ავტორი:

აფრიკელი მწვრთნელის ქართული ცხოვრება და აფრიკული ზღაპრები, რომელზეც ბრაიან იდოუ გაიზარდა

აფრიკელი მწვრთნელის ქართული ცხოვრება და აფრიკული ზღაპრები, რომელზეც ბრაიან იდოუ გაიზარდა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების" სერიაში 13 ივნისიდან "აფრიკული ზღაპრები" გამოსცა, რომელიც სავსეა აფრიკული სულითა და რიტმით, მათში აფრიკული კულტურის გულისცემა იგრძნობა. თითოეული ზღაპარი უნიკალურია და სხვადასხვა ამბავს გვიამბობს. ზოგიერთ აფრიკულ ზღაპარს დასასრული არ აქვს და მთხრობელი მკითხველს ეკითხება, თუ რა შეიძლება მოხდეს მისი აზრით...

აფრიკული ზღაპრები ისეთივე მდიდარია და მრავალფეროვანი, როგორც თვით ეს კონტინენტი და მისი მოსახლეობა, რომლის ცხოვრებაშიც ფოლკლორს დიდი ადგილი უჭირავს... ყველაზე ძველი და ამასთან, გავრცელებული ჟანრია ცხოველთა ეპოსი, რომლის პოპულარული გმირი სუსტი და დაუცველი ცხოველია და ეს კარგად გამოჩნდა, ჩვენ მიერ წარმოდგენილ თუნდაც ერთ-ერთ ზღაპარში.

ჯიხას პერანგი

ერთხელ დედამ ჯიხას პერანგი გაურეცხა და გასაშრობად გაფინა. სწორედ იმ დროს საშინელი ქარი ამოვარდა და პერანგი მოიტაცა. ეს რომ ჯიხამ დაინახა, მუხლი მოიყარა და ღმერთს გულმხურვალედ შეჰღაღადა: "მადლი შენ უფალო, რომ გადამარჩინე. კიდევ კარგი, ის პერანგი ზედ არ მეცვა, თორემ მეც ხომ თან წამიღებდა, ვინ იცის, სად გადამკარგავდა"...

უნამუსო ვაჭრის ძროხა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი. ამ კაცს ერთი კარგი მეწველი ძროხა ჰყავდა, წველიდა ძროხას, რძეში წყალს ურევდა და ყიდდა. ერთხელ, დიდი წვიმის დროს, საშინელი ნიაღვარი მოვარდა. ძროხა იმ ნიაღვარში მოყვა და დაიხრჩო.

დაღონდა ძროხის პატრონი. მისმა პატარა შვილიშვილებმა კი უთხრეს: "ეს ალბათ ის წყალი იყო, შენ რომ ყოველდღე რძეში ურევდი. ახლა სულ ერთად მოვარდა და ჩვენი ძროხა თან წაიღო..."

ეს ორი პატარა ზღაპარი სწორედ აღნიშნული წიგნიდანაა. აფრიკელი ხალხები ასულიერებენ მდინარეებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, მცენარეებს... ამრიგად ბევრი ამოუცნობი და საიტერესო რამ ხდება მათ ნამუშევრებში, რომელსაც მკითხველი ყოველთვის ინტერესით ეცნობა.

საქართველოში არაერთი აფრიკელი ცხოვრობს, მათგან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ფეხბურთელი ბრაიან იდოუ, რომელსაც თავის წარმომავლობასა და მისი ქვეყნის ფოლკლორზე ვესაუბრეთ.

"აფრიკაში მეც მიყვებოდნენ აფრიკულ ზღაპრებს ჩემი ოჯახის წევრები და ის ყოველთვის რაღაცას მასწავლიდა" - გვეუბნება ბრაიანი და ერთ ზღაპარსაც გვიამბობს, რომელიც ბავშვობიდან ახსოვს:

"იყო ერთი კაცი, რომელსაც ბევრი ცხვარი და ძროხა ჰყავდა. სულ იმის ეშინოდა, ლომი არ მოსულიყო და არ შეეჭამა მისი ცხვარ-ძროხა. ერთხელ დაიყვირა, - ლომი მოდისო. შეეშინდა გარშემო ხალხს და გაიქცნენ... მეორედ კიდევ გამოვიდა - ლომი მოდის და ისევ გააქცია მეზობლები. შემდეგ ლომი მართლა მოვიდა, კაცი ყვიროდა - ლომიო, მაგრამ მეზობლებმა აღარ დაუჯერეს. ეგ სულ გვატყუებდა და ახლაც ტყუილი იქნებაო და გარეთ აღარ გამოვიდნენ. ლომმა ამასობაში ყველა და ყველაფერი შეჭამა...

ზღაპარი ყოველთვის რაღაცას გვასწავლის და გვაფიქრებს. ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი და ზღაპრებს ყველა - ჩემი უფროსი და-ძმები მიყვებოდნენ. უმეტესად ჩემი და. მამას 14 შვილი ჰყავს, დედასთან კი სამი (მე და ჩემი ორი ძმა). ხშირად მახსენდება აფრიკაში გატარებული ბავშვობა.

ის რამდენადაც კარგი იყო, იმდენად - ცუდიც... მშობლები ადრე გარდამეცვალა. მანამდე სხვა ქალაქში გამიშვეს, სადაც დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, მერე ჩემს ქალაქში დავბრუნდი. თავიდანვე ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ დედას ჩემი ფეხბურთელობა არ უნდოდა, რადგანაც მამა იყო ფეხბურთელი და ამით დედა დიდად კმაყოფილი არ იყო. არადა, პატარაობიდან მამაჩემის ფეხბურთი ნანახი მქონდა და იქიდან მოყოლებული მიყვარდა ეს სპორტი.

დედას უნდოდა, სამედიცინოზე მესწავლა. აფრიკაში მშობლების უმეტესობას შვილების ექიმობა უნდათ. კი ვუჯერებდი მშობლებს, მაგრამ რაც მაგრად მიყვარს, იმ საქმეს გავყევი. ფეხბურთმა უფრო მომხიბლა" - გვეუბნება ბრაიანი.

უყვება თუ არა ზღაპარს თავის შვილს, ამაზე ასე გვპასუხობს:

"ჩემს შვილს ბებია უკითხავს ზღაპრებს. სანამ არ წაუკითხავს და მოუყვება, არ დაიძინებს. მე ვმუშაობ, სახლში გვიან ვბრუნდები და ლატიფას იმ დროს უკვე სძინავს... მინდა, რომ კარგი გოგო გამოვიდეს, რომ გაიზრდება პროფესიას, რაც მოეწონება, იმას აირჩევს. ჯერ პატარაა - 9 სექტემბერს 9 წლის ხდება, მალე ოქროს დაბადების დღე ექნება“ - გვიხსნის რესპონდენტი, რომელიც დღეს ქართველ ახალგაზრდებს ფეხბურთის თამაშს ასწავლის. ამბობს, რომ ბავშვები ძალიან უყვარს და საკმაოდ ბევრი მოსწავლე ჰყავს, მათი მეცადინეობით დიდ სიამოვნებას იღებს.

„მინდა, ისინი ისეთები გახდნენ, ქვეყნის ცხოვრებაში დიდი როლი შეიტანონ, დაეხმარონ საქართველოს. ზოგ ბავშვს პოლიტიკოსობა უნდა, მერობა, მინისტრობა. ვუსურვებ, რასაც მოინდომებენ, კარგად გამოუვიდეთ, რომ ამ ლამაზ ქვეყანას დაეხმარონ. ძალიან მაგარია საქართველო და ბავშვები მისი მომავლები არიან. კარგი მომავალი უნდა ჰქონდეთ. კარგი ლიდერები მსოფლიოსაც სჭირდება და ვისურვებ, მათ მსოფლიოშიც მიაღწიონ წარმატებას", - ამბობს ბრაიანი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა