ავტორი:

გიორგი მარგველაშვილი აქციაზე  - კობახიძე -"ეტა რაზ", გახარია - "ეტა დვა"!

გიორგი მარგველაშვილი აქციაზე  - კობახიძე -"ეტა რაზ", გახარია - "ეტა დვა"!

კობახიძე -"ეტა რაზ", გახარია - "ეტა დვა"! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ისტორია ყველაზე ამაყი სიტყვებით, თუმცა სისხლით იწერება.

"საქართველოს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი"... აი, ასე იწერება ეს ისტორია, რომელიც იქნება ძალიან კარგი. ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი ერთი მეგობარი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ, ის აქ იქნებოდა და მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა იყო, რომელიც ცოტა მაშინებდა ყოველთვის, მაგრამ ძალიან ძლიერი ფრაზაა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით. და ეს სისხლი აქ დაიღვარა, ეს სისხლი დღეს საწინდარია იმისა, რომ თქვენ იქნებით გაერთიანებულები, არ შეგეშინდებათ, რომ ამით შედუღაბებულები ხართ ერთმანეთთან და მომავლის წინაშე. 30 წლის წინ ძალიან მტკივნეულად, მაშინაც აქ დაიღვარა სისხლი, უმანკო ბავშვების და ამ სისხლმა, მისმა მისტიკამ დაანგრია უდიდესი იმპერია. ამიტომ, აი ასე ძლიერად გაერთიანებული იმ გმირობით, რომელიც აქ შედგა სულ რამდენიმე დღის წინ, მე მჯერა, რომ ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა მომავალი დაიწერება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, იმ ხალხს, ვინც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, "ძალიან სუსტი ილეთები და ხრიკები აქვს".

"მმართველ გუნდს დღეს დარჩა ერთი მხრივ, ძალიან მდარე და ერთის მხრივ უკვე გაქარწყლებული პიარი და ჭორაობის დონის ბოტები, და მეორეს მხრივ, რაღაცნაირი "კრახაბორული" ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება. და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, ძალა და ჭეშმარიტი სურვილი საქარველოს მომავლისა! ამიტომ დღეს მინდა, კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი: სიმტკიცე და ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების არდაშვება, რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა, როდესაც ერთმანეთს გადავეკიდეთ და დავუპირისპირდით. ვხედავთ, თუნდაც, როგორ მიდის ეს მიტინგი, ეს ნათელი ხედვა, ის, რომ არ იცვლება მოთხოვნები, რომელბიც ძალიან მტკიცეა და ამას არაფერი ტეხავს. ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს, დღეს ერთ რამეს ვიტყოდით, მეორე დღეს - მეორეს და ვიბნეოდით ხოლმე. დღეს მე სიმტკიცე დავინახე, რასაც მხოლოდ გამარჯვებები ექნება მომავალში.

ამიტომ, ცოტა იუმორით რომ მოგმართოთ: კობახიძე - "ეტა რაზ", გახარია - "ეტა დვა"! დაბოლოს, მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ხშირად გულდაწყვეტილები არიან, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი იგებს იდეოლოგიურ ბრძოლას, საქართველოში კი არა, მათ ქვეყნებში. თავიდანვე ვეუბნებოდი მათ, რომ ცივი ომი ჩვენ აქ ვიომეთ, ცხლად, რუსის ბეტეერებს ვეომეთ ცხლად ამ ადგილას. მაშინ ჩვენი სისხლი დაიღვარა და მათ გამარჯვებებში ჩვენი ძალაც იყო და ჩვენი წარმატებაც. დღეს მათვე მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ და დააკვირდნენ ახალ საქართველოს, რათა იპოვონ აქ პასუხები იმაზე, როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის რბილ ძალას - აქ, ქართველმა ხალხმა მათ კიდევ ერთი ბრძოლის შედეგად აჩვენა, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ნახონ და ისწავლონ, როგორ შეგვიძლია ჩვენ ჩვენი სიამაყისა და ჩვენი ეროვნულობის დაცვა! ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე!" - მიმართა მარგველაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები