ავტორი:

ემოციური შეხვედრა 75 წლის შემდეგ - ამერიკელმა ჯარისკაცმა ახალგაზრდობის შეყვარებული კვლავ იპოვა

ემოციური შეხვედრა 75 წლის შემდეგ - ამერიკელმა ჯარისკაცმა ახალგაზრდობის შეყვარებული კვლავ იპოვა

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელ ჯარისკაცს 18 წლის ფრანგი გოგონა შეუყვარდა. ერთმანეთი გოგონას მშობლიურ პატარა სოფელში გაიცნეს.

მას შემდეგ 75 წელი გავიდა და რობინსი, რომელიც ახლა 97 წლისაა, ახალგაზრდობის სიყვარულს შეხვდა - გოგონას სურათს ის ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჯიბით ატარებს.

როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, რობინსი 24 წლის იყო. მას ტანსაცმლის გარეცხვა სურდა და ჟანინის დედამ დახმარება შესთავაზა. გოგონას და ჯარისკაცს ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ, თუმცა ორი თვის შემდეგ რობინსს სოფლის დატოვება მოუხდა და დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს.

„ვუთხარი, იქნებ მოვახერხო შენთან დაბრუნება მეთქი, მაგრამ ვერ მოვახერხე...“ - ამბობს France 2-თან რობინსი.

„როდესაც მანქანა დაიძრა, ვიტირე. რა თქმა უნდა, ძალიან დავსევდიანდი. არ მსურდა ომის დამთავრების შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულიყო,“ - აღნიშნავს ჟანინი, რომლის გვარი ახლა პირსონია.

1945 წელს, როდესაც ომი დასასრულს მიუახლოვდა, პირსონმა ინგლისურის სწავლა დაიწყო, იმედი ჰქონდა, რომ რობინსი მასთან ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა. თუმცა ჯარისკაცი საფრანგეთის ნაცვლად სამშობლოში, აშშ-ში დაბრუნდა და გაიცნო ლილიანი, რომელიც ცოლად შეირთო. მათ 70 წელი გაატარეს ერთად, ლილიანი 2015 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პირსონიც დაოჯახდა 1949 წელს და ხუთი შვილი ეყოლა.

თუმცა, რობინსს არასოდეს დავიწყებია ფრანგი გოგონა, რომლის შავ-თეთრი ფოტო მუდმივად თან ჰქონდა.

სურათი ჯიბეში ედო მაშინაც, როდესაც მასთან ფრანგი ჟურნალისტები მივიდნენ - ისინი აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შესახებ ამზადებდნენ მასალას.

ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, პირსონი მოეძებნათ და იპოვეს კიდეც - ჟანინი ახლა სოფელთან ახლოს, თავშესაფარში ცხოვრობს. წყვილის შეხვედრაც სწორედ თავშესაფარში შედგა - ჟურნალისტებმა ვეტერანს უთხრეს, რომ ჟანინი ცოცხალია და მას ელოდებოდა.

შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

„ყოველთვის მიყვარდი, მუდამ ჩემს გულში იყავი...“ - უთხრა პირსონს რობინსმა და ქალს აჩვენა ფოტო, რომელსაც ათწლეულებია არ იშორებს.

ყოფილმა შეყვარებულებმა ერთად რამდენიმე საათი გაატარეს, მოგვიანებით კი რობინსი საზეიმო ღონისძიებაზე წავიდა. მათ პირობა დადეს, რომ ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.

„ჟანინ, მიყვარხარ ჩემო გოგო,“ - უთხრა რობინსმა პირსონს, როდესაც 75 წლის შემდეგ მათ კვლავ აკოცეს ერთმანეთს.