ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ივნისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ივნისის ნომერი #6(102), რომელშიც წაიკითხავთ:

ტერაქტი პარიზში: ქართველი ემიგრანტის მკვლელობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან 1921 წელს ემიგრაციაში წასულ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის იყო გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე). პარიზში მან აქტიური პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო, 1924 წლის მაისიდან კი მკვეთრად დაუპირისპირდა საქართველოს დევნილ მთავრობას. დიდმა მსხვერპლმა და რეპრესიებმა, რაც საქართველოში აჯანყების ჩახშობას მოჰყვა, ვეშაპელის მსოფლმხედველობის რადიკალური ცვლილება განაპირობა. გრიგოლმა დაიწყო გამოცემა გაზეთისა “ახალი საქართველო”, რომელიც ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისა და იქ არსებულ საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგებისკენ მოუწოდებდა. ამ გაზეთს ფარულად სსრკ-ის ხელისუფლება აფინანსებდა...

სასამართლო პროცესზე სსრკ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სცადა, ვეშაპელის მკვლელი, ავთანდილ მერაბიშვილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მართულ პიროვნებად წარმოეჩინა. სასამართლომ გაიზიარა დაცვის ვერსია, რომლის თანახმადაც მერაბიშვილმა ვეშაპელი სსრკ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ანუ ეროვნული ინტერესების ღალატის გამო მოკლა და გაათავისუფლა მკვლელი, რომელსაც საფრანგეთიდან გასახლება მიუსაჯეს.

ქართული ემიგრაციის ერთი ნაწილი კი თავიდანვე ეჭვობდა, რომ მერაბიშვილი სსრკ-ის უშიშროების მიერ დაქირავებული მკვლელი იყო. შ. მაღლაკელიძე იგონებდა: «აზრი ემიგრაციისა იყო, რომ მერაბიშვილი ჩავთვალეთ პროვოკატორად, საბჭოების მიერ დაქირავებულ კაცად. ჰქონდა დავალებული ვეშაპელის მოკვლა. ვეშაპელის უკან დაბრუნება არ იყო სასურველი, იმიტომ, რომ უკიდურესი მემარჯვენე იყო. გამოიყენეს ჟორდანიას წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი კაცის ყოლა მათთვისაც არ იყო სასურველი. გამოიყენეს და მოკლეს..."

"ცისფერი დივიზიის" ესპანური პარტია

მეორე მსოფლიო ომზე საუბრისას შედარებით ნაკლებად იხსენებენ დანაყოფს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც «ცისფერი დივიზია», ანუ «ფრანკოს ფაშისტები». ფრანკო ჰიტლერისა და მუსოლინის მოვალე გახლდათ. ისინი სამოქალაქო ომის დროს დაეხმარნენ. ფრანკოს ესპანეთს უნდა ეპოვა ევროპაში დომინანტური ადგილი მეგობრულად განწყობილი გერმანელი ნაცისტების ხელშეწყობით, და არა საბჭოთა კავშირის ან ბრიტანეთის მხარდაჭერით.

შესაბამისად, აქედან გამომდინარეობდა ჰიტლერისადმი მიმხრობაც. ფრანკომ კარგად იცოდა ჰიტლერის განზრახვა საბჭოთა კავშირის მიმართ, თუმცა ვერ ხედავდა რეალურ საფუძველს, რატომ უნდა ჩაბმულიყო ასეთ მასშტაბურ ომში. ის მაინც წავიდა დათმობებზე, რითაც ესპანეთმა მოკავშირეს გვერდით დგომა დაანახვა, თანაც ისე, რომ ამ გამანადგურებელ ომში უშუალოდ არც ჩაბმულა. შემუშავდა ფორმულა, რომლის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეები ნებაყოფლობით დაეხმარებოდნენ მოკავშირე გერმანელებს ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გენერალმა ფრანკომ ნება დართო მოხალისეებს, შეერთებოდნენ გერმანულ არმიას იმ პირობით, რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ აღმოსავლეთის ფრონტზე და არა დასავლური გაერთიანების ან რომელიმე დასავლეთევროპელი ხალხის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯით მან ესპანეთში სიმშვიდის შენარჩუნება შეძლო.

სსრკ-ის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ ფრანკომ ოფიციალურად გაუგზავნა დახმარების შეთავაზების წინადადება ბერლინს. ჰიტლერი ესპანელი მოხალისეების გამოყენებას დათანხმდა. მის ინტერესებში შედიოდა დივიზიის გამოყენება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში. ფრანკოს სურდა, ქვეყანა დამნაშავეებისა და რადიკალურად მოაზროვნეებისგან გაეწმინდა და ციხეებიდან ბევრი პატიმრის დივიზიაში გამწესებით ქვეყანაში კრიმინალის დონეც შეამცირა...

როგორ იღებდნენ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს

პირველი ქართული მხატვრული ფილმის, «ქრისტინეს» გადაღების იდეა გერმანე გოგიტიძეს დაებადა. სცენაზე უზომოდ შეყვარებულმა ამ კაცმა 1914 წელს ოზურგეთში თეატრი გახსნა, შემდეგ კინოთეატრად გადააკეთა. ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ გერმანეს გაუჩნდა იდეა, თავადაც შეექმნა კინოსურათი, «სადაც ნაჩვენები იქნება სილამაზე ჩვენი ქვეყნისა, რომელიც თავისი მშვენიერებით არაფრით ჩამოუვარდება იტალიას». ამ მიზნით მან ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა «ქრისტინე» შეარჩია.

გოგიტიძის ეს არჩევანი გასაკვირი არ არის, რადგან როგორც გურულისთვის, ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება, მისი გმირების ცხოვრება, სოციალური გარემო და ხასიათები განსაკუთრებით ახლობელი იყო მისთვის. დიდი ძალისხმევის შედეგად, გერმანე გოგიტიძემ ფილმისთვის საჭირო თანხა მოიპოვა. საქმე ის არის, რომ «იმ დროს კინო ჯერ კიდევ ახალი საქმე იყო და ბევრი არც თვლიდა მას ხელოვნებად». ამასთან, ბიზნესმენებს არ სჯეროდათ, რომ კინო რაიმე მოგებას მოუტანდათ.

ზეგაანის ყოვლადწმინდა

ზეგაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზეგაანიდან ორი კილომეტრის დაშორებით. სოფლისა და მონასტრის დაარსების შესახებ ისტორიული ცნობები მეტად მწირია. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ადრეშუასაუკუნეობრივი ნაგებობისგან შედგება: საკუთრივ ყოვლადწმინდის VI-VII საუკუნეებით დათარიღებული ტაძარი, მცირე დარბაზული ეკლესია და V ან VI საუკუნეების წმინდა მარინეს ეკლესია, რომელიც კომპლექსის ყველაზე ადრეულ ნაგებობაა. წმინდა მარინეს ეკლესია შემკულია გვიანი შუა საუკუნეების, სავარაუდოდ, XV საუკუნის კედლის მხატვრობით. მოხატულობა დაზიანებული და შემდეგ რესტავრირებულია.

ზეგაანის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის მოხატულობა გამორჩეული ძეგლია გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობებს შორის. მისი მცირე სივრცის გათვალისწინებით, სცენები ერთმანეთს ტრადიციული თანამიმდევრობით არ მიჰყვება. გარდა ამისა, წარმოდგენილია ერთგვარად შეკვეცილი, კომპოზიციათა შემოკლებული რედაქციები. აღსანიშნავია, რომ ეს მოხატულობა არ უნდა იყოს პროფესიონალი მხატვრის შესრულებული და ის უფრო ხალხური მოხატულობების ნაკადს უნდა მივაკუთვნოთ...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. სტეპველი - ხუროთმოძღვრება ყირამალა
  • ახალი ამბები. ბიზანტიური პონტო და საქართველო
  • ახალი ამბები. 2500-წლოვანი ბათუმი, იგივე ბათეა, როგორც თვითმმართველი ქალაქი
  • «ისტორიოგრაფიის მოთვინიერება» - ივანე ჯავახიშვილი უმაღლეს პარტიულ სამსჯავროზე
  • მეფის რუსეთი და საქართველო. ლიახვის ხეობა კოლონიური ძალმომრეობის წინააღმდეგ / ვანათელი ბარბარე ლაფაჩი - «ხალხის აღმაშფოთებელი» XIX საუკუნის დასაწყისში
  • ქართული ჯილდოთმცოდნეობა. რუსული საიმპერიო ჯილდოები - დამოუკიდებელი საქართველოს დაცვისთვის...
  • საქართველოს კუთხეები. სამურზაყანოს ისტორიული ადგილები
  • სამხედრო საქმე. მუზარადი/ევროპელი და ქართველი მეომრების სამხედრო აღჭურვილობა
  • მემკვიდრეობა. მხატვარი, რომელმაც ეპოქას გაუსწრო
  • ლეგენდარული მზვერავები. არაბეთის განმათავისუფლებლის ავღანური მარცხი / რატომ ვერ ამოუკვეთა საბჭოთა კავშირს შუა აზიიდან ფეხი პოლკოვნიკმა ლოურენსმა
  • ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს