. იქნებ სოციალურმა ქსელმა მიაქციოს ყურადღება და ეს სიმბოლო ისევე დამკვიდრდეს, როგორც დღეს #Hashtag არის დამკვიდრებული.

რა არის თქვენი უპირატესობები, რატომ უნდა მოგმართონ კომპანიებმა ლაივსტრიმისთვის თქვენ?

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტელევიზიებთან შედარებით ჩვენი მომსახურება ბევრად უფრო ბიუჯეტურია.

ჩვენი უპირატესობაა ისიც, რომ შაბლონურად არ ვმუშაობთ. მაქსიმალურად ვართ კლიენტზე მორგებული. ხშირად ვმუშაობთ სარეკლამო სააგენტოებთან, რომლებსაც კრეატიული ჯგუფები ჰყავთ და მათ ფანტაზიას გასაქანის საშუალებას ვაძლევთ. ჩვენი მიზანია, რომ კლიენტმა თავისი კრეატივის მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინოს და ამაში მაქსიმალურად ვეხმარებით.

ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ გაშვებული ლაივების ფართოდ დისტრიბუციასაც ვაკეთებთ. გვყავს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ სეგმენტურ წრეებში ლაივების გაზიარებას და შესაბამისად, ნახვებისა და ჩართულობის ზრდას.

ლაივსტრიმის გაკეთების ღირებულება რაზეა დამოკიდებული და რა ჩარჩოებში მერყეობს?

ჩვენთან ლაივის გაკეთება რამდენიმე ასეული ლარიდანაც კი შესაძლებელია. ტელევიზიები კი ამას 10 000 ლარზე ნაკლები ბიუჯეტით არ აკეთებენ. თავისთავად ტელევიზიას უმაღლესი ხარისხი აქვს, მაგრამ ამ ოდენობის თანხის გადახდა ყველა კომპანიას არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ მათ მაქსიმალურ ხარისხს მისაღებ ფასად ვთავაზობთ. ზოგადად, ღირებულება დამოკიდებულია გადამღებ ჯგუფსა და ტექნიკაზე, რომელიც ლაივისთვის არის საჭირო. თავად ეს კი ლაივში გადასაცემი ამბის მასშტაბურობაზეა დამოკიდებული.

როგორი უნდა იყოს კარგი ლაივსტრიმი, რომ მან კომპანიისთვის დადებითი შედეგი მოიტანოს?

ზოგადად, როდესაც კომპანია, მაგალითად, საწარმო, ლაივში აჩვენებს მიმდინარე მოვლენებს, ეს მის სანდოობას მაქსიმალურად ზრდის, რაც უკვე პოზიტიური შედეგია. ეს ნიშნავს, რომ შენთან ყველაფერი გამართულია და შემთხვევითი უსიამოვნებისგან დაზღვეული ხარ.

თუ ღონისძება, რომელსაც ლაივში გადასცემ, მასშტაბურია, მაშინ რამდენიმე კამერაა საჭირო, რომ ჩვენება ეფექტური გამოვიდეს. ამ შემთხვევაში რეჟისორს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი კადრები აჩვენოს და მეტი მომხმარებელი დააინტერესოს. ლაივის ყურების შემდეგ მომხმარებლების დიდი ნაწილი გვერდის მომწონებელიც ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმა გაითვალისწინოს, რომ დღეს ლაივი ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტია. პოსტპროდაქშენსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დამონტაჟებული ვიდეოს სანდოობა და ეფექტურობა ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე ცოცხლად გადაცემულს. მეორე მხრივ, ვიდეობის ბაზა უკვე იმდენად დიდია, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად მომხმარებლისთვის მოსაწყენი გახდა.

თქვენ მიერ გადაცემული ყველაზე გამორჩეული ლაივები რომელი იყო?

ყველაზე რთული იყო რბოლის ლაივები, რადგან გადამღები მოედანი არა მეტრებით, არამედ კილომეტრებით იზომება. რბოლა მთელი დღე ტარდება და თან ბუნებრივად რთულ პირობებში.

სიუჟეტურად საინტერესო იყო გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთა 26 მაისის ღონისძიებაზე. ვეფხსიტყაოსნის თემაზე იყო სიუჟეტი და საკმაოდ საინტერესო კადრები გამოვიდა.

ასევე, განსაკუთრებული იყო საპარლამენტო არჩევნების 360 გრადუსიანი ლაივი 48 საათის განმავლობაში. ეს იყო ცესკოს დაკვეთა დაუშუალოდ იმ ადგილიდან ვუშვებდით ლაივს, სადაც ხმების შეყვანა ხდებოდა. ჩვენამდე ანალოგიური გააკეთა ტრამპის გუნდმა, მაგრამ ეს იყო შიდაპარტიულ არჩევნებზე.

ვინ არიან თქვენი პარტნიორი კომპანიები?

ამ ეტაპზე ჩვენი აქტიური პარტნიორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც თვეში ორჯერ მაინც ვუკეთებთ ხოლმე ლაივებს. გარდა ამისა, ლაივები გაგვიკეთებია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა: ევროკავშირი საქართველოში,ტექნოპარკი, თავდაცვის სამინისტრო, Entrepreneur, ექსპოჯორჯია, ბიზნესაქსელერატორი „სპარკი“, Menu.ge, სუფთა სახლი, USAID Georgia, 4მედია, რედბერი, Windfor's, რადიო ფორტუნა, შარმ ტრეიდი, კონსიერჟთბილისი, ალასანიას უნივერსიტეტი და ბევრი სხვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება