ავტორი:

რატომ არიან მობილიზებული სამართალდამცველები ივანიშვილის რეზიდენციასთან - დიმიტრი ხუნდაძის განმარტება

რატომ არიან მობილიზებული სამართალდამცველები ივანიშვილის რეზიდენციასთან - დიმიტრი ხუნდაძის განმარტება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართალდამცველები იმიტომ არიან მობილიზებული, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაჟღერდა, თითქოს ისინი სწორედ ივანიშვილის სახლთან აპირებენ აქციის გამართვას.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სამართალდამცავების მობილიზების ერთ-ერთი მიზეზი მომიტინგეების უსაფრთხოების დაცვაა.

"სამართალდამცავი ორგანოების პირველი ვალდებულება არის სამართლის, უსაფრთხოების დაცვა, ვისაც არ უნდა ემუქრებოდეს საფრთხე. აქციაზე არაერთხელ გაჟღერდა, რომ ისინი აირჩევდნენ სხვადასხვა მისამართს. აქედან ერთ-ერთი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლი და რომ იქ მოაწყობდნენ აქციას. ამიტომ ეს ხდება უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ტერიტორიის, არამედ იმ მომიტინგეების, რომლებიც აპირებენ და თუ დააპირებენ იქ სტუმრობას. ამიტომ ვფიქრობ, ამაში არათუ ცუდი არაფერია, არამედ ვალდებულებაცაა სამართალდამცველების, რომ უზრუნველყონ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას უსაფრთხოება და აღკვეთონ ძალადობა, თუკი ამას ექნება ადგილი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, რომ უკვე რამდენიმე დღეა აქცია მიმდინარეობს და რატომ გადაწყდა, რომ მაინცდამაინც დღეს დამდგარიყო ბიძინა ივანიშვილის სახლთან სპეცდანიშნულების რაზმი, დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს, რომ მას მანამდე ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის მოწოდება არ სმენია.

„მე არ მსმენია, მანამდეც თუ იყო ასეთი მოწოდება, მაგრამ სამართალდამცავები ალბათ, როცა რეალურ რისკს ხედავენ, რომ შესაძლოა გაჩნდეს დაძაბულობის ადგილი და იყოს საჭიროება მათი ჩართულობის, რომ დაიცვან უსაფრთხოება ყველა მხრივ და არა რომელიმე ერთი ობიექტის, ერთი ჯგუფის ან ერთი ადამიანის, შესაბამისად მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ეს არის მათი ვალდებულება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, დღეს ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდთან შეხვედრაზე არ ყოფილა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."