ავტორი:

"როცა თა­ნა­ტო­ლე­ბი მა­მე­ბით ტრა­ბა­ხობ­დნენ, მეც მინ­დო­და, რა­ღა­ც მეთქვა და ის­ტო­რი­ებს ვი­გო­ნებ­დი..." - ახალგაზრდა მომღერლის რთული გზა წარმატებამდე

"როცა თა­ნა­ტო­ლე­ბი მა­მე­ბით ტრა­ბა­ხობ­დნენ, მეც მინ­დო­და, რა­ღა­ც მეთქვა და ის­ტო­რი­ებს ვი­გო­ნებ­დი..." - ახალგაზრდა მომღერლის რთული გზა წარმატებამდე

შემთხვევით მოვისმინე მისი ნამღერი, რაღაც განსხვავებულად ჟღერდა, ჯაზი იყო... ამის შემდეგ გიორგი პაპკიაურის, იგივე Art Face-ის ახლოს გაცნობა გადავწყვიტე.

ამ ახალგაზრდა კაცს, რომელიც სულით და გულით ხელოვანია, ბავშვობიდან საკმაოდ რთული გზა ჰქონია გავლილი, რითაც უკმაყოფილო სულაც არ არის, - ცხოვრება ვისწავლეო, - ამბობს, თუმცა წარსულზე საუბარი დიდად არ უყვარს, „მირჩევნია, ხალხმა ჩემი ნამუშევრებით შემიყვაროს და არა იმით, თუ რა სიძნელეები დავძლიე ცხოვრებაში“, - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, რომელთანაც AMBEBI.GE-სთვის საინტერესო საუბარი შედგა.

„შეიძლება ბავშვობა არ მქონდა ფერადი და ლამაზი, თუმცა 90-იანებში მე კი არა, ბევრს არ ჰქონია ასეთი ბავშვობა... ყველაზე კარგად მაინც იმ პერიოდს ვიხსენებ, როცა ბებია მზრდიდა. ჩემში ძირითადი მიმართულებები მან ჩამოაყალიბა... ყველას ოცნებაა, ჰქონდეს სრულფასოვანი ოჯახი, - ჰყავდეს დედა, მამა და მათ ატმოსფეროში იზრდებოდეს. ეს დანაკლისი მქონდა, მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ და ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული გულისწყვეტაც იყო. ამან ჩემზე გავლენა იქონია.

- მოკლედ, ისე არ მოხდა, რომ ფუფუნებში გაზრდილიყავი...

- დიახ, რომ თუნდაც შესაბამისი განათლება თავის დროზე მიმეღო. თუ რამე შევძელი, მხოლოდ ჩემით, საკუთარი ძალებით. როდესაც თანატოლები თავიანთი მამებით ტრაბახობდნენ და ამბობდნენ, თუ როგორი ძლიერები იყვნენ ისინი, როგორ შეეძლო თითოეულს, ვთქვათ, ტანკის აწევა, მეც მინდოდა, რაღაცის თქმა და მსგავს ისტორიებს ვიგონებდი...

ეს ყველაფერი ბავშვისთვის დიდი ტკივილია. ყველაფერს დეტალურად უღრმავდება, - კარგად მახსოვს ყოველი წამი, როცა მამა გვერდით არ მყავდა... მაგრამ რომ იზრდები, ხვდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ვიღაც სადღაც მიდის... მეც წავსულვარ, მაგრამ ამ ორ წასვლას შორის განსხვავებაა. ისე არ უნდა წახვიდე, რომ შვილი უპატრონოდ დატოვო - აქ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი. ის ახლა უკვე გარდაცვლილია და მასზე საუბარს არ ვაპირებ...

მოკლედ, ვამბობ, რომ ბავშვობა არ მქონია, თუმცა ამაზე არასდროს მიწუწუნია. ჩემი ცხოვრების ეს დეტალები ბევრმა არც იცოდა, სანამ გადაცემა „პროფილში“ მოულოდნელად არ მომიწია ამაზე საუბარი... ახლა, როცა რაღაცებს ვაფასებ, ვასკვნი, რომ - კარგია, ასე რომ გავიზარდე, რომ მყავდა ისეთი დედა, რომელიც ფულს ვერ მაძლევდა იმისთვის, რაც მინდოდა, შემეძინა. დღეს არაფრისმომცემი პიროვნება ვიქნებოდი.

საკუთარ თავს სულ რაღაცას ვუმტკიცებდი, მით უმეტეს, როცა ვხვდებოდი, რომ ცხოვრების გზაზე მარტო ვიყავი, გარშემო არავინ იყო, არადა, მუდმივად რაღაცის კეთება მინდოდა. ქვეცნობიერად სერიოზულ საკითხებზე სულ ვფიქრობდი, რაც უნებლიედ ხდებოდა - უბრალოდ, ვფიქრობდი მომავალზე.

- და იმ წლებში მომავალი როგორ ჩანდა?

- მთელი ცხოვრება ვხატავდი, ვწერდი, ვღიღინებდი - ხელოვნებასთან მქონდა ურთიერთობა. მიუხედავად არც ისე დალხინებული ბავშვობისა, კარგი მოსწავლე ვიყავი, წარმოიდგინეთ, პრეზიდენტის სტიპენდიანტიც... მაგრამ როდესც მომავალს ვუცქერდი, იმ პატარა კაცისთვის არანაირი გზა არ ჩანდა, რომელსაც თავის ოცნებები ჰქონდა. მაგრამ მერწმუნეთ, სხვა შეგრძნებაა, როცა ცხოვრების საფეხურებზე შენით ადიხარ.

მიმუშავია მანქანების სამრეცხაოში, ხაჭაპურიც გამიყიდია, ეს სათაკილო არ არის... ახლაც რომ გამიჭირდეს, იმავეს კიდევ გავაკეთებ. ვინ იცის, რამდენი საქმე მიკეთებია, რომ თავი გადამერჩინა და ცხოვრებაში ასევე რაღაც ნაბიჯები წინსვლისთვის გადამედგა... იყო ალუმინის შეგროვება, სხვისი ნაკვეთის დაბარვა, დამუშავება, ხეხილის შეწამლვა, რაშიც თანხას მიხდიდნენ... იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. ამასთან, კულინარიის მიმართულებითაც მქონდა გარკვეული მცდელობა, რადგანაც ამ დარგს როგორც ხელოვნებას, ისე ვუყურებ და არაერთი კერძი ჩემით შემიქმნია.

ნატურალური პროდუქტები კერძის დასამზადებლად მნიშნელოვანია, გემოზე გავლენას ახდენს, ამიტომაც ახლა მინდა, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც აქტიურად დავკავდე. ვიმუშავო ყველის, შაშხის ტექნოლოგიაზე...

ვიყავი ემიგრანტიც და იქაც სხვადასხვა საქმით ვიყავი დაკავებული. ვასწავლიდი კერძების კეთებას, თურქეთში ვმღეროდი.

- სიმღერას და მუსიკას რომ დავუბრუნდეთ?

- ჩემი ჟანრი სიმღერაში ჯაზის, ბლუზის, როკის და სოულის ნაზავია. საერთოდ დიდი დრო დავკარგე იმის ძიებაში, მეკეთებინა ის, რაც მინდოდა. თუმცა სანამ სიმღერასთან ასე ახლოს მივიდოდი, გარკვეული პაუზა მქონდა, ვეძებდი იმ ჟღერადობას, რაც მჭირდებოდა. ჯაზის გარდა კლასიკური მუსიკაც ძალიან მიყვარს.

მოკლედ, ჯაზი ჩემთვის ყოველთვის ახლობელი მუსიკა იყო და მისი დატესტვა თავიდან ვიწრო აუდიტორიასთან დავიწყე. არადა, ძნელია, ქართულ ენაზე ჯაზის, ბლუზის მანერით იმღერო. შესაბამისი ფრაზები, ბგერებია საჭირო. ერთნაირად ვერასდროს ვიმღერებ, თუნდაც ისე, როგორც გუშინ. იმპროვიზირებული ტიპი ვარ.

მგონი, მოსწონს ეს მსმენელს და არც ისე პატარა აუდიტორია მყავს. ვმუშაობ უცხოეთშიც, იყო პერიოდი, როცა ბარებში ვმღეროდი და ჩემი მსმენელი იქედანაც მყავს. მაგრამ არ მიყვარს საკუთარი თავის რეკლამა, არ ვიღებ ფოტოებს, ვიდეოებს, მაქვს ჩემი გვერდი „არტფეისი“, სადაც ყველა ნამუშევარს - ნახატს, ნაწერს, ნამღერს ვაქვეყნებ.

- ამა თუ იმ მუსიკალურ კონკურსებზე რატომ არასდროს მიგიღია მონაწილეობა?

- კონკურსები ჩემი არ არის. ჯერ ერთი, მოულოდნელად მოსული წარმატება მოულოდნელად წავა და გაქრება. მე მუსიკით ვიკვებები, ოჯახსაც მაგით ვინახავ. ეს არის ჩემი შემოსავალი.

- კოლეგებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვაფასებ მათ შემოქმედებას... ასე რომ, ყველაფერი წინ არის, რაც მინდოდა იქიდან, ჯერ თითქმის არაფრისთვის მიმიღწევია.

ზოგს არ ესმის ადამიანი, რომელიც მღერის, როგორ უნდა ხატავდეს და წერდესო? ამიტომ ვამბობ, მე არ ვარ მხოლოდ მომღერალი, ან მხატვარი, მწერალი, - მე ვარ ხელოვანი...

New York-ში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა

"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა