ავტორი:

"ეს არის მონასტრის ძალით დაკავება" - გიდის ინფორმაციით დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა ვეღარ ხერხდება

"ეს არის მონასტრის ძალით დაკავება" - გიდის ინფორმაციით დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა ვეღარ ხერხდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„დავით გარეჯში შეხვედრის მიმდინარეობას გიდასტურებთ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალები ვინ ესწრება შეხვედრას, ვისი ინიციატივით იმართება და რა საკითხებს შეეხება ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის " ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ქაცარავამ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება გუშინ დავით გარეჯში აზერბაიჯანელებს და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს.

ამასთან, დავით გარეჯში მყოფი გიდის, ირაკლი მარუქაშვილის ინფორმაციით, დავით გარეჯში ქედის გარკვეულ ნაწილამდე მისვლა ვეღარ ხერხდება.

როგორც გიდმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუკი აქამდე აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა იყო შესაძლებელი, ახლა ესეც ვერ ხერხდება.

ამასთან, ირაკლი მარუქაშვილის თქმით, 14 ივლისს, დავით გარეჯში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს არ შესწრებია, რადგან იმ დროს გარეჯში არ იმყოფებოდა.

"გუშინ დავით გარეჯში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მეც ინტერნეტსივრცით გავიგე. როგორც გავიგე, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. დღეს კი ასულები ვიყავით, დავათვალიერეთ ლავრა. ფერდზე გვინდოდა გადასვლა, როგორც აქამდე ხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ახლა ესეც ვეღარ ხერხდება. საიდანაც იწყება რკინის პირველივე ღობე, მხოლოდ იქამდეა ასვლა შესაძლებელი. ქართველი სამხედროები იქ დგანან და გვითხრეს, რომ მეტ მანძილზე ფიზიკურად ვერ გაგვიშვებდნენ, ბრძანება აქვთ ასეთი", - განაცხადა ირაკლი მარუქაშვილმა.

რაც შეეხება ხატებს, რომლებიც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კელიებიდან გამოიტანეს, გიდის ინფორმაციით, სიწმინდეები ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

მისი თქმით, ადგილობრივების გაღიზიანება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ტაძრებიდან სიწმინეები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს და ამ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ კი "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ განუცხადა დავით გარეჯში. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუშინ გარკვეული ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან სიწმინდეები გადმოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

"ეს გაუგებრობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები გამოიტანეს ტაძრებიდან. ცხადია, ამან ხალხი აღაშფოთა, მაგრამ ასეთი რაღაც ყოველთვის მოხდება, მეორეხარისხოვანია კონკრეტულად ის, თუ რა მოხდა გუშინ. ვიდრე მონასტერი არ გაიხსნება და ყველას არ შეეძლება იქ თავისუფლად სიარული ისე, როგორც ადრე ხდებოდა, თუნდაც ხუთი ან ერთი წლის წინ, ეს პრობლემა ასე იქნება", - განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

მისი თქმით, ეს პრობლემა დავით გარეჯში საბჭოთა კავშირის დროს არ შექმნილა და ვინც ასე საუბრობს, იტყუება.

„უდაბნოს მონასტერში პრობლემა შეიქმნა დაახლოებით 2010 წლის შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხანდახან ტაძრის დაკეტვა. თითქოს, რეაქციას გვისინჯავდნენ. ახლა კი მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება. ცხადია, როცა მოგიხურავენ მონასტრის კარებს, ამას ყველა გაგებით არ მოეკიდება. ამიტომ მონასტერი სასწრაფოდ უნდა გაიხსნას და ხალხი უნდა შეუშვან. რაც შეეხება იმ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს, არსებობს რუკა, რომელიც შევარდნაძემ და ალიევმა დაადგინეს, რომ ეს უნდა იყოს საზღვრის განმსაზღვრელი, ეს არის ერთადერთი ოფიციალური რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა", - განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ