ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. ხმის მიცემა 9 ივლისს, 00:00 საათზე შეწყდა.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ , რომლის მიზანიც ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა, უკვე მესამე წელია, ტარდება. გასულ წლებში კონკურსმა უკვე გამოავლინა ავტორები, რომელთა რომანები ბესტსელერები გახდა და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა. წელს მსგავსი წარმატების მიღწევის შანსი ახალ ავტორებს აქვთ.

ტრადიციულად, კონკურსმა ხალხისა და ჟიურის რჩეულები გამოავლინა. მკითხველს რამდენიმე კვირის განმავლობაში შეეძლო თავისი ფავორიტისთვის ხმის მიცემა. საბოლოოდ,

ხალხის რჩეულები გახდნენ:

თამარ გოდერიძე- „ყვავილები სახლთან ახლოს“;

თინიკო ბერიძე - „მოპარული სიყვარული“;

ნანი მანველიშვილი - „ოდისევსის სინდრომი“.

რაც შეეხება, ჟიურის წევრებს, მათი ვინაობა, წინა წლების მსგავსად, გასაიდუმლოებული იყო. ჟიურის წევრები იყვნენ ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, რამაზ ჭილაია, ივანე ამირხანაშვილი, რომლებიც უკვე მე-3 წელია ტრადიციულად თანამშრომლობენ კონკურსთან, ასევე ლიტერატორი მაკა ჯოხაძე და მწერალი ტორესა მოსი.

ჟიურის რჩეულები არიან:

არჩილ ფირიაშვილი - „ფეხბურთის მოთამაშე“

ნიკოლას მაჩაბელი - „ჩაინა კონტრასტებიდან“

აღსანიშნავია, რომ წელს, ჟიურის წევრებს არჩევანის გაკეთება გასულ წლებთან შედარებით, უფრო გაუჭირდათ. რამაზ ჭიალაის თქმით, თუკი წინა წლებში ამპლიტუდა იყო ნულიდან უსასრულობამდე, წელს ნაწარმოებების დონე დაახლოებით მსგავსი იყო, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. მისივე თქმით, გამარჯვებულები წერის მაღალი კულტურითა და ტექსტის აგების თვალსაზრისით გამოირჩეოდნენ.

ჟიურის ერთ–ერთი წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, არჩილ ფირიაშვილი - „ფეხბურთის მოთამაშე“ აშკარად გამოირჩეოდა არა მხოლოდ წლევანდელი, არამედ მთლიანად კონკურსის სამწლიანი ისტორიის გათვალისწინებით: „ფეხბურთის მოთამაშე“ ნამდვილი ბესტსელერია. არჩილ ფირიაშვილის სახით ჩვენ ჩამოყალიბებული მწერალი შევიძინეთ. ავტორმა იმდენად მაღალი კლასი აჩვენა, რომ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ჟიური ერთსულოვანი იყო.“ - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ნიკოლას მაჩაბლის - „ჩაინა კონტრასტებიდან“ ივანე ამირხანაშვილის შეფასებით, ძალიან საინტერესო თემა გამოიკვეთა: „ამ ნაწარმოებში დოკუმენტური და მხატვრული პროზა ჰარმონიულად ეთავსება ერთმანეთს, ასევე, აქვს აქტიური სიუჟეტი, რაც თანამედროვე ლიტერატურაში ძალიან ფასობს. რაც მთავარია, ავტორი არც საკუთარი თავის და არც მკითხველის მიმართ არ იტყუება; რასაც ხედავს და თავს გადახდება, იმას გადმოსცემს.“

ტორესა მოსის თქმით, კონკურსის საერთო დონე წელს ძალიან მაღალი იყო: „ამ კონკურსმა მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ნიჭიერ ადამიანებს, რომლებმაც ახლა გადაწყვიტეს ასპარეზზე გამოსვლა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.

ეს ორი ავტორი, რომლებიც ჟიურის რჩეული გახდა, ყველაზე მეტად იყო მზად, მკითხველის წინაშე წარსადგომად. ორივეს ტექსტის იდეა ორიგინალური იყო, ორივე კარგად გრძნობდა ენას, კარგად მიყვებოდა სიუჟეტს და მეორე ტურში სწორედ მათ შეძლეს ჩვენი იმედების გამართლება.“

ჟიურის კიდევ ერთი ფავორიტი ფიქრია ყუშიტაშვილია, რომელიც ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, წერის კულტურის თვალსაზრისით, ყველაზე გამართული იყო: „შეიძლება ითქვას, სხვებმა თემაში აჯობეს, თორემ წერის მანერის თვალსაზრისით, უკანასკნელი სამი წლის ჩემპიონია.“

მის რომანს - „პერფექციონისტის ჩანაწერები“ გამომცემლობა „პალიტრა L” გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებებთან ერთად, რამდენიმე თვეში გამოსცემს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს