ავტორი:

"გახარიას პოლიტიკური კარიერა დასრულებულია და რაც უფრო მალე გაიგებს ამას, უკეთესია" - ექსპერტები გახარიას გამოსვლას აფასებენ

"გახარიას პოლიტიკური კარიერა დასრულებულია და რაც უფრო მალე გაიგებს ამას, უკეთესია" - ექსპერტები გახარიას გამოსვლას აფასებენ

გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა, აღარ არსებობს. მას უკვე უჭირს საზოგადოებასთან რაციონალური არგუმენტებით ლაპარაკი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც შეაფასა შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელი პრესკონფერეცია. პოლიტოლოგის განცხადებით, გახარიას მხრიდან გამოძიების დასრულებაზე აპელირება არადამაჯერებელია, რადგან ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. მისივე თქმით, პოლიტიკა არავის პატიობს ისეთ შემთხვევებს, რაც 20-21 ივნისს მოხდა.

პოლიტოლოგის შეფასებით, გახარიას თანამდებობაზე დარჩენა აფერხებს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას.

„სამართლებრივ ნაწილში ის ცდილობდა, რომ რაღაც არგუმენტები ჰქონოდა, მაგრამ რას უშვრება პოლიტიკურ ნაწილს? ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, ადამიანურად შემიძლია თანავუგრძნო, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რომ ის, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა, უბრალოდ, აღარ არსებობს. ის კი ცდილობს, რომ რაღაც არგუმენტები მოიყვანოს და ინტელექტუალური შტურმი განახორციელოს საზოგადოებაზე.

ზოგადად, პოლიტიკა არის ძალიან სასტიკი სფერო. პოლიტიკა არავის არ პატიობს იმას, რაც მოხდა. გამოძიების დასრულებაზე აპელირება ძალიან არადამაჯერებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვითონ გიორგი გახარია გამოძიებასთან ინტერესთა კონფლიქტშია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მეტ-ნაკლებად სანდო გამოძიებაზე, ამ გამოძიებას არ უნდა ატარებდეს შს სამინისტრო გახარიას მინისტრობის პირობებში. როგორც უნდა დასრულდეს გამოძიება, ეს დამაჯერებლობას მოკლებული იქნება.

მან ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგას, რადგან ქვეყანა დღეს დაპაუზებულია. სამართალდამცავი სისტემა გახარიამდეც არსებობდა და მის შემდეგაც იარსებებს. ისე ნუ წარმოადგენს თავს, რომ პირადად მასზეა დამოკიდებული რაღაც. ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუტებზე და პიროვნების როლი ინსტიტუტში არ ღირს იმდენი, როგორც მას უნდა, რომ წარმოაჩინოს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ ე.წ. „რაკეტისებრი“ ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში, ხუხაშვილი აცხადებს, პრობლემა მის შეძენაში კი არა, მის გამოყენებაშია.

„რაც შეეხება იმას, რომ ეს ტყვიები 2012 წლის ზაფხულში იყო შეძენილიო, შე კაი ადამიანო შეძენით ბევრი რამის შეძენა შეიძლება. პრობლემა შეძენაში კი არა გამოყენებაშია. რა არის ეს იმაზე აპელირება, რომ მიშამ იყიდა ტყვიები და ამას სხვა გზა არ ჰქონდა, აუცილებლად უნდა გამოეყენებინა თუ რა ლოგიკაა? აბსოლუტურად გაუგებარია. მესმის, რომ მას უკვე უჭირს საზოგადოებასთან რაციონალური არგუმენტებით ლაპარაკი.

ამ ეტაპზე მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია და რაც უფრო მალე გაიგებს ამას, მით უკეთესია ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც. ის დარწმუნებულიც რომ იყოს, რომ მართალია, საკუთარი თავი მაინც უნდა შესწიროს ამ ქვეყანას. უმაღლესი პატრიოტიზმი ეს არის: ცამდე მართალიც რომ იყო, თუ შენგან რაღაც ნაბიჯის გადადგმა სახელმწიფოს ინტერესშია, ეს ნაბიჯი უნდა გადადგა,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მე მგონი, გიორგი გახარიას ისეთი სტრატეგია აქვს გათვლილი, რომ ცოტა ხანს დაიცდის, სიტუაცია ჩაცხრება და შემდეგ შესაძლოა, წავიდეს. გახარიას გადაყენების შემდეგ, ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს კადრებში აბსოლუტური ვაკუუმი ექნება და სავარაუდოდ, ეშინიათ, რომ სიტუაცია საერთოდ აერევათ, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებებს.

ექსპერტის თქმით, მინისტრისგან არ იყო მოსაწონი ის პასუხი, რომ „ არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა“.

„ერთადერთი, რაც მომეწონა არის ის, რომ თავისთავზე იღებს მთლიანად პასუხისმგებლობას. ასევე, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ წასვლას აპირებს, ოღონდ წავა რაღაც დროის მერე. ტყვიებზე, მისი პასუხი არადამაკმაყოფილებელი იყო იმიტომ, რომ რას ჰქვია, კანონით არ არის აკრძალული?! მაშინ კანონი ყოფილა ძალიან ცუდი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, მისი თქმით, იზიარებს გახარიას მოსაზრებას, რომ 20 ივნისის ღამეს, „პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში“.

„მამუკა ბახტაძე რომ ტყემალზე ზის, კი ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ ის რა თქმა უნდა, არ იყო საქმის კურსში“, -აღნიშნა შარაშენიძემ.

გარდა ამისა, თორნიკე შარაშენიძის თქმით, გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

„აქ ჩვენ მივდივართ დიდ პრობლემამდე. ციხეში უკვე ზის ერთი ყოფილი შს მინისტრი და ახლა კიდევ თუ ჩასვამენ მეორე შს მინისტრს, მაშინ ჩვენ ამ ჯაჭვიდან ვერასდროს გამოვალთ. ეს არის ქვეყნისთვის პრობლემა. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობდა ვანო მერაბიშვილთან და კითხვები ახლა არსებობს გახარიასთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, სახელმწიფო რას იგებს იმით, რომ მერე ყველა ციხეში ზის, არ ვიცი. მე არ ვიცი, ბრძანება ვინ გასცა საერთოდ და ეს გამოძიების საკითხია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ბრძანება მოდიოდა უფრო ზემოდან, ვიდრე გახარიასგან. სამწუხაროდ, ვიღებთ პრობლემას - ყველა მთავრობა ამთავრებს ისე, რომ მისი შს მინისტრი ზის ციხეში. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. მე ეს მაფიქრებს და ვცდილობ წინ გავიხედო“, - განაცხადა შარაშენიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები