თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 250-მდე ადამიანი, მათ შორის 33 ჟურნალისტი,რომელთაც დაზიანებები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების რეპორტიორებთან ერთად, დაშავებულები არიან „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალი „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს ძირითადად, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ, რომელსაც შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი იყენებდა საპროტესტო აქციის დაშლისას.
დაზიანებების ხასიათი და ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ჟურნალისტების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და შესაძლოა, დამდგარიყო უფრო მძიმე შედეგიც.
არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჟურნალისტები ნებისმიერი მწვავე და სახიფათო სიტუაციის გაშუქებისას იმყოფებიან მოვლენების ეპიცენტრში, რათა ზუსტად და შეუფერხებლად ასახონ და საზოგადოებას მიაწოდონ მათ წინაშე განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, მათ მუშაობა უწევთ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში.
მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.
მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ყველა ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება კანონის ნორმების დაცვა თავად სამართალდამცავი უწყებების მხრიდან და ხელისუფლების დეკლარირებული დამოკიდებულება დემოკრატიის ნორმებისადმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა.