ავტორი:

ვერდის ფესტივალი პირველად საქართველოში!

ვერდის ფესტივალი პირველად საქართველოში!

უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის სახელობის საუკუნოვანი ფესტივალი წელს საქართველოში გაიმართება. ფესტივალის არსებობის ისტორიაში ის პირველად ტოვებს კომპოზიტორის სამშობლოს და ექსკლუზიურად საქართველოში ჩატარდება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე საფესტივალო პროგრამაზე და ვერდის ფესტივალის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებების შემსახებ მოგვითხრობს.

ბადრი მაისურაძე: ვერდის ფესტივალი მისი ოჯახის პატრონაჟის ქვეშ დაფუძნდა და წლების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. ფესტივალის დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით ფესტივალის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური უფლება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს მიენიჭა, რაც პირველი და უნიკალური შემთხვევაა ფესტივალის არსებობის ისტორიაში. ეს უპრეცედენტო მოვლენა ძალიან დიდი პრესტიჟია და საამაყოა არა მარტო ჩვენი თეატრისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც.

ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია კომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყობს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ფესტივალის მედია პარტნიორია აგრეთვე ტელეკომპანია „იმედი“.

ფესტივალი თბილისის ოპერის თეატრში გაიხსნება 16 აგვისტოს - "ბალ-მასკარადის" პრემიერით. ეს არის ტეატრო რეჯო დი პარმას დადგმა. 23 აგვისტოს არენა დი ვერონას გრანდიოზული "აიდა" ბლექ სი არენას სცენაზე იქნება წარმოდგენილი. გარდა იმისა რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, ბლექ სი არენაზე პირველად შესრულდება საოპერო სპექტაკლი. ბოლოს, კი 25 აგვისტოს, ისევ ბლექ სი არენაზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართება.

ვერდის ფესტივალი ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პირველად ფესტივალი ტოვებს იტალიას და ის საქართველოში გაიმართება.რა არის ვედრის ფესტივალი და რას ნიშნავს ის იტალიელებისათვის საოპერო მომღერალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე გვიამბობს:

„ჯუზეპე ვერდი არის კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე ხშირად სრულდება მთელს მსოფლიოში. შარშან ამ ფესტივალმა მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალის ჯილდო მიიღო ლონდონის ოსკარზე. უპრეცენდენტო ფაქტია, რომ ფესტივალი სხვაგან არსად ჩატარებულა მისი არსებობის ისტორიაში გარდა იმ ტერიტორიებისა, სადაც ვერდი დაიბადა და ცხოვრობდა, საქართველო იქნება პირველად მისი მასპინძელი“.

2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3 წლიანი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კულტურულ ურთიერთ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მხარს უჭერს იტალიის მთავრობა. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის "საქართველო, ევროპა" ფარგლებში ტარდება. აღსანიშნავი ფაქტია რომ „არენა დი ვერონას“ „აიდა“ ერთი დღით „ბლექ სი არენაზე“ გადმოინაცვლებს. საოპერო დადგმას პირველად მასპინძლობს „ბლექ სი არენა“. მისი დირექტორი მოგვითხრობს თუ როგორ ემზადება „ბლექ სი არენა“ მსოფლიოში სახელგანთქმული ოპერისათვის.

ტატო ხარჩილავა - ბლექ სი არენას დირექტორი: ტექნიკურად იქნება ძალიან მაღალი დონის შოუ, ის რაც არის არენა დი ვერონაზე ანალოგიურად გადმოინაცვლებს ბლექ სი არენაზე. პირველად ხდება, როცა საქართველო ამხელა ფესტივალის შემადგენლობას მასპინძლობს, კონკრეტულად ბლექ სი არენას სცენაზე მაქვს საუბარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლოს დასწრება.

ფესტივალის მედია პარტნიორი, რომელიც მის საინფრომაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს - Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს. საოპერო ხელოვნების მელომანებს კი აგვისტოს თვეში დაუვიწყარი სამი დღე ელოდებათ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება