ავტორი:

დაკარგული ჰასკის პოვნისთვის 1000-ლარიანი ჯილდო დააწესეს - ძაღლის პატრონი დახმარებას ითხოვს

დაკარგული ჰასკის პოვნისთვის 1000-ლარიანი ჯილდო დააწესეს - ძაღლის პატრონი დახმარებას ითხოვს

ლაქი 3 წლის ჰასკია, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ, მოსიყვარულე პატრონთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობდა. მას არც რაიმეს სწავლას აიძულებდნენ და არც არასდროს დაუბამთ, ყოველთვის ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიჩნეოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევის გამო, დაიკარგა. ლაქის თავისი პატრონი, 26 წლის ნინო ჩოქურია ერთი თვეა, უშედეგოდ დაეძებს.

როგორც ნინო ჩოქური AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს, ოთხფეხა მეგობრის გარეშე არცერთი დღე არ გაუტარებია. 3 წელია, დღე და ღამე ერთად არიან, დასასვენებლადაც კი არ წასულან, იმიტომ, რომ დაუმორჩილებელი ხასიათის გამო, ლაქის სოფელში მეზობლები არ შეეწუხებინა.

შემთხვევა 21 მაისს მოხდა. ნინოს ბებიას სხვა ძაღლისთვის ეზოში საჭმელი უნდა დაესხა, როცა კარი გააღო და ლაქი ქუჩაში გაიქცა. ნინოს თქმით, მსგავსი მცდელობა აქამდეც ჰქონია, თუმცა ორთაჭალას და თავის უბანს არ გასცილებია, ამიტომ ყოველთვის, აბრუნებდნენ ხოლმე. ნინო ვარაუდობს, რომ ლაქი გამვლელმა მანქანაში ჩაისვა და უკან სწორედ ამის გამო აღარ დაბრუნდა.

"როცა ლაქი დაიკარგა, სახლში არ ვიყავი. ბებიას უნდა გაეტანა ჩვენი უბნის ძაღლისთვის საჭმელი, რომელსაც ჩვენ ვაჭმევთ ხოლმე, სახლის წინ გვაქვს ჯამები დადგმული. როცა კარი გააღო, ლაქი სწორედ იმ დროს გაექცა. მან ძალიან კარგად იცის სახლის მიმდებარე ტერიტორია, მთელ უბანს იცნობს და ყველამ იცის, რომ ჩემი ძაღლია. უბანში არასდროს არ დაგვიკარგავს.

ბევრჯერ გაქცეულა და თუნდაც, მე რომ არ ვყოფილვარ უბანში, უკან მოუყვანიათ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ლაქი ერთი დღით მაინც დაგვეკარგა. იმ დღეს არ ვიცი, რა მოხდა, სავარაუდოდ, მოძრავი მანქანა დაინახა, შეეშინდა და გაიქცა ჩვენს ზედა ქუჩაზე. აღნიშნულ ქუჩაზე ძალიან ბევრი ავტომობილი მოძრაობს და არ არის გამორიცხული, რომ დაიჭირეს და ჩაისვეს. ყველა მხარეს ვეძებე. რომელ ქუჩაზეც ლაქი ავიდა, იქიდან უკან აღარ ჩამოსულა, გარეთ მყოფებს როცა ვკითხე, მითხრეს, რომ არაფერი დაუნახავთ", - იხსენებს ძაღლის პატრონი.

თითქმის ერთი თვეა, ნინო მეგობრებთან ერთად რამდენიმე კილომეტრს ფარავს, რომ ძაღლი იპოვოს, იმედი აქვს, რომ დაიბრუნებს. ნინოს თქმით, ლაქის დაკარგვის შემდეგ ბევრი ადამიანი გაიცნო, რომლებმაც მისი გასაჭირი გულთან მიიტანეს და გვერდით დაუდგნენ.

"არ ვიცი, ამ ადამიანებს მადლობა როგორ გადავუხადო. ისინი ჩვენ გვერდით არიან და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა, არცერთს არ უთქვამს, რომ დაიღალდნენ ან ლაქის პოვნის იმედი აღარ აქვთ. არ ვიცი, რით დავიმსახურე ამდენი ადამიანის ასეთი თანადგომა. ლაქი ალბათ სახელს ამართლებს და მართლა იღბლიანია, რადგან ამდენი ადამიანი მისთვის გაერთიანდა და ყველა ერთად ეძებს. ბევრი ძაღლი დაკარგულა, ყველას გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ამხელა თანადგომა (არა მხოლოდ მორალური კუთხით) არ მინახავს. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის", - აღნიშნა ნინომ.

ნინო ეჭვობს, რომ ლაქი უცხო პატრონთან ვერ გაძლებს, რადგან დაბმას მიჩვეული არ არის. თავის პატრონს კი იმდენად იყო შეჩვეული, რომ სახლიდან გასვლის დროს "ტირილით აცილებდა". 3 წლის ძაღლის გაწვრთნა უცხო ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება.

"მე ლაქი არ გამიწვრთნია, თავისუფალი ხასიათის ძაღლია, არ არის აგრესიული, არასდროს არავის არ ერჩის, ცოტა მშიშარაც არის, ვიღაცამ მისთვის რამის დაშავება რომ მოინდომოს, მაშინაც არ გადავა აგრესიაზე. არ მიყვარს, როცა ძაღლებს რაღაცების სწავლას აიძულებენ. მერჩივნა, რომ ყოფილიყო თავისუფალი, ლაღი ძაღლი. ერთადერთი, რაც თვითონ ისწავლა, იყო კარის გაღება. თუ ვინმემ მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა, არ მესმის, როგორ არ აწუხებთ თვითონ ლაქის ტირილი. მე რომ გავდიოდი სახლიდან, ისეთ ამბავს ატეხდა ხოლმე, რომ მისი ტირილით მთელი უბანი წუხდებოდა", - აღნიშნავს ნინო.

ნინო ერთგული მეგობრის დაკარგვას ძალიან განიცდის. წუხს, რადგან მიაჩნია, რომ ლაქი შეიძლება, არასათანადო პირობებში აღმოჩნდა და ამის გამო იტანჯება.

"რომ წვიმს, გული მისკდება. იქნებ სადმე ეზოში ჰყავთ დაბმული და სველდება. რომ წვიმდა, ჩემს ლოგინზე დაწვებოდა, პლედში გაეხვეოდა და ეძინა ხოლმე. იქნებ სცემენ კიდეც და დაშინებულია. არ ვიცი, იმდენ რამეს ვფიქრობ, ლამის გული გამისკდეს. შეიძლება, სადმე სოფელშიც ჰყავთ. იქ რომც გაიქცეს, ჩემამდე მაინც ვერ მოვა. არ ვიცი, სად ვეძებო, ყველგან ვეძებ, მაგრამ უკვალოდ არის გამქრალი", - აღნიშნა ნინომ.

ლაქის პოვნისთვის ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა 1000 ლარიანი ჯილდოც დააწესა. ნინომ და მისმა მეგობრებმა დაკარგული ჰასკის ფოტოები თბილისის თითქმის ყველა უბანში გამოაკრეს.

"ჯილდო გვაქვს დაწესებული, ანიტა საოცარი ადამიანია და მისი მადლობელი ვარ. ძაღლი სტერილურია, ვერ გაამრავლებენ. ლეკვების გასაჩენად და გასაყიდად რომ უნდოდეთ, ამისთვისაც ვერ გამოდგება, რადგან ერთხელ შევაჯვარე, ინფექცია შეეჭრა და სტერილიზაციის გაკეთება მოგვიხდა, რომ სიმსივნეში არ გადასულიყო.

თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ ვეძებთ, არ ვიცი, რა მიზეზით არ გვიბრუნებენ. აზერბაიჯანის საზღვარზეც კი ვიყავით, რადგან იქაც გადაჰყავთ ძაღლები და ყიდიან, განცხადებები დავტოვეთ, გავაკარით. გვირეკავენ ხოლმე და გვეუბნებიან, რომ დაინახეს, მერე მივდივართ იმ ტერიტორიაზე და იქ აღარ გვხვდება", - აღნიშნავს ნინო.

ლაქის დაბრუნების იმედი ნინოსა და მის მეგობრებს არ გადაუწურავთ. ფიქრობენ, რომ ამდენი ძალისხმევითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ერთ დღეს ის აუცილებლად გამოჩნდება.

თუ ჰასკი ლაქის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ დარეკეთ ნომერზე - 557 67 30 65

ბერა ივანიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან

"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე

ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდია ორი კვირის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ უნდა იყოს