ავტორი:

რატომ აღარ გაყიდის ხაშურელი ოსტატი "თვალახვეულ" სახლებს - "ეს იდეა ბევრმა ჩემს პოლიტიკურ აქტივობად ჩათვალა..."

რატომ აღარ გაყიდის ხაშურელი ოსტატი "თვალახვეულ" სახლებს - "ეს იდეა ბევრმა ჩემს პოლიტიკურ აქტივობად ჩათვალა..."

ხაშურელი ოსტატი რამაზ გრიგალაშვილი, რომელიც ჩიტებისთვის ხის სახლებს ქმნის, ოკუპაციის თემაზე შექმნილ "თვალახვეულ“ სახლებს სარეალიზაციოდ აღარ გაიტანს.

როგორც რესპონდენტმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ამგვარი გადაწყვეტილება საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციის გამო მიიღო:

"ეს იდეა ბევრმა ჩემს ერთგვარ პოლიტიკურ აქტივობად ჩათვალა, რასაც არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან. თავიდანვე აღვნიშნე, რომ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა, ბევრმა მაინც ისე გაიგო, თითქოს, მიმდინარე აქციების თემას გამოვეხმაურე.

ბუნებით ძალზე არააგრესიული ადამიანი ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხის აზრი. ამიტომ გავასაჯაროვე "თვალახვეული“ სახლების იდეა, რამდენიმე მათგანი გავაკეთე და სარეალიზაციოდ გატანას ვაპირებდი. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის და მათი არაერთგვაროვანი რეაქციის გათვალისწინებით, "თვალახვეული" სახლები აღარ გაიყიდება.

სამაგიეროდ, ახალი ვერსია შევიმუშავე, რომელიც გაიყიდება და კიდევ ერთხელ შეახსენებს გამვლელ-გამომვლელს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული" - განაცხადა რამაზ გრიგალაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ჩიტების ახალი სახლები კვლავ ფერადია და ამჯერად მასზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებითაა გამოსახული და აქვს წარწერა: "რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული".

რამაზ გრიგალაშვილი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია და ძირითადი საქმიანობაც სულ სხვა სფეროს და კომპანიას უკავშირდება. ჩიტების სახლების გაკეთება კი, დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყო.

"თავდაპირველად, მეუღლემ მთხოვა, რომ ჩვენი ეზოსთვის დამემზადებინა ჩიტის სახლი, შემდეგ, ისე მოეწონა, გადაწყვიტა, გასაყიდად გაეტანა გზაზე, ხაშურში. მოთხოვნა მალევე გაჩნდა, ერთ სახლს მეორე მოჰყვა და ასე, ნელ-ნელა დაიხვეწა დიზაინიც და ტექნოლოგიაც, მერე მიმბაძველებიც გამოგვიჩნდნენ და ახლა ბევრია დაკავებული ამ საქმიანობით, თუმცა, ჩვენი ეს წამოწყება თავიდან არასერიოზულად ჩათვალეს.

ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები მაინც გამორჩეულია. მაგალითად, არ ვღებავ ჩვეულებრივი საღებავით, რომ მალე არ გახუნდეს და არ დაზიანდეს მზეზე, წვიმასა თუ თოვლში. ვიყენებ მდგრად საღებავს, რომლითაც მანქანებს ღებავენ. ბევრი დრო არ მაქვს და როცა სამსახურში ვარ, მაშინ მეუღლე ღებავს პატარა სახლებს, ხატავს, მე კი, ძირითადად, დილით და საღამოთი ვმუშაობ" - ამბობს ოსტატი.

მისივე თქმით, ზუსტად არ დაუთვლია, თუმცა, ამ 5-6 წლის განმავლობაში, დაახლოებით 10 000-მდე სხვადასხვა ფორმისა და ზომის სახლი დაამზადა წაიკითხეთ ვრცლად ხაშურელი ოსტატის ისტორია

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ