ავტორი:

"მთელ სანაპიროს ჩამოუარეს და ჩააწევინეს მუსიკა" - ბათუმში კონფერენციის სტუმრების გამო, რესტორნებს ხმამაღლა მუსიკის დაკვრა აუკრძალეს?

"მთელ სანაპიროს ჩამოუარეს და ჩააწევინეს მუსიკა" - ბათუმში კონფერენციის სტუმრების გამო, რესტორნებს ხმამაღლა მუსიკის დაკვრა აუკრძალეს?

ბათუმში აქტიური საკურორტო სეზონი რამდენიმე კვირაა დაიწყო. ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვისპირა ქალაქში უამრავი ადამიანი ატარებს, მათ შორის უცხოელი სტუმრებიც.

10-12 ივლისს "შავი ზღვის მარგალიტი" აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა, შესაბამისად ბათუმში მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებოდნენ, მათ შორის საქართველოს პირველი პირები და უცხოელი მაღალჩინოსნები. ევროპელ სტუმრებს შორის იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც, რომელმაც კონფერენციაზე დამსწრეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით მიმართა.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ 10 ივლისის ღამეს, როდესაც ბათუმში მაღალი რანგის სტუმრები ჩავიდნენ, ბულვარში არსებულ კლუბებს და რესტორნებს ხმამაღლა მუსიკის ჩართვა აუკრძალეს. ჩვენი წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ბულვარის მიმდებარედ სასტუმროში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისვენებდა და მას ხმამაღალი მუსიკა აწუხებდა.

AMBEBI.GE-ს რესტორან "ახალი გემის" მენეჯერი ლიანა კიკვაძე ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რესტორნების და ბარების მფლობელებს 5 ათასლარიანი ჯარიმით დაემუქრნენ.

"ნამდვილად მოხდა ასეთი ფაქტი, რაც ძალიან გაგვიკვირდა. საღამოს როცა დაიწყო პროგრამა, მოვიდნენ უცნობი პირები და გვითხრეს: "რედისონში" პრეზიდენტი და "შერატონში" მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებიან, ამიტომ მაღალ ხმაზე მუსიკის ჩართვა და ფეირვერკების გაშვება 12 ივლისამდე გეკრძალებათო.

არადა, როცა ჩვენთან შემოდის კლიენტი მას თავისთავად უნდა მუსიკა. ჩვენთვის ყველა სტუმარი ერთნაირია, როგორც პრეზიდენტი ისე სხვა ადამიანი.

თავდაპირველად, წყნარად აგვიხსნეს ეს ყველაფერი. მეორედ მერიის და უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, სასწრაფოდ დაუწიეთ მუსიკას, თორემ დაგაჯარიმებთო. აქამდე არ ყოფილა ასეთი ფაქტი, ისედაც არ გვაქვს მაღალ ხმაზე მუსიკა. ძალიან მკაცრად გაგვაფრთხილეს, მუსიკას დაუწიეთ, თორემ სხვა ვარიანტი არ განიხილება - დაგაჯარიმებთო. თანაც, სოლიდურ თანხაზე იყო საუბარი.

გვეგონა მხოლოდ ჩვენ გაგვაფრთხილეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელ სანაპირო ზოლს ჩამოუარეს და ჩააწევინეს მუსიკა. აქამდე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში "ახალი გემის" მენეჯერმა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს უფროსი უარყოფს ფაქტს, რომ მუსიკის ხმა კონფერენციის სტუმრებზე ზრუნვის გამო დააწევინეს ზღვისპირა რესტორნებს. ჯუმბერ კობალაძე AMBEBI.GE-ს შეკითხვამ გააღიზიანა კიდეც:

"კონფერენცია რა შუაშია? ყოველ საღამოს ზომავენ ხმაურს. ხმამაღალი მუსიკა ყოველთვის იკრძალება. უშუალოდ კონფერენცია არ გვეხებოდა. "შერატონის" ირგვლივ ყოველდღე ვაფრთხილებთ და ვაჯარიმებთ რესტორნებს, რომლებიც ხმაურს იწვევენ. მორიგი შემოწმებისას კონფერეცია რომ დაემთხვა არ უნდა გაგვეფრთხილებინა?

როცა დეციბალებს აჭარბებს ხმაური, მნიშვნელობა არ აქვს დღე თუ ღამე, ვაჯარიმებთ ან ვაფრთხილებთ. ჩვენი მუშაობის დროს ხან კონფერენციაა, ხან ბათუმობაა, ან კიდევ სტუმრები არიან ჩამოსული.

კოფერენციის დღეებში ვმუშაობდით და ასე გრძელდება ყოველდღე. ნახეთ დოკუმენტები სად წერია, კონფერენციის გამო გაფრთხილება რომ მიეცათ? შესაძლოა, ჩემმა თანამშრომლებმა სთხოვეს, რომ რადგან ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო, არ ეხმაურათ" - განაცხადა ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა ემზარ კობალაძემ.

გადაჭარბებული ხმაურის კონტროლი ბათუმის მერიამ 2018 წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყო. მონიტორინგის ჯგუფი აკონტროლებს როგორც ქალაქში, ასევე ზღვისპირა კაფე-ბარებსა და რესტორნებიდან გამოსულ ხმაურს. ღამის 11 საათის შემდეგ ხმაურის გადაჭარბება დაჯარიმდება ფიზიკური პირისთვის 150 ლარით, იურიდიული პირისთვის - 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

ავტორები: თამარ ბოჭორიშვილი, მარიკო კეკელიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ