ავტორი:

"ახლო აღმოსავლეთს მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - როგორია უცხოელი ექსპერტების მოლოდინი სირიაში დაძაბულ ვითარებაზე

"ახლო აღმოსავლეთს მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - როგორია უცხოელი ექსპერტების მოლოდინი სირიაში დაძაბულ ვითარებაზე

რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა სირია ისევ დაბომბა. გასული 24 საათის განმავლობაში, ეს უკვე მეორე ავიაიერიშია, რომელიც ისრაელმა სირიაზე მიიტანა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.

ამჯერად სარაკეტო დარტყმები ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა. დამასკოში აცხადებენ, რომ ავიაიერიშისას დაიღუპა 5 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დაბომბვის შედეგად სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც დაზიანდა საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა შენობებიც. ისრაელის სარდლობის განცხადებით, ესაა საპასუხო რეაქცია, რომელიც სირიის მხრიდან ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებისკენ რაკეტების გაშვებას მოჰყვა. პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ნებსმიერი მსგავს ნაბიჯზე ასეთი პასუხი იქნება.

“ისრაელის პოზიცია, როგორც ყოველთვის ნათელია, ჩვენ არ ვართ მზად, რომ ნებისმიერი სახის აგრესია, რომელიც ჩვენსკენ იქნება მიმართული,მოვითმინოთ. მას ვუპასუხებთ ძალისმიერად და აგრესიულად“, - განაცხადა მან.

28 მაისს, სირიის სახელმწიფო მედიამ კიდევ ერთ ავიაიერიშზე გაავრცელა ცნობები, რომლის შედეგად, ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ისრაელის მტკიცებით, სამხედრო თვითმფრინავი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, როცა სირიის ანტისარაკეტო სისტემებიდან მას ცეცხლი გაუხსნეს...

ფაქტია, რომ სირიაში ომი არ დასრულებულა, მეტიც, ახლა ყველაფერი საკმაოდ მძიმე და სახიფათო ფაზაში გადადის... მით უფრო რომ რუსეთ-თურქეთს შორის სირიის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იდლიბის პროვინციაში სირიის ოპოზიციური ძალების ინტენსიური დაბომბვები დაიწყეს, რაზეც ცხადია, რუსეთის მიერ კონტრილირებადი ადგილობრივი მედია დუმს. თუმცა დასავლური მედიის ცნობით, სირიის ჯიჰადისტურმა ორგანიზაციებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ 7 პირზე გაილაშქრეს - ყველა მათგანი დახვრიტეს...

ბოლო რამდენიმე დღეა რუსული მედია აქტიურად წერს, რომ თურქეთმა საგარეო მიმართულებით კურსი შეცვალა. ამის დასტურია თურქეთის უარი S 400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. რუსული მედიის ცნობით, ერდოღანის ხელისუფლების უარი რუსულ შეიარაღებაზე ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

ria.ru-ს ცნობით, ბოლო დამბომბვის შემდეგ, რუსეთმა, ამერიკამ და ისრაელმა სირიის, ზოგადად, ახლო არმოსავლეთის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რუსი საერთაშორისო ექსპერტის ნიკიტა სმაგინის შეფასებით, მხარეებმა რუსეთს შესთავაზეს იმ შემთხვევაში, თუ ის შეძლებს სირიაში თეირანის პოზიციების შეზღუდვას, ისინი ასადის ლეგიტიმურობას აღიარებენ და სირიას გარკვეულ სანქციებს მოუხსნიან. ექსეპერტის ცნობით, რუსეთი ამ შეთანხმებაზე რომ წავიდეს მისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შესთავაზონ, რასაც ამერიკა ჯერჯერობით არ სთავაზობს.

გამოცემა Asharq Al-Awsat-ს დასავლეთელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ამგვარი მოლაპარაკებები სამ სახელმწიფოს შორის წლებია მიმდინარეობს, თუმცა, უკან არც ერთი მხარე არ იხევს, მთლიანობაში კი, ყველაზე მეტად სირია ზარალდება.

"ისრაელი მწვავედ განიცდის იმას, რომ ირანი უხეშად ერევა სირიის სამხედრო საქმეებში. ეს კი თავს მხრივ პროირანული დაჯგუფება "ჰეზბოლას" გაძლიერებას ემსახურება. ამ ყველაფერმა განაპირობა ასადის სამხედრო გამარჯვება და მისი გავლენების გაძლიერება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე კატასტროფულად მოქმედებს.

ასეთი შეთავაზებები ახლაც კი უიმედოდ გამოიყურება, რადგან ფაქტია, რომ მოსკოვი და დამასკო იმდენად შორის არიან წასული, რომ დათმობას არ აპირებენ... არადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები ეფექტიანი იქნებოდა, ამის გამოყენება ასადის რეჟიმსაც კი სათავისოდ შეეძლო, რადგან ის დიპლომატიურ აღიარებას მიიღებდა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა დასავლური ფინანსური დახმარებები, ამერიკისა და მისი მოკავშირე ქვეყნებისგან, რაც სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენას წაადგებოდა" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, სირიის სხვადასხვა პროვინციაში მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, სხვადასხვა სახეობის ეპიდემიამ იფეთქა.

საინფორმაციო -ანალიტიკური გამოცემა "კასსადის" მთავარი რედაქტორის ბორის როჟინის შეფასებით, თეირანი სირიაში ვითარების არევას განაგრძობს, ისრაელს აღიზიანებს და არც ერთი მხარე, მათ შორის, არც ასადი და მისი მხარდამჭერი რუსეთი არ ფიქრობენ, რომ ქვეყანა კატასტროფის პირას არის მისული.

"საქმე ის არის, რომ ისრაელი ავიაიერიშებს იმ რაიონებში ახორციელებს, სადაც ირანის გავლენა დიდია და საიდანაც "ჰეზბოლა" ლიბანისკენ ტვირთსა და შეიარაღებას ეზიდება. ირანიც დაბნეულია, ისევე როგორც ასადის ხელისუფლება, რადგან როგორც ჩანს ასეთ პასუხს არ ელოდა. თუკი ბოლო დღეების პროცესებს გადავხედავთ, მით უფრო თურქეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სირიას და მით უფრო ახლო აღმოსავლეთს, მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - წერს ექსპერტი.

მთავარი ფოტო: ria.ru

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

კამერუნში, თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია - "რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს"

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში