ავტორი:

"მადლობა, რომ შვილი მაჩუქეთ!" - როგორ ცხოვრობს დღეს პატარა თუთა, რომელიც უმძიმესი დაავადებისგან მთელმა საქართველომ იხსნა

"მადლობა, რომ შვილი მაჩუქეთ!" - როგორ ცხოვრობს დღეს პატარა თუთა, რომელიც უმძიმესი დაავადებისგან მთელმა საქართველომ იხსნა

პატარა თუთა ცქიტიშვილის ამბავი ალბათ ყველა თქვენგანს ახსოვს... წლინახევრის ლურჯთვალება გოგონას ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა და დახმარების სურვილით გააერთიანა. წლების წინ, პატარას მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და საზღვარგარეთ სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა.

უმძიმეს სენთან მებრძოლი თუთა მალე სამი წლის გახდება. თუ როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ AMBEBI.GE გოგონას დედას, ანი ბერიშვილს ესაუბრა:

- თუთა 11 ივლისს 3 წლის გახდება და ამისთვის მადლობა მთელ საქართველოს მინდა გადავუხადო, ასევე ქვეყნის მიღმა მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომელიც მატერიალურად და სულიერად გვედგა გვერდით! მადლობა, რომ შვილი მაჩუქეთ და მადლობა ყველას რომ, ეს ერთადერთი ბედნიერება ისევ ჩემია!

- როგორია თუთას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვმა სიმსივნე დაამარცხა?

- დიახ, დაამარცხა, ახლა დაცვით ქიმიას იღებს, რათა შევამციროთ რეციდივის ალბათობა, რადგან ამ ვერაგ დაავადებას სჩვევია დაბრუნება...

თუთა 2018 წლის ოქტომბრიდან იღებს ორი სახის ქიმიოთერაპიას, ამ ეტაპზე ყოველდღიურად გაზრდილი აქვს დოზები, რადგან მისი სხეული არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვა, ერევა ქიმიას და კვირაში ერთხელ იღებს სხვა სახეობის ქიმიასაც.

გარდა ამისა, სისხლის კონტროლს გადის კვირაში ერთხელ. საკმაოდ რთულია პატარა გოგოსთვის, მაგრამ ძალიან ყოჩაღია და თვითონაც მიეჩვია პროცედურებს ასე თუ ისე. წელიწადნახევარი უნდა გაიაროს ქიმიოთერაპიის კურსი, შემდეგ კი 6 თვე აცრების გარეშე გვეყოლება, მხოლოდ ამის მერე შეძლებს ბაღში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თავისუფლად, თამამად სიარულს.

მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილი ქიმიის ფონზე დაიტვირთა ღვიძლი, რაც პერიოდულად ხელს გვიშლის, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერს მოვერევით ერთად.

- მხოლოდ ქიმიას უკეთებთ თუთას, თუ სხვა მედიკამენტებსაც სვამს?

- სხვა მედიკამენტებით, მხოლოდ მაშინ, თუკი ქიმია სხვა ორგანოების დაზიანებას იწყებს.

- ქიმიოთერაპია გიფინანსდებათ, ფინანსურად გეხმარებათ ვინმე?

- ამჯერად უშუალოდ ქიმია არ უფინანსდება, რადგან ეს ტაბლეტურია და გადასხმებს არ საჭიროებს, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით იღებს ყველაფერს.

- როგორია უმძიმეს სენთან მებრძოლი პატარა გოგონას ერთი ჩვეულებრივი დღე?

- მუდმივად დეზინფექციას მივმართავთ. ვერ დადის დაბადების დღეებზე და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში, ყველაფერი არ ეჭმევა, მაგრამ ისეთი ბავშვია, ამას საერთოდ ვერ შეამჩნევთ. ენერგიული, უზომოდ მხიარული და თბილია, ყველაფერი ესმის, როცა ვუხსნი, რა რატომ არ შეიძლება, გულისყურით მისმენს და ყველაფერს ასრულებს.

- თუ ეხმარებით მორალურად მშობლებს, რომლებიც თქვენსავით აღმოჩდნენ რთულ მდგომარეობაში, ალბათ ბევრი ადამიანი მოგმართავთ კითხვით, როგორ მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში...

- დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი შემეხმიანა თუთას ამბების მერე, სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემებით... ზოგს რჩევა მივეცი, ზოგთან ერთად მთელი ბრძოლა ხელახლა გავიარე... ვერ აღგიწერთ, თითოეული ადამიანის მსგავს ამბავზე შემომავალი ზარი რამხელა ტკივილია ჩემთვის.

უძნელესი გადასატანია, ვიცი, მაგრამ ძალიან ყოჩაღად და ძლიერად დგომას ვუსურვებ ასეთ სიტუაციაში მყოფ მშობლებს! არ შე უშინდნენ არანაირ სირთულეს. ჩათვალონ რომ, ეს დაავადება სტუმარია და როგორც მობრძანდა, ისევე უნდა გავაცილოთ, აგრესიის და ცრემლების გარეშე...ვიცი სიგიჟედ მოგეჩვენებათ, მაგრამ ჩემი შვილის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის განწყობას!

გაძლიერდნენ, გაივლის ტკივილები და სხვა უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება მათ ცხოვრებაში... მე მჯერა, რომ ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანები განსაკუთრებულები არიან, როგორც აღმოჩენისას, ასევე მთლიანი სიძნელეების გავლის და გადალახვის შემდეგაც, რადგან ისინი გადიან ურთულეს გზას, რისთვისაც ადამიანი მზად ვერასდროს იქნები...

ავტორი: რუსკა კილასონია

საპატრულო პოლიციის უფროსის სიურპრიზი 15 წლის მოზარდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაჭრეს (ფოტო)

"სოციალური ქსელებით ვრცელდება დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი, არ აყვეთ პანიკას!" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

2019 წლის დისპეჩერი - ვინ არის 112-ის თანამშრომელი, რომელიც შს მინისტრმა დააჯილდოვა