ავტორი:

"ათი წელი დამჭირდა, რომ საქართველო ბოლომდე შემეგრძნო" - ლატვიელი ჟურნალისტი, რომელმაც აფხაზეთის ომზე წიგნი დაწერა

"ათი წელი დამჭირდა, რომ საქართველო ბოლომდე შემეგრძნო" - ლატვიელი ჟურნალისტი, რომელმაც აფხაზეთის ომზე წიგნი დაწერა

25 წელი სოხუმის დაცემიდან - ეს არა უბრალოდ რიცხვები, არამედ სევდის, სახლის, წარსულის მონატრების დროა, რომელიც არასდროს გაუნელდებათ მათ, ვისაც აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად ახალი ცხოვრების დაწყება მოუწიათ.

აფხაზეთის ოკუპაციის საკითხი რომ ისევ ძალიან მტკივნეული და მძიმეა, ამას არტურ იურკევიჩისა და მალხაზ ჯაჯანიძის ავტორობით შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოები „დამარხული ვაზიც“ მოწმობს.

წიგნში, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L“-მა ცოტა ხნის წინ გამოსცა, სრული სიზუსტითაა გადმოცემული ფაქტები, რომლებიც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციისას მოხდა და ის ემოციები, რომლებსაც ომს გამოქცეული ათასობით დევნილი განიცდიდა.

ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, რეალურად მოხდა. ომის შედეგად, 16 წლის მახოსა და მის მეგობრებს მშობლიური კერის მიტოვება მოუხდათ და სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად, იარაღის ხელში აღება გადაწყვიტეს. მალხაზის უფროსი ძმა ბრძოლით მიიკვლევდა გზას გასაჭირში ჩავარდნილი უმცროსი ძმის დასახსნელად.

წიგნში ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს, ეს არის ადამიანურ განცდებზე, ტკივილზე, მონატრებაზე აგებული ნაწარმოები, რომელმაც შეუძლებელია, ვინმე გულგრილი დატოვოს.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ლატვიელმა მწერალმა, საქართველოში მომხდარი ისტორიული მოვლენების გავლენით წიგნი შეექმნა? არტურ იურკევიჩი ჩვენს ქვეყანაში 2009 წელს სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა, საქართველო თავდავიწყებით შეუყვარდა და აქაურობის შესახებ ბევრი რამეც შეიტყო.

მისი გამოცდილების, განცდების, ნაწარმოების შექმნის პროცესისა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შესახებ არტურ იურკევიჩმა AMBEBI.GE-ს თავად უამბო.

- როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა გამომცემლობა „პალიტრა L”-თან?

- ამისთვის მადლობა არაჩვეულებრივ მწერალსა და ადამიანს, დათო ტურაშვილს უნდა გადავუხადო. თავის დროზე მე წავიკითხე მისი ფართოდ ცნობილი რომანი „ჯინსების თაობა“ და მონუსხული ვიყავი იმით, თუ როგორ ოსტატურად ყვება ის დოკუმენტურ ისტორიას მხატვრული მეთოდების გამოყენებით. ვინაიდან მე თავად ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტიკით დაკავებული და მიყვარს ისტორია და საარქივო დოკუმენტებთან მუშაობა, ყოველთვის ვიაზრებდი „ფაქტების“ ძალას. მაგრამ მხატვრულ მონათხრობში ეს ძალა გაათმაგებით იგრძნობა.

დათო „დამარხული ვაზის“ ხელნაწერის ერთ-ერთი პირველი მკითხველი გახდა. რომანით აღფრთოვანებულმა მითხრა, რომ იმ ომზე დაწერილი, უკეთესი არაფერი წაუკითხავს და თავად გადაწყვიტა წიგნის გამომცემლობისთვის შეთავაზება. მის მოწოდებას მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური გამოეხმაურა, რომელმაც ისტორიის წაკითხვის შემდეგ თქვა, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ უფლება გვერდი აუარონ ამ წიგნს.

მაია ალუდაურმა ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული იმისთვის, რომ წიგნი შემდგარიყო. მადლობა მას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ეხმარებოდნენ წიგნს არა მხოლოდ პროფესიონალური ვალდებულებების, არამედ ისტორიისგან მიღებული სულიერი ემოციების მამოძრავებელი ძალით.

- რა ინფორმაცია გქონდათ საქართველოს შესახებ, სანამ წიგნზე მუშაობას დაიწყებდით? იცოდით თუ არა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ს ოკუპაციის შესახებ?

- როგორც აღმოჩნდა, საქართველოს შესახებ ჩემს პირველ ჩამოსვლამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ამავდროულად ვიცოდი ყველაზე მთავარი. კულტურა - ესაა საუბრის ფორმა, თანაც საუკეთესო შესაძლებელთა შორის, იმიტომ, რომ ის გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ყველაზე მთავარზე, ისეთ რამეებზე, რომლებსაც ყოველდღიურ საუბარში ვერ შეეხები.

ჩემთვის საქართველო კინოთი დაიწყო: მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი ფილმებით, ოთარ იოსელიანის არაჩვეულებრივი ლენტებით და ყველაფერი იმით, რასაც კინოში რეზო გაბრიაძე აკეთებდა, გიორგი დანელიასა და ელდარ შენგელაიასთან ერთად. ყველა მათგანმა ერთად და სათითაოდ აღმომაჩენინეს უცნობი, თითქმის ზღაპრული ქვეყანა დასახლებული გასაოცარი ადამიანებით: მკვეთრი, მხიარული, ხელგაშლილი, მომღერალი, რაინდულ ქმედებებზე წამსვლელი, წარმოუდგენელი ჩემი ჩრდილოეთ სამშობლოსთვის. ეს ქვეყანა კი არა, ერთი დიდი „შერეკილების“ ოჯახი იყო, შეკრებილი უზარმაზარი მაგიდის გარშემო.

აღმაფრთოვანეს ამ ადამიანებმა, გამიჩინეს სურვილი მიმებაძა მათთვის და რაც შეიძლება მალე გავმხდარიყავი იმ ქართული სულის უსასრულო დღესასწაულის ნაწილი, რომელიც ამ ფილმებში იყო წარმოდგენილი.

მე დავუჯერე გაბრიაძეს, დანელიას, იოსელიანს და ყველა დანარჩენს და გავემგზავრე საქართველოში.

და იცით, რა აღმოჩნდა? რომ მათ არ მოვუტყუებივარ. თითქოს მართლაც ჩემს საყვარელ ფილმში - „არაჩვეულებრივი გამოფენა“ აღმოვჩნდი. აღმოვჩნდი იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ფიქრის გამოსახულებით, ჟესტებითა და ერთმანეთთან ურთიერთობით ამტკიცებენ, რომ ადამიანი სამყაროს საუკეთესო მომენტებში შეიცნობს და რომ ცხოვრება - ეს არის მისდამი სიყვარულში გამოტყდომა.

სწორედ ამ სიყვარულით, ამ ინტერესითა და ყურადღებით დავიწყე წიგნის, სახელწოდებით „საქართველო“ ყოველი გვერდის ფურცვლა და მისი ისტორიის არა მხოლოდ ბედნიერი, არამედ უბედური დღეების შესწავლა. მიუხედავად ქართველების მცდელობებისა მოუყვნენ მსოფლიოს თავიანთი ტკივილის შესახებ და იმის შესახებ, რაც თუნდაც აფხაზეთის ომში მოხდა, საკმაოდ რთულია: მსოფლიო - დიდი გუნდია და საქართველოს ხმა მასში განუმეორებელია, თუმცა მისი გაგონება არც ისე ადვილი.

- აღწერეთ წიგნზე მუშაობის პროცესი, როგორი ის ემოციები, რასაც წერის პროცესში განიცდიდით?

- იცით, რიგის ერთ-ერთ ცენტრალურ ბულვარში, მემორიალური დაფა კიდია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ციტატით: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. ეს წიგნი ქვეყანას ჩემი მალხაზ ჯაჯანიძესთან მეგობრობის შედეგად მოევლინა. მე ის 10 წლის წინ გავიცანი, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი. ჩვენ მალევე დავმეგობრდით, ხშირად ვატარებდი დროს მასთან სტუმრობაში, მაგრამ ისეთი ნდობის მისაღწევად, რომელიც მისი სულის ყველაზე სათუთი კუნჭულის, მისი პირადი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ნაწილის შესაცნობად იყო საჭირო, ბევრი წელი დაგვჭირდა.

ის, რისი გადატანაც მას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აფხაზეთში საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდა, იმდენად მტკივნეულია, რომ მიუხედავად განვლილი წლებისა უბრალოდ ადამიანურად რთულია მოყოლა: შესაძლოა გამოიწვიო თანაგრძნობა, მაგრამ რთულია ვინმემ გაგიგოს. ამიტომ, როდესაც მალხაზმა საკუთარი ისტორიის გაზიარება გადაწყვიტა, ეს ჩემთვის ჭეშმარიტი და ფასდაუდებელი გულწრფელობა აღმოჩნდა.

ამის გაგება მართლაც რთულია: რატომ ცხოვრობენ მის სახლში უცხო ადამიანები იქ, სადაც წასვლის უფლებაც, მაგალითად მე მაქვს და მას - არა? ეს არ გტოვებს გულგრილს. მონათხრობმა იმდენად შემძრა, გადავწყვიტე მის მშობლიურ სოფელში წავსულიყავი, დავმდგარიყავი მისი დანგრეული სახლის ზღურბლზე და დავკონტაქტებოდი ნათესავებს, რომლებთანაც მალხაზს ალახაძის დატოვების შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია. მე ეს გავაკეთე.

როდესაც მალხაზის ბიძასთან ვიყავი სტუმრად და მისი სახე დავინახე, პირველი სატელეფონო საუბრისას - 26 წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს ემოციები უბრალოდ არ შეიძლებოდა უთქმელად დარჩეს; რომ მალხაზის ისტორია აუცილებლად უნდა იქნას მოყოლილი იმისთვის, რომ დევნილებისა და ომგამოვლილი ადამიანების თითოეულმა საბედისწერო ამბავმა, მის ისტორიაში ანარეკლი იპოვოს.

- წიგნზე მუშაობას რა დრო დასჭირდა?

- გააჩნია, როგორ დავითვლით. უშუალოდ წიგნის წერის პროცესი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ წიგნი მხოლოდ შავი ნაწერიდან გადათეთრებული სიტყვების რაოდენობა არ არის. ესაა მთელი დაგროვილი გამოცდილება: როგორც პირადი, ისე სხვისი. ჩემთვის წიგნის წერა საქართველოში ჯერ კიდევ პირველი ჩამოსვლისას დაიწყო. თითქმის ათი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ საქართველო ბოლომდე შემეგრძნო, შემეცნო მისი ცხოვრების წესი და ჩავფლულიყავი გარემოცვაში. მალხაზს ამის საჭიროება არ ჰქონდა, მან თავად იცხოვრა ამ ისტორიით. მისთვის ჩვენი შემოქმედებითი პროცესის სიმბიოზი ემოციური თვალსაზრისით იყო რთული: თავიდან გამოიწვიო შენს მეხსიერებაში ყველაფერი ის, რის დავიწყებასაც ამდენი წელი ცდილობ.

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ნამდვილი შემოქმედებითი დუეტი გამოგვივიდა საერთო მიზნით: დაგვეწერა არა უბრალოდ ემოციური მონათხრობი იმ მოვლენებზე, არამედ მაქსიმალურად ობიექტური, გაწონასწორებული ისტორია, რომლის მაგალითზე ადამიანებს შეეძლებათ გაიხსენონ ბანალური ჭეშმარიტება, რომელიც ასე ხშირად ავიწყდებათ: მთელი ძალით უნდა ვეცადოთ ომის თავიდან არიდებას, იმიტომ, რომ ომგამოვლილთათვის ის არ მთავრდება ბოლო გასროლილი ტყვიით და მათ სიცოცხლის ბოლო წუთამდე თან სდევს.

- ქართველი მკითხველისგან რა მოლოდინები გაქვთ?

- ქართველი მკითხველისგან მხოლოდ ერთი მოლოდინი შეიძლება მქონდეს, რომ ისინი გადაშლიან ამ წიგნს და წაიკითხავენ, იმიტომ, რომ ის მათთვის დაიწერა. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ვინც წიგნის გადაშლა გადაწყვიტა, ვერავინ მოახერხა მისი გადადება. არაერთმა მკითხველმა წაიკითხა 480 გვერდი ერთ დღე-ღამეში. მაგალითად, კინოსა და თეატრის ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა, გოგი ხარაბაძემ.

წიგნი - ესაა საუბარი ავტორსა და მკითხველს შორის ყველაზე მთავარზე, ხოლო ლიტერატურა - ხერხი გააცოცხლო საკუთარი თავის უცნობი ნაწილი, მიიღო გამოცდილება, რეალობაში განცდის გარეშე და ამგვარად გაიგო რაღაც ახალი საკუთარ თავზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სული სასახლეა უამრავი ოთახით. და თითოეულ მათგანში შუქია ჩამქრალი. ამგვარად, ყოველი წაკითხული წიგნი სინათლეა, რომელიც ამ ოთახში ინთება და თქვენ იგებთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის თქვენში იყო.

- თუ მიიღეთ უკუკავშირი მკითხველისგან და როგორია ის?

- მე და მალხაზი უსაზღვროდ მოხარულები ვართ იმ შთამბეჭდავი გამოხმაურებების გამო, რომლებიც წიგნის გამოსვლას მოჰყვა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ უკრანიაშიც, სადაც წიგნის უკრანიული თარგმანი უკვე გამოიცა. ინტერესი და წარმატება, რომელიც წიგნს უკრაინაში სდევს თან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი ერის სიახლოვეს, რომელთაც შავი ზღვის გარდა, საერთო უბედურებაც აერთიანებს.

ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელსაც მკითხველი თავის შეფასებებში იყენებს ესაა „ადამიანური“. ჩვენ ძალიან გვინდოდა დაგვეწერა ობიექტური, აპოლიტიკური ამბავი ერთ პირად, მაგრამ ათასობით ადამიანისთვის დამახასიათებელ საბედისწერო ისტორიულ ამბავზე იმისთვის, რომ მიუხედავად თემის სიმძიმისა, ის გამოსულიყო ადამიანური, შეძლებისდაგვარად ნათელი და ლირიული; იმისთვის, რომ მასში ყოფილიყო ადგილი ყველაფრისთვის, რაც ადამიანის ცხოვრებაშია და არა მხოლოდ მწუხარებისთვის.

ვფიქრობ, რომ წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ისაა, რომ ომი 16 წლის მოზარდის თვალითაა დანახებული: სუფთა, სრულიად უდანაშაულო, სამყაროსადმი გახსნილი ბიჭისა, რომელიც იძულებულია გაიაროს ყველა ეს კოშმარი „დიდური თამაშებისა“. ასეთი ბავშვი თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს და ჩვენ სწორედ მას მივმართავთ!

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა