ავტორი:

"ბრძანება მე გავეცი" - გახარია ამბობს, რომ გადადგომა მისთვის ახლა ყველაზე ადვილია

"ბრძანება მე გავეცი" - გახარია ამბობს, რომ გადადგომა მისთვის ახლა ყველაზე ადვილია

ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. კითხვაზე მან გასცა თუ არა ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო, მინისტრი ამბობს, რომ ბრძანება მან გასცა.

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ნარინჯისფერ ტყვიებს, რომელიც აქციის დაშლისას იყო გამოყენებული, გახარიას თქმით, მისი გამოყენება პოლიციისთვის დასაშვებია.

„ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად“,- აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება თანამდებობიდან მის წასვლას, მინისტრი ამბობს, რომ ამ მომენტში პოსტის დატოვება "არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არათუ პასუხისმგებლობის აღება".

„ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად ჩემთვის წასვლა ამ მომენტში ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა არათუ პასუხისმგებლობის აღება. ახალგაზრდები ახლა საუბრობენ რაღაც შეცდომაზე, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა. რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტუმრით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციების პარლამენტის შენობაზე ფიზიკურ შეტევად გადაქცევას ცდილობდნენ, ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნით ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, თორემ დღესაც ვერ ხსნიან, რა უნდა ყოფილიყო შეჭრის შემდგომი ნაბიჯი. და შენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო - გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება. მინდა ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებს რომლებიც დგანან ამ წამს გარეთ და სწამთ, რომ მართალ საქმეს აკეთებენ, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მათ უკან ვხედავთ, ძალის გამოყენებით პარლამენტის შენობაში შეჭრით ძალაუფლების მოპოვება ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა "რეაქციაში".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები