ავტორი:

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ პრემია "საბა 2020-ის" ფინალშია

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ პრემია "საბა 2020-ის" ფინალშია

ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება" ლიტერატურული პრემია "საბა 2020-ის" ფინალშია ნომინაციაში "უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი".

ოსკარ უაო კომპიუტერული თამაშების ფანია, არის გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული დომენიკელი ემიგრანტი, რომელსაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს.

ოსკარი თანამედროვე მსოფლიოში არსებული ბევრი პრობლემის გამოსახულებაა. ის ოთხ კედელშია გამოკეტილი და უამრავ პრობლემასა და კომპლექსს ებრძვის, დიდი ხანია, სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე ოცნებობს, არის ძალიან მგრძნობიარე და ეშინია, უსიყვარულოდ არ წავიდეს ამ ქვეყნიდან.

ეს სამხრეთამერიკული მაგიური რეალიზმის წარმომადგენლის, ჯუნოუ დიაზის ლიტერატურული ნაწარმოების - „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრების“ გმირია, რომლის ოჯახშიც დაუჯერებელი და სულისშემხუთველი ამბები ხდება.

მწერლის ეს ძალიან პოპულარული წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა და გამომცემლობა „პალტრა L-მა" გამოსცა სერიაში "ლიტერე ინვენტე".

„ოსკარ უაოს ხანმოკლე ცხოვრების“ მთარგმნელი თამარ ჯაფარიძეა, რომლისთვისაც ამ რომანის თარგმნა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, ცოტა რამ იმ მთარგმნელის შესახებ მოეთხრო, რომელმაც ჩვენი საყვარელი უამრავი ნაწარმოები ქართულ ენაზე გახადა ხელმისაწვდომი და ამავდროულად, ოსკა უაოსა და მისი ოჯახის ისტორიების შესახებ, რამდენიმე დეტალი დაეზუსტებინა.

თქვენ დიდი მთარგმნელობითი გამოცდილება გაქვთ. როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა და რამდენი თარგმანია თქვენი ავტორობით გამოცემული?

„პალიტრა-L“-თანთანამშრომლობით,ორინაწარმოებივთარგმნე: კაზუოიშიგუროს “დღის მიწურულს“ და ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“. ამ რედაქციასთან თანამშრომლობა ძალიან მომწონს (მიყვარს, როდესაც საქმე მაღალი დონის პროფესიონალებთან მაქვს, რედაქტორებს ვგულისხმობ, სახელდობრ მაია ალუდაურს, რომელიც ჩემი ორივე წიგნის რედაქტორია). იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ამით არ ამოიწურება.

ზოგადად, თარგმნა 25 წლის ასაკიდან დავიწყე, ნელ-ნელა და თანდათანობით (მაშინ ძალიან ცოტა ნაწარმოები ითარგმნებოდა და ისიც დიდი სიფრთხილითა და შერჩევით. ახლაც მიკვირს, რომ იმ ასაკში რამედ მაგდებდნენ და თარგმნას მთავაზობდნენ), შემდეგ კი უკვე დაჩქარებული ტემპით განვაგრძე ეს საქმე, რომელიც, პრაქტიკულად, პროფესიად მექცა. ამ დროის განმავლობაში, უკვე საკმაოდ ვრცელი „ბიბლიოთეკა“ დამიგროვდა. ყველა ნათარგმნი ნაწარმოების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და, ამიტომ, უბრალოდ მოგახსენებთ, რომ 29 ნაწარმოები ქართულად ვთარგმნე და 28 - ინგლისურ ენაზე. ამათგან მხოლოდ 6-ია არამხატვრული, დანარჩენი კი - მხატვრული ლიტერატურაა, პროზაც და პოეზიაც. იმის თქმა, თუ რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ყოველთვის მიჭირს, რადგანაც სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის სერიოზული მწერლებიდან ერთის ამორჩევა ძალიან ძნელია, ყველას თავისი ხიბლი და მთარგმნელობითი სირთულე ახლავს ხოლმე. მთავარი ჩემთვის ის არის, მკითხველზე რომელმა ჩემმა თარგმანმა და რომელმა მწერალმა მოახდინა შთაბეჭდილება. ამის განსაზღვრა კი მკითხველს უნდა მივანდოთ.

რაც შეეხება, კონკრეტულად, ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“-ს, რა განცდები, განწყობები, შთაბეჭდილებები გექმნებოდათ ამ ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნის დროს? რა ზეგავლენას მოახდენს ის მკითხველზე?

ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ მართლაც უჩვეულო ნაწარმოებია - მწერლის სტილსა და მხატვრულ ხერხს ვგულისხმობ. ნაწარმოებში მოთხრობილია ერთი დომინიკელი სვედანავსული, სიყვარულის მაძიებელი და მუდმივად გაწბილებული ოჯახის ისტორია, რომელიც რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინას - ამ უსასტიკესი ლათინოამერიკელი დიქტატორის - რეჟიმის ფონზე ვითარდება. სხვათა შორის, ამავე პერიოდზეა დაწერილი მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმიც“, მაგრამ, მისგან განსხვავებით, დიაზი ამბავს „კომიქსივით“ ყვება, ფენტაზის სტილში, ალაგ-ალაგ კომიკური ელემენტებით, რაც ეთგვარ ირონიულობასაც მატებს ნაწარმოებს და თავისებურ ხიბლსაც. და მართლაც, აღწერილი სისასტიკე იმდენად წარმოუდგენელია, რომ მისი დამქაშები კომიქსების ბოროტ გმირებს გვანან, პოპ-არტის სტილში არიან დახატულები - გაუზავებელი, ხალასი და მკვეთრი ფერებითა და მარტივი შტრიხებით; ისინი, თითქოს, რეალობის მიღმა გადიან, ფენტეზის სფეროში. ამ პარალელის გავლებით, დიაზი ერთგვარ „ირონიულ“ პატივსაც კი მიაგებს თანამედროვე მასებში მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან მეტად პოპულარულ ჟანრებს, რომლებმაც, ასე ვთქვათ, „ლიტერატურული ასპარეზი და ბაზარი“ სავსებით მოიცვეს, მით უფრო კომპიუტერული თამაშების პოპულარულობის ფონზე. დიაზის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის - დომინიკელთა ცხოვრება, რაც თავი ახსოვთ, საკუთარ მიწაზეც და ემიგრაციაშიც, ზებუნებრივი წყევლით შეკრული ერთი დიდი კომიქსია და სხვა არაფერი. თანაც, როგორც აღვნიშნე, „კომიქსის ენა“ და მისი გმირები თანამედროვე მკითხველისათვის უფრო გასაგებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლოდროინდელ ინგლისურენოვან ლიტერატურაში უფრო და უფრო მძლავრობს ეთნიკურად არაინგლისელ მწერალთა ხმა, რომლებმაც ინგლისურ ენას ახალი გასაღები მოარგეს და ახალი ხიბლი შემატეს. გავიხსენოთ, თუნდაც, სალმან რუშდი, არუნდატი როი და კაზუო იშიგურო. ჩვენი ჯუნოუ დიაზიც, შეიძლება ითქვას, სწორედ ასეთ მწერალთა კატეგორიას ეკუთვნის.

თქვენთვის, როგორც მთარგმნელისთვის რას ნიშნავს, ნაწარმოები მკითხველამდე მიიტანო ისეთივე ემოციითა და სტილით, როგორც ავტორს ორიგინალში აქვს დაწერილი?

თარგმანი არსებობს ორი სახის: თავისუფალი და ზუსტი. თავისუფალ თარგმანს უფრო პოეზიაში ვხვდებით ხოლმე (მაგალითისათვის, ჯემალ აჯიაშვილს მოვიყვან). ვერ ვიტყვი, რომელი უფრო შემოქმედებითია, თავისუფალი თუ ზუსტი. ალბათ, თავისებურად, ორივე. მე ზუსტი თარგმანის მიმდევარი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლება არა მაქვს, „ავტორს გავუსწორო“ და საკუთარი აზრები თუ სტილი მოვახვიო თავს. ეს, ცხადია, საკმაოდ ძნელია, „სხვის ტყავში შეძრომასა და მისი ემოციების განცდას“ ნიშნავს. მაგრამ ზუსტი თარგმანის შესრულებისას თუ ნაწარმოებს სტილი, აზრი და ემოცია დაუკარგე, მაშინ რაღა აზრი აქვს თარგმნასა და წიგნის ყდაზე ავტორის სახელის დაწერას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ხმა მხოლოდ „ამბის“ დონეზე შეინარჩუნე? ამბავი, ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი არც არის;

თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ ერთსა და იმავე ეპოქაზე, გმირებსა თუ მოვლენებზე სხვადასხვა ავტორი წერს ხოლმე (ვთქვათ, შორსაც რომ არ წავიდეთ, იმავე ტრუხილიოზე ბევრი ნაწარმოები შეიქმნა); მთავარია, როგორ იწერება ესა თუ ის ნაწარმოები, როგორ ხედავს ავტორი ამათუ იმ მოვლენას, რა ასოციაციებსა და ემოციებს აღძრავს ის ცალკეულ მათგანში. შექსპირს, მოგეხსენებათ, თავისი ნაწარმოებების თითქმის არც ერთი „ამბავი“ არ მოუგონია, მზა ამბავს იღებდა და იმ ამბავს თავისებურად ამუშავებდა, მაგრამ შექსპირი იმის გამო იყო, რომ სწორედ ისე წერდა, როგორც თავად აღიქვამდა ამ ყველაფერს. ჯუნოუ დიაზი ძალიან ბევრ ესპანურ გამოთქმას ურთავს ინგლისურ თხრობაში. ის გამოთქმები რომ არ შემენარჩუნებინა და ინგლისური ტექსტიცა და ესპანურიც ქართულად გადმომეტანა, ნაწარმოები სურნელს დაკარგავდა, ხომ ასეა?.. მოკლედ, ამ თემაზე ძალიან ხანგრძლივად შეიძლება მსჯელობა, მაგრამ

მარტივი დასკვნა ასეთია: ნაწარმოები მხოლოდ შინაარსის, ანუ „ამბის“ დონეზე არ ითარგმნება; კარგმა თარგმანმა (რომლითაც მკითხველი კონკრეტულ ავტორს ეცნობა) სწორედაც ორიგინალის ყველა თავისებურება მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს ამბის, სტილისა თუ ემოციის დონეზე.

„წიგნის ქურდი“ - ტრაგედიითა და ჰუმანურობით აღსავსე პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრება

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა

შოთა იათაშვილის პირველი რომანი - წიგნი მკითხველისთვის, რომელიც კითხულობს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს