ავტორი:

ე.წ. მილიციელებს გატაცების საქმეზე დაკავებული პატიმარი წამებაში შემოაკვდათ - აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კრიმინალური ვითარება გამწვავდა

ე.წ. მილიციელებს გატაცების საქმეზე დაკავებული პატიმარი წამებაში შემოაკვდათ - აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კრიმინალური ვითარება გამწვავდა

აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მატულობს - ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ უამრავი საჩივარი დაგრვოდა, რომელთა გამოც მოსახლეობა და პოლიტოლოგები პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

აფხაზეთის მოსახლეობა მიმდინარე ზაფხულის სეზონს "ჩავარდნილს" უწოდებს, რადგან ტურისტების რაოდენობა წელს ორჯერ შემცირდა. ე.წ. ხელმძღვანელობამ ამაში ქართული მხარე დაადანაშაულა, რადან "ბევრ რუსს აფხაზეთი ჯერ კიდევ საქართველოში ეშლება და იქ მიმდინარე პროცესების გამო, აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ".

მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ამ "დასკვნას" არასერიოზული უწოდა. მათი თქმით, აფხაზეთში დასვენების ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე მომსახურების ხარისხი, გარდა ამისა, რეგიონში წინასაარჩევნო პერიოდის გამო, ვითარება ძალიან დაძაბულია, რასაც ემატება უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება.

აფხაზური მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ე.წ. მილიციელებს დაკითხვისას ტყვარჩელელი ანზორ თარბა შემოაკვდათ, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში გატაცებული ომარ მირცხულავას საქმეში მონაწილეობდა, თუმცა მოსახლეობის თქმით, ეს მის მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს არ ამართლებს. ნაწამები მამაკაცის ფოტოები სოციალურ ქსელში მისმა შვილმა გაავრცელა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "დროებითი მოთავსების იზოლატორში ასეთი ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება", თუმცა, სამართალდამცველების თქმით, ის დაკითხვისას "გულის უკმარისობით" გარდაიცვალა.

აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველის, ასიდა შაკრილის ცნობით, რეგიონში ადამიანის, განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფების უფლებების მხრივ უმძიმესი ვითარებაა, რადგან დაკავებულებზე სისტემატურად ხდება ფიზიკური ძალადობა. ე.წ. შსს-ს ცნობით და მათივე მითითებით, საქმე შესასწავლად სოხუმის "სასამართლოს" გადაეცა. ე.წ. ოპერატიული თანამშრომლების წინააღმდეგ კი, ვინც თარბას საქმეშია გარეული, "სისხლის სამართლის საქმე" აღიძრა, რასაც ე.წ. შსს-ს სხვა თანამშრომლები აპროტესტებენ.

ე.წ. შს მინისტრის, გარი არშბას განცხადებით კი, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ საქმეშია გარეული, თუ მას დანაშაული დაუმტკიცდა, მკაცრად დაისჯება. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავად მირცხულავამ რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ, 9 ივლისს გაქცევა მოახერხა. მის საქმეზე კი, თემურ ქუთელია, გიორგი ადლეიბა და ნუგზარ პაპავა დააკავეს. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გიორგი ზუხბა ძებნაშია... სწორედ ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილედ იყო მიჩნეული თარბა, რომელიც დაკითხვისას შემოაკვდათ. არსებული ინფორმაციით, ადრე ფიგურირებდა ადამიანის გატაცებების საქმეში. სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის, მილანა თარბას მიერ გავრცელებულ ფოტოებში მას სხეულზე მძიმე დაზიანებები ეტყობა. მისივე თქმით, მამამისი გულრიფშელმა სამართალდამცავებმა 6 ივლისის ღამეს დააკავეს და მას შემდეგ, ცოცხალი არ უნახავს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ზაფხულში აფხაზეთში კრიმინალი ფართო მასშტაბებს იძენს, რადგან ტურისტული ბიზნესი იქ გავლენების გადანაწილებასთანაა დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ცენტრში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ადგილობრივი აინარ კვიცინია მოკლეს. მისი ძმა, ლეონ კვიცინია კი მძიმედ დაჭრეს. ზურაბ და მილან ფანცულაიები, რომლებმაც კვიცინიებს სოხუმის ცენტრში ესროლეს, ადგილიდან მიიმალნენ.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ამ ყველაფერს ასეთი წინაპირობა ჰქონდა: ფანცულაიებს, რომლებიც რეგიონში საკმაოდ დიდი გავლენებით სარგებლობდნენ, სოხუმსა და ტყვარჩელში სახლები დაუწვეს, მათი ბიძაშვილები, რუსლან და ვიაჩესლავ ფანცულაიები კი "დაუდგენელმა პირებმა" გაიტაცეს. ადილობრივების ინფორმაციით, მომხდარი, ფანცულაიებსა და კვიცინიებს შორის ინტერესთა გადაკვეთას უკავშირდება. 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც კვიცინების მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი გახმაურდა, მალევე გაირკვა, რომ ფანცულაიები რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და მათი კვალიც დაიკარგა.

ადგილობრივების თქმით, ამ ფაქტზე მედია და საზოგადოება ღიად საუბრობს, თუმცა, არსებიობს სხვა გაუმხაურებელი საქმეები... ასევე უმძიმესი ვითარებაა "პენიტენციალურ დაწესებულებებში", სადაც ვითარებას ე.წ. მაღალჩინოსნებთან გარიგებული კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ. ასეთი ფაქტები კი, მათ იმედს უქრობს, რომ ოდესმე აფხაზეთში "სახელმწიფოებრივი ნიშნები" გაჩნდება.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი