ავტორი:

"დედაჩემის გარდაცვალების რიცხვი ვიცოდი, ეს წინასწარი შეგრძნებები მტანჯავს" - როგორია "კლაუ" რეალურ ცხოვრებაში

"დედაჩემის გარდაცვალების რიცხვი ვიცოდი, ეს წინასწარი შეგრძნებები მტანჯავს" - როგორია "კლაუ" რეალურ ცხოვრებაში

"ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია. ხშირად უსაფუძვლო შიშები აწუხებს. მისი სახე სარკეა, სადაც მისი განწყობაა ასახული. არის ემოციური, მაგრამ არა - რომანტიკოსი. არ ცნობს ფლირტს. ამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რაც მისი ხასიათის ცვლილებას განაპირობებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ თამუნა აბშილავას ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მეცნიერების მიმართ ინტერესი მაქვს. არ ვიცი, რამდენად მართალია, ერთმა ნაცნობმა მითხრა, მაცხოვარი ხარის წელში იყო დაბადებულიო.

- "აქვს ნიჭი, ადამიანები მისდამი ნდობით განაწყოს. წარმატების გზაზე ეს მისი კოზირია".

- ნამდვილად ასეა. უნდობლობა არავისგან არასდროს მიგრძნია. თავადაც მიმნდობი ვარ. შეიძლება ამ მდგომარეობას "კოზირიც" დავარქვათ. ნდობას ვიწვევ არა მხოლოდ პირად ურთიერთობებში, არამედ პროფესიული თვალსაზრისითაც.

- "ბუნებით დამკვირვებელია, შესაძლოა ამიტომაც უყვარს მარტოობა".

- ადამიანებზე დაკვირვებას გარკვეულწილად ჩემი პროფესიაც ითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ამას სპეციალურად არასდროს ვაკეთებ. ეს თვისება ნამდვილად, ბავშვობიდანვე მაქვს სისხლში გამჯდარი. დროის დიდ ნაწილს მარტოობაში ვატარებ. ხშირად უახლოესი ადამიანების გარემოცვაშიც კი განმარტოების სურვილი მიჩნდება.

- "ნურასდროს გაუწევთ წინააღმდეგობას, საშიშია".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. არ მიყვარს, როცა წინააღმდეგობას მიწევენ, მაგრამ სასტიკი და საშიში ნამდვილად არ ვარ. შეიძლება ჩემი ხასიათის ამ მხარეს კირჩხიბის გავლენა აბალანსებს.

- "ხშირადაა საკუთარ თავში ჩაკეტილი".

- ძალიან ხშირად ვარ, შეიძლება ითქვას, დიდი დოზითაც კი და ეს ცოტათი მაწუხებს კიდეც, მაგრამ რა ვქნა, ასეთი დავიბადე.

- "ვერ იტანს სიახლეს, რომელსაც შეუძლია მისი სიმშვიდე დაარღვიოს".

- უი! უი! ძალიან ვერ ვიტან. მოუმზადებელი არანაირ სიახლეს არ ვხვდები. ჩემი სიმშვიდისთვის აუცილებელია ნელ-ნელა შევეჩვიო, მასზე ვიფიქრო. სიახლეებთან იოლად შეგუება მიჭირს.

- "ძალაუფლებისმოყვარე და ტრადიციების დამცველია".

- მიყვარს, როცა საკუთარ სახლში ყველაფერი ისეა, როგორც მე მინდა. არ ვიცი, ამას ძალაუფლების სიყვარული რამდენად ჰქვია. ტრადიციებთანაც ზომიერი დამოკიდებულება მაქვს.

- "ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ოჯახებისთვის კეთილდღეობა მოაქვთ, მათზე დაყრდნობა შეიძლება".

- ნამდვილად ასეა. ჩემი ახლობლებისთვის (თუ მათთვის ეს საჭირო იქნება) შემიძლია საიმედო საყრდენი ვიყო და ვყოფილვარ. ყალბ თავმდაბლობას არ დავიწყებ, ეს გადაუჭარბებლად ნათქვამი სიმართლეა.

- "ჯიუტია, ზოგჯერ გარშემო მყოფებს მისი არ ესმით".

- ბავშვობაში მეტად ჯიუტი ვიყავი, ახლა - ნაკლებად. წლების განმავლობაში მივხვდი, გაჯიუტებული მდგომარეობა ჩემთვის კომფორტული არ იყო. განცდა, რომ გარშემო მყოფებს ჩემი არ ესმით, ნაკლებად მაქვს. ყოველთვის გულწრფელი ვარ, ჩემი სიტყვები მუდამ გულიდანაა წამოსული და არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი გულწრფელობა შეიძლება სხვამ სხვაგვარად გაიგოს. თუ ასე იქნება, არც ამაზე ვინერვიულებ.

- "ის არის ძალიან მგრძნობიარე, ემოციური, მაგრამ არა - რომანტიკოსი".

- ზუსტად ასეა. თინეიჯერობის წლებშიც ასეთი ვიყავი, ოცნებებში არასდროს მიფრენია. ყველა ასაკში მიწაზე მყარად მდგომი რეალისტი ვარ. რომანტიკული ფიქრები ახლა უფრო შემომეპარება ხოლმე.

- "ის არ ცნობს ფლირტს".

- ასეა, ფლირტი მოსაბეზრებელია. მე კარგად გარკვეული, უკვე სახელდარქმეული ურთიერთობის მომხრე ვარ.

- დაოჯახებული ხართ?

- არა.

- შეყვარებული?

- არა.

- "რჩევებს გარშემო მყოფ ადამიანებს იშვიათად ეკითხება, თავდაჯერებულია, ყველაფერს საკუთარი ჭკუითა და ძალისხმევით აგვარებს".

- უნდა ვაღიარო, თავდაჯერებულობა ცოტათი მაკლია. მართალია, სხვას აზრს ხშირად არ ვეკითხები, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ თავდაჯერებული ვარ. მირჩევნია, თავად ვიყო ნებისმიერი გადაწყვეტილების ავტორი, თუნდაც ის ნაბიჯი მცდარი იყოს.

- სინანულის განცდა ხშირად გაქვთ?

- არა. ერთხელ წავიკითხე, ფსიქოლოგები წერდნენ: დიაგნოზია, როდესაც ადამიანი დასმულ შეკითხვაზე, - განვლილი ცხოვრებიდან რამეს შეცვლიდა თუ არა? - პასუხობს, რომ შეცვლიდაო. ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგებს ვეთანხმები. არც მე მიმაჩნია ნორმად, ადამიანს ჰქონდეს სურვილი, შეცვალოს წარსული ცხოვრება. ეს ხომ რეალურად შეუძლებელია. ჩემი სინანული წამიერი შეიძლება იყოს. ვინანო და იმაზე ფიქრი, იქვე დავასრულო. მუდმივი სინანულით თავს ვერ დავითრგუნავ...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი