ავტორი:

"ოჯახური ტრაგედიის შემდეგ საკუთარ თავში ძალა უნდა მეპოვა..." - 25 წლის ქართველი ბიჭის ისტორია, რომელიც ოდესაში წამყვანი შეფმზარეულია

"ოჯახური ტრაგედიის შემდეგ საკუთარ თავში ძალა უნდა მეპოვა..." - 25 წლის ქართველი ბიჭის ისტორია, რომელიც ოდესაში წამყვანი შეფმზარეულია

თითქმის ბავშვი იყო, როცა ბედის საძებნელად უცხო ქვეყანაში წავიდა. წითელი ხალიჩებით არ დახვედრიან, მაგრამ პირველ ხანებში თავის გატანა შეძლო. არაერთი უძილო ღამის, საკუთარ თავზე დაუღალავი შრომის კვალდაკვალ, წარმატებამაც არ დააყოვნა და დღეს, კერძების გემრიელად მომზადების საოჯახო საიდუმლოს დიდ უკრაინასაც უზიარებს...

ასე დაიწყო 25 წლის ქართველი ბიჭის, თემო ფარცვანიას წარმატებული გზა უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ, ის უკრაინის 120 შეფმზარეულის ტოპსიაში აღმოჩნდა.

- 2014 წელს უკრაინაში, ხარკოვის უნივერსიტეტში, სასტუმროს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თავიდან ენის ბარიერის გამო ცოტა გამიჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვეში დავძლიე, რადგან როგორც იტყვიან, "ბაზა" მქონდა... სწავლის პარალელურად, სამსახურსაც ვეძებდი, რაც არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. არასტაბილური სამსახურები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მე კი უფრო პერსპექტიულს ვეძებდი, სადაც ბოლომდე დავიხარჯებოდი.

2014 წლის 31 დეკემბრის ღამეს, ახალი წელი რომ მოდიოდა, სახლში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც, ჩემი უახლოესი ადამიანები - მამიდა და ბებია დაიღუპნენ, დედა კი ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო. მაშინ ვფიქრობდი, რომ დედაც დავკარგე, მაგრამ ღმერთის წყალობით, გადარჩა. სახლი მთლიანად დაიწვა... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე იყო... შემდეგ საკუთარ თავში ძალა უნდა მეპოვა ცხოვრების გასაგრძელებლად, ამიტომ ისევ უკრაინაში დავბრუნდი, სადაც სწავლაც უნდა გამეგრძელებინა და საარსებო ფულიც მეშოვა. ბევრგან უარი მითხრეს - ზოგან ენის ცოდნა დამიწუნეს. რამდენიმემ პირდაპირ მითხრა, უცხოელებთან თანამშრომლობას ვერიდებით, ოფიციალურად ვერ გაგაფორმებთო. მალულად მუშაობა კი მე არ მაწყობდა. ბოლოს, ისევ უნივერსიტეტში ვიპოვე რაღაც საქმე, სპორტულ დარბაზს ვაწესრიგებდი. მის დაკეტვამდე გირები და სხვა სავარჯიშო ინვენტარი თავის ადგილზე უნდა დამელაგებინა. ეს იყო დროებითი სამუშაო, მაგრამ სულზე მომისწრო.

- თან სწავლობდით?

- დიახ, თან ვსწავლობდი... შემდეგ, ბიძაჩემმა, რომელიც ასევე ხარკოვში ცხოვრობდა, მირჩია კერძების მომზადება და სამზარეულოში ყოფნა გიყვარს და იქნებ ამ სფეროში მოგესინჯა ძალებიო. ერთ-ერთ ქართულ-სომხურ რესტორანში შეფმზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ორი წლის შემდეგ მითხრეს, დაგაკვირდით, აშკარად მეტი შეგიძლია და საცდელი ვადით, შეფმზარეულად გადაგიყვანთო.

ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ სწავლისთვის თავი მაინც არ დამინებებია, რადგან ის ჩემი მიზანი იყო, რომლის შესრულება წინსვლაში დამეხმარებოდა. ძალიან ცოტა, ზოგჯერ დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა. ვცდილობდი, თვალი მომეხუჭა ყველგან, ტრასპორტშიც კი. იმ პერიოდში, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო წლებს ეძახიან, ან მეძინა, ან ვკითხულობდი. 6 თვის შემდეგ სხვა რესტორანში, სუ-შეფად გადამიყვანეს. ამ პოზიციაზე მყოფ ადამიანს, ჩვენს წრეში, მთავარი მზარეულის "მარჯვენა ხელს" ვეძახით. იმავდროულად, ძველ ადგილზეც ვაგრძელებდი მუშაობას.

მაშინ 18 წლის ვიყავი და ამ პოსტზე ყოფნა უნდობლობას იწვევდა. ამიტომ, თუ ოფიციალურად საბუთებს არ მომთხოვდნენ, ასაკს ვმალავდი. წვერს ვატარებდი, ნამდვილი ასაკი რომ არ შეემჩნიათ... გარკვეული დროის შემდეგ, იქ მცხოვრებმა ქართულმა ოჯახმა მითხრა, დნეპროპეტროვსკში რესტორანს ვხსნით და შეფმზარეულად თუ იმუშავებო? მხოლოდ მომზადება კი არა, სუფრის ვიზუალური მხარის უზრუნველყოფაც მევალებოდა... მინდოდა, კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა და დღე და ღამე ინტერნეტში ახალ-ახალ კერძებს ვეძებდი, რომელშიც საკუთარი კორექტივები შემქონდა. ასევე ვცდილობდი, ძველი ქართული, თითქმის მივიწყებული კერძების შესახებ მეტი გამეგო. ვურეკავდი საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს და ახლობლებსაც, ვისაც ამ საქმეში ჰქონდა გამოცდილება.

- იპოვეთ რამე?

- დიახ, საკმაოდ ვრცელი სია დამიგროვდა... ასე ვთქვათ, მინდოდა, რამე "კრეატიული გემრიელობისთვის" მიმეგნო და მივაგენი კიდეც. პირველი დღისთვის ვემზადებოდი, სადაც საკუთარი თავი უნდა წარმომედგინა, 40-ზე მეტი კერძი მოვამზადე, მათ შორის, ცხელი... ასე დავიწყე მუშაობა ქართულ რესტორანში. კარგა ხანს ვიმუშავე, თუმცა, ერთ დღესაც, რესტორნის მეპატრონეებმა ჩემი ნამდვილი ასაკი გაიგეს. მკითხეს, რატომ დამალეო? ნამდვილი ასაკი რომ მეთქვა, ვიცი, რომ 18-19 წლის ბიჭს სამზარეულოში მთავარ ადგილს არ დაუთმობდით-მეთქი. გაეცინათ, მართალი ხარო, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამთ ანუ გაგდებას გადავრჩი... როდესაც დასასვენებლად ან უბრალოდ, საქმეზე საქართველოში ჩემს სოფელს ვსტუმრობდი, ზოგი უნდობლად მიყურებდა, ზოგიც ცოტა აგდებით, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, რა გეპოვრებაო? შემდეგ ძალების სხვაგან მოსინჯვაც მომინდა. აწყობილი საქმის დატოვება ძნელი იყო, მაგრამ გავიგე, რომ ქალაქ ხერსონში მდებარე დიდ კომპანიაში მზარეული სჭირდებოდათ. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. 20 წლის ვიყავი და ერთ ადგილზე გაჩერება არ მინდოდა. ვიცოდი, იქაც დიდხანს ვერ გავჩერდებოდი, მაგრამ ჩემი მომავლისთვის ასეთ კომპანიაში მცირე ხანს ყოფნაც კარგი იყო და გარისკვად ღირდა.

- რა არის მთავარი სირთულე ამ საქმეში?

- რესტორნის ადმინისტრაციისთვის მთავარია "სწორი გემო" ანუ ისე მომზადებული კერძები, რომელიც სტუმრებს მოეწონებათ. ეს თავად მზარეულმა სწორად უნდა შეარჩიოს. ინგრედიენტების, სანელებლების სწორი შერჩევა კერძის მომზადებისას და თავად კერძების სწორად შეხამება, საკვები ობიექტის სწორად მუშაობის ცალკე თემაა... ერთი სიტყვით, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ამიყვანეს. ცოტა ხანში, უკრაინის 14 ქალაქის ქსელურ რესტორანში მასტერკლასების ჩატარება და მენიუს შექმნა შემიკვეთეს...

- ქართული სამზარეულოს გარდა, ალბათ სხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძებსაც გაეცანით, არა?

- დიახ, საკმაოდ კარგად დავეუფლე აზიურ, ჩრდილო-კავკასიურ და უკრაინულს, თუმცა ვაღიარებ, ქართული სამზარეულო წამყვანია გემოსა და კერძების მრავალფეროვნებით და ამას ჩემი ვიზიტორებიც აღნიშნავდნენ.

უნივერსიტეტში ბოლო კურსზე ვიყავი და გადავწყვიტე, რამდენიმე თვე მხოლოდ დიპლომისთვის მიმეძღვნა... მისი დაცვის შემდეგ, ერთხელ ბიძაჩემთან მომავალ გეგმებზე საუბრისას გადავწყვიტე გერმანიაში სამუშაოდ წასვლა, მაგრამ როგორ წავსულიყავი, ენა არ ვიცოდი. ინტერნეტში მოვიძიე ბერნის ქართულ რესტორნებში ვაკანსია ჰქონდათ თუ არა. ერთგან მითხრეს, ადგილზე უნდა ჩამოხვიდეთ და დავილაპარაკოთო... ჩავაღწიე გერმანიაში, მაგრამ რესტორანში არსებული სიტუაცია არ მომეწონა. საბედნიეროდ, ისეთი გამოუვალი სიტუაცია არ მქონდა და არჩევანის საშუალება დავიტოვე. ბერლინის ქუჩებში სეირნობისას ქართული რესტორანი "გენაცვალე" ვიპოვე. შევედი და ვუთხარი, სამსახურს ვეძებ-მეთქი. ძალიან თბილად მიმიღეს, კულინარიაში რა გამოცდილება გაქვსო, მკითხეს. რამდენიმე კერძი მომამზადებინეს და საცდელი ვადით დამტოვეს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ჩემი ყოფნის სამთვიანი ვადაც ამოიწურა. უკრაინაში დაბრუნებულს, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიიდან მომივიდა მოწვევა, სადაც ჩემი ფავორიტი შეფმზარეული, ვიქტორ ტიტოვი მუშაობდა და მისი გამოცდილების გაზიარება ჩემი ოცნება იყო და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი.

მასთან ერთად, ერთდროულად 4 რესტორანში ვმუშაობდი. ხშირად ვატარებდი მასტერკლასებსაც. რამდენჯერმე კონკურსში ჟიურის წევრობამაც მომიწია, სადაც მთელი უკრაინის შეფმზარეულები მონაწილეობდნენ. ისინი ჩემზე უფროსები არიან, მაგრამ არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩემგან ბევრ რამეს სწავლობენ. ეს ჩემთვის სტიმულია, რომ კიდევ და კიდევ მეტი ვიმუშაო ჩემს თავზე. ოდესაში, რამდენიმე უკრაინელ შეფმზარეულთან ერთად დავაფუძნე ასოციაცია, რომელიც წარმატებით მუშაობს, თუმცა ვაღიარებ, გული ისევ საქართველოსკენ მომიწევს.

- საქართველოში რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი ოცნებაა, ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში გავაკეთო, იქაურ შეფმზარეულებთან ერთად ან საწყის ეტაპზე თუნდაც მარტომ, გავაკეთო ასეთივე ასოციაცია. გავაცოცხლოთ ძველი, მივიწყებული ქართული კერძები და რესტორნების მენიუში ჩავამატოთ.

თითქმის ყველა ქართულ რესტორანში ერთი და იგივე მენიუ აქვთ, არადა, ძალიან მდიდარი, მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს, თავისი სანელებლებითა და ეგზოტიკური გემოებით. მათი მომზადების ძველებურ წესებზე ინფორმაციას წლებია, უფროსი თაობისგან ვაგროვებ. საწყის ეტაპზე მინდა, ეს იდეა ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში განვახორციელო, მეგრულ ტრადიციულ სამზარეულოზე ბევრი საინტერესო რამ გავიგე, თუმცა, აქამდე მეგონა, საკმაოდ კარგად ვიცნობდი. ვაგრძელებ სხვა კუთხის ძველი ტრადიციული კერძების რეცეპტების მოძიებასაც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ