ავტორი:

რა შეიძლება მოხდეს უგულავას, ბარამიძის და ოქრუაშვილის გამოკითხვის შემდეგ - ექსპერტები მოსალოდნელ მოვლენებზე

რა შეიძლება მოხდეს უგულავას, ბარამიძის და ოქრუაშვილის გამოკითხვის შემდეგ - ექსპერტები მოსალოდნელ მოვლენებზე

მგონი, აპირებენ უგულავასაც დაადონ სამაჯური. ეს დაშინებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გამოკითხვაზე დაბარების შესახებ საუბრისას განუცხადა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ფაქტია, რომ ოპოზიცია გაძლიერდა და „მთავრობა საპასუხოდ ურტყამს“, თუმცა თორნიკე შარაშენიძის განცხადებითვე, მათ „დევნა უფრო აძლიერებთ“.

„არ ვიცი, რას აპირებენ. მგონი, აპირებენ უგულავასაც დაადონ სამაჯური... ჩემი აზრით, ეს გამიზნულია იმისკენ, რომ დააშინონ. მითუმეტეს, როგორც მე მახსოვს, უგულავას წინააღმდეგ კიდევ რაღაც საქმეები მიმდინარეობს. ის გამოუშვეს, მაგრამ საქმეების ხელახლა ამოქმედებით რეალურად შეიძლება რაღაც შეუკერონ და ჩასვან ისევ ციხეში. ასე რომ, დაშინების მცდელობაა ალბათ. ვფიქრობ, ასე მარტივად არ დაშინდება,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შესაძლოა, უგულავას, ოქრუაშვილს, ბარამიძესაც გაუკეთონ სამაჯურები, მაგრამ ეს რას ცვლის?! აბსოლუტურად არაფერს, ექნებათ ეს სამაჯური ხელზე და ექნებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

ამასთან, პოლიტოლოგი მოვლენების დრამატულ განვითარებას არ ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

„რთული სათქმელია, მაგრამ მოვლენების რაღაც დრამატულ განვითარებას ნამდვილად არ ველოდები. ხელისუფლება იძულებულია ასეთ ნაბიჯებზე წავიდეს, რადგან თუ არ იძიებს, მან ილუზია მაინც უნდა შექმნას იმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას განცხადება მთელმა საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ახლა მისთვის უცნობია, რომელი ქმედების ან განცხადების გამო დაიბარეს გამოკითხვაზე გიგი უგულავა, გია ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, „თუ მათ სამაჯურებს გაუკეთებენ, არც ეს არის დიდი უბედურება“.

„რამდენიც გინდა დაიბარე, აქედან რა გამოვა?! გამოძიება უნდა იყოს სანდო, ეს უნდა იყოს მთავარი. გამოძიების პროცესისადმი ნდობა თუ არ არის, ვინც არ უნდა იყოს, მართლაც დამნაშავე რომ იყოს, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ასეთ შემთხვევაში არ ექნება. ეს არის ფუჭი გასროლა ხელისუფლების მხრიდან. უბრალოდ მგონია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების ფარგლებში იკითხება ეს ხალხი. ალბათ, დაკითხვები გაგრძელდება ხმაურიანი, ცნობადი პირების, ვინც იქ, იმ მომენტში იყო ან რაღაცნაირად მონაწილეობდა.

შესაძლოა გაუკეთონ მათაც სამაჯურები, მაგრამ ეს რას ცვლის?! აბსოლუტურად არაფერს, ექნებათ ეს სამაჯური ხელზე და ექნებათ. ჯერ ვნახოთ რა იქნება. მელიას, ფაქტობრივად, ბრალი წაუყენეს ორგანიზებაში. აქ ჯერ გამოკითხვაზეა საუბარი, გამოკითხვის შემდეგ თუ გადავლენ იმაზე, რომ ბრალი წაუყენონ ან რაღაც ასეთი, ეგ სხვა თემაა უკვე. ჯერ ისეთი არაფერია“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოკითხვაზეა დაბარებული. ამასთან, შსს, გარდა გიგი უგულავასი, სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნითაც მიმართავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები