ავტორი:

„ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრობს, გარეთ კი გახარიას გადადგომას ითხოვენ

„ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრობს, გარეთ კი გახარიას გადადგომას ითხოვენ

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" „ქართულმა ოცნება" საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაციას მართავს, შენობის გარეთ კი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები წარწერით - „გახარია წადი“, „ნუ გვაბრმავებთ“.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივის - "პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას მართავს, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ უკვე წლებია, რაც აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, არაერთხელ გამართულა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, თუმცა კალაძის თქმით, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა 2012 წლის შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში.

„2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე გადაიდგა პრინციპული ნაბიჯი და შემოღებული იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც 2024 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში და 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.

აღნიშნული ცვლილება იყო საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად, დემოკრატიულ განვითარებას.

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო. ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო საზოგადობრივი და პოლიტიკური კონსენსუსის, პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ მიდგომების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით“ - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა:

"ეს ინიციატივა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემის განვითარება და პარტიული სისტემის განვითარება. შესაბამისად, ეს არის ფუნდამენტური ნაბიჯი, გადადგმული ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარების მიმართულებით.

ამასთან ერთად ბუნებრივია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა თავისი არსით, საჭიროებს პროპორციული სისტემის სათანადო ფუნქციონირებას, ბუნებრივია პარტიული სისტემის განვითარებას, პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას და ეს პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანმა ერთად უნდა ავიღოთ: პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და დარწმუნებული ვარ ჩვენი საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება, პოლიტიკური სისტემის სწრაფი განვითარება და ეს შესაძლებელს გახდის პოლიტიკური სისტემის სათანადო ფუნქციორებას პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები