ავტორი:

"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული

"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული

ბერძენი მწერალი აპოლონ როდოსელი აღნიშნავდა: "კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცის ცეცხლით დაწვა. არც ის არის წესი, მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. მათ ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენ და ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ". მსგავს ცნობებს გვაწვდიან ნიკოლოზ დამასკელი და კლავდიოს ელიანუსი... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დალი გიორგაძე საქართველოში გავრცელებული დაკრძალვის უძველეს და უცნაურ წესებზე გვესაუბრება:

- მიცვალებულის კულტის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს დაკრძალვა წარმოადგენს. კაცობრიობა ოდითგანვე დაკრძალვის სხვადასხვა წესს იცნობდა: წყალში, მიწაში, გამოქვაბულში, "ჰაერზე დაკრძალვა", მეორადი დაკრძალვა და სხვ. მიცვალებულის დაკრძალვის სხვადასხვა წესის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობდა ისტორიულ-გეოგრაფიული პირობები, ასევე ამა თუ იმ ხალხის ეთნიკური თავისებურებანი. შრომითი საქმიანობის სპეციფიკა, სოციალური სერტიფიკაციის დონე და სხვა. დაკრძალვის ფორმები მსოფლიოს ხალხებში იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად მათი განსაზღვრულ სისტემაში მოყვანა ძნელდება. დაკრძალვის წესს ვეცნობით როგორც არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალის, ისე ისტორიული წყაროებისა და სხვადასხვა ხალხის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული მონაცემების საშუალებით. ამჯერად ჩვენ ყურადღებას მიცვალებულის დაკრძალვის ხევსურეთში დამოწმებულ ერთ წესზე შევაჩერებთ. ხევსურებს დედათწესის მქონე ან მშობიარე ქალი "მირეულად" ანუ უწმინდურად მიაჩნდათ. ამიტომ ისინი მშობიარობის ან დედათწესის დროს გარკვეული პერიოდი განცალკევებით ცხოვრობდნენ. მათ დროებით სადგომს ქოხი, სამრელო, ბოსელი, ხოლო იქ მყოფ ქალს მექოხე, მებოსლე, მესამრელოე ეწოდებოდა. პირაქეთ ხევსურეთში სამრელო ანუ ქოხი სახლის მახლობლად იდგა. ეს იყო სიპი ქვით ნაშენი დაბალი, პატარა ნაგებობა, სადაც ორი ადამიანი ძლივს თავსდებოდა.

პირიქით ხევსურეთში კი, არხოტის თემში ჰქონდათ საერთო სამრელოები, სადაც ხშირად რამდენიმე დედათწესის მქონე ქალი იყრიდა თავს. სამრელოდან მებოსლე ქალი, სანამ იქ ყოფნის დრო არ ამოეწურებოდა და გარკვეულ წესებს არ შეასრულებდა, ოჯახში ვერ დაბრუნდებოდა. რაც არ უნდა დიდი გასაჭირი ყოფილიყო, მებოსლე ქალი წესს არ დაარღვევდა, რადგან ღრმად სწამდა, რომ ხევსურეთის ხატ-ანგელოზები გაჯავრდებოდნენ და მის ოჯახს გაანადგურებდნენ.

ირკვევა, რომ თუ "მექოხე დიაცი" გარდაიცვლებოდა, მას საფლავ-სამარეში ანუ საერთო სასაფლაოზე არ დამარხავდნენ. სასუდრე ტანსაცმელს მესუდრე ქალები ჩააცმევდნენ, დაქალებივე ჩაასვენებდნენ მიწაში, მამაკაცები მხოლოდ მიწას გათხრიდნენ. ჭირისუფლებთან ხალხი მივიდოდა და მიუსამძიმრებდა. სამრელოში გარდაცვლილს სახლში არ გადაასვენებდნენ, რადგანაც ის უწმინდურად ითვლებოდა და არც მამაკაცები მიეკარებოდნენ. სამრელოში გარდაცვლილისთვის ქოხის ახლოს დასაკრძალი ადგილი იყო გამოყოფილი. დასაფლავებიდან შვიდი თვის ან ერთი წლის შემდეგ მიცვალებულის ძვლებს ამოთხრიდნენ და ნეშტს საერთო სასაფლაოს ახლოს დაასაფლავებდნენ. ამბობდნენ: შვიდი თვის შემდეგ უკვე გაიწმინდებაო.

როდესაც ნეშტს სასაფლაოზე გადაიტანდნენ, ჭირისუფალს საკლავი უნდა დაეკლა და "გზანი და საფლავნი უნდა დაენათლა". დაკლავდნენ ცხვარს ან ხბოს, სისხლს ჯამით შეინახავდნენ და რომელი გზითაც მიცვალებული სასაფლაოზე გაატარეს, იმ გზასა და საფლავებს სისხლს მოასხურებდნენ. ვინც მიცვალებული წაასვენა, მათ "ხელებზე ასასხმელს" გამოუცხობდნენ და დანათლავდნენ, რადგან "მექოხე" დიაცს "შეერივნენ". ქოხში გარდაცვლილ დიაცს იმავე წესით უმზადებდნენ ყოველგვარ ხარჯებს, რა წესითაც სხვა მიცვალებულებს. თუ ახალდაბადებული ბავშვი ქოხში მოკვდებოდა, არც ის დაიმარხებოდა საერთო სასაფლაოზე. მასაც "მესამრელოე" ქალები ქოხის ახლოს გაუთხრიდნენ საფლავს და ისინივე დაასაფლავებდნენ. მოტირალი მიდიოდა ჭირისუფლის კარზე. დედაკაცები კი, სადაც ბავშვი და ბავშვის დედა იყო, იქ მიდიოდნენ და ტიროდნენ. თუ ქოხში დედას ძალიან ავად ჰყავდა ბავშვი და მისი მორჩენა საეჭვო იყო, ბავშვს გარდაცვალებამდე ქოხიდან ოჯახში შემოიყვანდნენ, რომ სული სახლში ამოსვლოდა და საფლავ-სამარეში დამარხულიყო.

- როგორც ვიცით, არსებობდა ჰაერზე (ხეზე) დაკრძალვის ტრადიცია...

- ჰაერში დაკრძალვის შესახებ ცნობები შემოგვინახა როგორც ანტიკური ხანის ისტორიულმა წყაროებმა, ასევე სხვადასხვა მოგზაურთა ჩანაწერებმა და ეთნოგრაფიულ ყოფაში, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს ზოგიერთ კუთხეში შემორჩენილმა ჩვეულებამ. უპირველეს ყოვლისა ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები უნდა აღინოშნოს. კოლხეთში ჰაერზე დაკრძალვის წესს ბერძენი მწერალი აპოლონ როდოსელი აღწერს:

"კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცის ცეცხლით დაწვა. არც ის არის წესი, მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. მათ ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენდა ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ. მსგავს ცნობებს გვაწვდიან ნიკოლოზ დამასკელიდა კლავდიოს ელიანუსი... დამასკელი წერს: კოლხები მიცვალებულებს კი არ მარხავენ მიწაში, არამედ ჰკიდებენ ხეებზე. ელიანუსის ცნობითაც "კოლხები გვამებს ტყავებში მარხავენ, გამოხვევენ მათში და ხეებზე ჰკიდებენ".

როგორც ჩანს, ძველ კოლხეთში არსებული წესი მიცვალებულის ამ სახით "დაკრძალვისა" არსებობას დიდი ხნის განმავლობაში განაგრძობდა. ამაზე შემდეგი საუკუნეების ცნობებიც მიუთითებს. კერძოდ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში აფხაზებში ჰაერზე დაკრძალვის ჩვეულებას აგვიღწერს ჯოვანი ლუკა, რომელიც მიუთითებს, რომ აფხაზები ტყეში ოთხ მაღალ ფიცარნაგზე დადგამდნენ ხისგან გამოჩორკნილ კუბოს და მიცვალებულებს იქ ტოვებდნენ. ასეთივე წესს აგვიწერს არქანჯელო ლამბერტი: "აფხაზებს აქვთ ერთი შესანისნავი ჩვეულება, სახელდობრ ის, რომ მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე. გამოღარავენ ხის ღეროს კუბოს მსგავსად, შიგ ჩადებენ მიცვალებულს და ვაზისმაგარი ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვეროზე...".

მეთვრამეტე საუკუნის ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: "აფხაზები არა დაჰფლავენ მკუდართა თვსთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღით და შესამოსლითა შთასდებენ კუბოთა შინა და შესდგამენ ხეთა ზედა".

ხეზე დაკრძალვს ჩვეულება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის აფხაზებში მხოლოდ გადმონაშთის სახით შემონახულა და მეხის დაცემით დაღუპულთა მიმართ გამოიყენებოდა. ჩვენს დრომდე აფხაზები მეხდაცემულებს დებდნენ მაღლა ხის ბოძებზე გადებულ ფიცარნაგზე იმ დრომდე, ვიდრე კუბოში მიცვალებულის ძვლები არ დარჩებოდა და მერე მარხავდნენ.

მეტად მნიშვნელოვანია მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა გურიიდან. სოფელ ქვემო კინჩხში, აკლდამის თავზე ძველთაძველი ეკლესია იდგა. ამ ეკლესიასთან ურთხელის ხეები იდგა. კაცი რომ მოკვდებოდა ხარის ნედლ ტყავში გაახვევდნენ, რომ წვიმას არ გაეტანა და ამ ხეზე ჩამოკიდებდნენ. ხორცი რომ გამოდნებოდა, ძვლები დარჩებოდა და მერე ამ ძვლებს საძუალეში დააწყობდნენ. ერთ აკლდამაში 10-15 საგვარეულოა.

ჰაერზე დაკრძალვის ერთ-ერთ სახედ გ. ნიორაძეს ხევსურეთი მიაჩნდა. იგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ წესის წარმოშობა უნდა მიეწეროს იმ დროს, როდესაც გვამის მიწისთვის მიბარება ცოდვად ითვლებოდა.

მთავარი ფოტო: აკლდამიდან გამოტანილი ადამიანის ჩონჩხი, რომელზედაც ტანისამოსი ჯერ კიდევ შემორჩენილია

ხევსურეთი - 1930-იანი წლები

წყარო: გიორგი თედორაძის წიგნი "ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ