ავტორი:

მიხეილ ბატიაშვილი - კერძო სექტორის ჩართულობა  პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

მიხეილ ბატიაშვილი - კერძო სექტორის ჩართულობა  პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

საქართველოს მთავრობისა და გერმანიის საელჩოს ორგანიზებით, 15-16 ივნისს, თბილისში „უნარები საქართველოსთვისთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება.

ღონისძიებას პროფესიული განათლების 20-ზე მეტი გერმანელი ექსპერტი და 8 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველო-გერმანიის პარტნიორობა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, 2005 წელს დაიწყო და დროთა განმავლობაში თანამშრომლობა უფრო მრავალმხრივი და კომპლექსური გახდა.

მინისტრისმა ის ძირითადი მიღწევები ჩამოთვალა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერის შედეგს წარმოადგენს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს არის კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, ადამიანური რესურსების/მასწავლებლების განვითარება, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მოდელი, დაფინანსების ამჟამინდელი მოდელი და სხვა ფუნდამენტური ცვლილებები.

უფრო დეტალურად, ქართული და გერმანული მხარის თანამშრომლობასა და პროფესიული განათლების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, AMBEBI.GE განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ესაუბრა.

როგორია ქართულ-გერმანული თანამშრომლობა განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით?

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის პროცესში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის ფორმირება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. შესაბამისად, მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება ფუნდამენტური ინტერვენციები, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რეგიონულ განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას.

აღსანიშნავია, ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაარსებასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომლებიც ასევე გერმანიის მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (KFW) თბილისში ე. წ. Center of excellence-ის დაფუძნებისა და განვითარების მიზნით, დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, ახლადდაფუძნებული ტექნოლოგიური სასწავლო ბაზა ორიენტირებული იქნება შემოქმედებითი და ინოვაციური სასწავლო მიდგომების დანერგვაზე და მრავალმხრივ შესაძლებლობებს მისცემს პროფესიული განათლების მასწავლებლებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებს, სისტემაში ჩართულ სხვა ადამიანებს.

რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის დუალურ განათლებას და სწავლების აღნიშნული მეთოდი საქართველოში რა ფორმით ინერგება?

დუალური განათლება და ახალი სამუშაო ადგილები - კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტს წარმოადგენს შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ქვეყანაში კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის ფორმირება. შესაბამისად, სამინისტრო სტიმულირებას საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების დანერგვას უწევს. საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმამ საშუალება მოგვცა პროგრამებში პრაქტიკული სწავლების კომპონენტი გაგვეძლიერებინა, ასევე დაგვენერგა სწავლების ორგანიზების სხვადასხვა მეთოდები, მათ შორისაა სწორედ დუალური მიდგომაც.

2016 წლიდან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პროექტის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მხარი დაუჭირა დუალური პროგრამების დანერგვას მევენახეობა-მეღვინეობის, სასტუმროს მომსახურების, სარესტორნო მომსახურების, კულინარიისა და მშენებლობის მიმართულებებით. ამ მხარდაჭერას თან ახლდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა გადამზადება.

დუალური სწავლების ფარგლებში, პროგრამის სწავლის შედეგების 50% -ზე მეტი რეალურ სამუშაო გარემოში-საწარმოში მიიღწევა. მის განხორციელებაში ერთობლივად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო დაწესებულება და დამსაქმებელი.

ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა რომ ასეთი ტიპის სწავლება დამსაქმებელთათვის, თანამშრომლობის ყველაზე მეტად მისაღები ფორმაა. თუკი, დანერგვის ეტაპზე, 2016 წელს პროცესში ჩართული იყო 10-მდე კომპანია, დღეს ეს რიცხვი 51 აღწევს და ასეთ პროგრამებზე 211 სტუდენტი სწავლობს, რაც ათჯერ აღემატება პირველ წელს ჩარიცხულთა რაოდენობას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დუალური განათლებით მიღებული ორმხრივი სარგებელი - მუშაობის გამოცდილება, რეალურ სამუშაო გარემოსთან მჭიდრო კავშირი და თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარების შეძენის შესაძლებლობა, საშუალოდ ორი წლის განმავლობაში, კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებს აუმჯობესებს. კომპანიების სარგებელი კი მათი მუშაობის სპეციფიკაზე მორგებული, კვალიფიციური სამუშაო ძალაა, რომელიც აღარ საჭიროებს დამატებით გადამზადებას, ტრანზიციის პროცესში.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში საჯარო-კერძო პარტნიორობის დანერგილი, მოქნილი მექანიზმები, ხელს უწყობს კერძო სექტორის ჩართულობას და დარწმუნებული ვარ, ერთობილივი მუშაობით ჩვენ საგრძნობ გაუმჯობესებას მივაღწევთ სწრაფი დასაქმების და დეფიციტური დარგების კვალიფიციური მუშახელის უზრუნველყოფაში.

ბატონო მიხეილ, საქართველოში პროფესიული განათლების გაძლიერებას ქვეყნის ეკონომიკისთვის რა როლი ენიჭება?

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი მთავრობის პრიორიტეტი, რაც არაერთხელ გაცხადდა, ასევე აისახა განათლების სექტორისთვის გამოყოფილ გაზრდილ დაფინანსებაში.

ბუნებრივია, პროფესიული განათლება იქნება ჩვენი მძლავრი ინსტრუმენტი, ერთის მხრივ, გავზარდოთ ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივები, მათთვის პრაქტიკული სპეციალობების შესწავლის შესაძლებლობის შექმნით და მეორე მხრივ, ზრდასრულებს მივცეთ საშუალება, განიახლონ უნარები და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს უპასუხონ. დამსაქმებლების და მათი გაერთიანებების მონაწილეობა განათლების მიწოდების პროცესში, უზრუნველყოფს მეტ სარგებელს სისტემისთვის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა მომდევნო წლებში, იქნება დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მასშტაბის ზრდა, მეტი დამსაქმებლის დაინტერესება და ახალი, მოქნილი მექანიზმების შემუშავება ხარისხიანი განათლების მიღების მიზნით. დაანონსებული მასშტაბური რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას და ფინანსური, თუ ხარისხობრივი მდგრადობის მექანიზმებს შექმნის. იმედი მაქვს, გერმანიის მხარესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებას სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება „უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგება: სახალხო ღონიძიება, დარგობრივი კონფერენცია „Expert to Expert talks“ და Skills4Georgia talks. სახალხო ღონისძიება 15 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

სხვადასხვა თემატურ ზონაში თვალსაჩინოდ იქნება ნაჩვენები არაერთი პროფესია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. გარდა ამისა, ადგილზე იქნება განსხვავებული საკვები და პუბლიკაციების ზონა. 4 საათიდან დიდ სცენას დაიკავებს ელის ბენდი, 7 საათიდან მათ ჩაანაცვლებს ელენე კალანდაძე, 10 საათიდან კი DJ წვეულება დაიწყება.

დარგობრივი კონფერენცია Expert to Expert Talks კი ასევე 15 ივნისს რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში პირველი რესპუბლიკის მოედნის მოპირდაპირედ ჩატარდება. დაახლოებით, 150 ექსპერტი და სტუმარი პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხების განხილვაში მონაწილეობას ერთად მიიღებს. ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს აკადემიური ფორმატი ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზებისთვის.

Skills4Georgia Talks გაიმართება კვირას, 16 ივნისს ასევე რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში. ღონისძიებას ღია და საინტერესო საუბრის სტილი ექნება. ქართველი ექსპერტების და გერმანული კომპანიის Studio2B წარმომადგენლების ძირითადი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ უნარებსა და დასაქმებისთვის მათ მნიშვნელობას.

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, ერთი მხრივ, წარმოაჩენს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივ, მრავალწლიან თანამშრომლობას. მეორე მხრივ, კი ეს დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობა იქნება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი