ავტორი:

თბილისში ცნობილი მუსიკალური დუოს Polo & Pan -ის კონცერტი ჩატარდა

თბილისში ცნობილი მუსიკალური დუოს Polo & Pan -ის კონცერტი ჩატარდა

20 ივლისს, თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, ფრანგმა დუეტმა Polo & Pan-მა ქართველი მსმენელისთვის გრანდიოზული შოუ მოაწყო და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები შეასრულა.

დუეტის საქართველოში ჩამოყვანაზე ივენთ კომპანია „ორიგამმა“ იზრუნა. „ორიგამის“ დამფუძნებლებმა AMBEBI.GE-ს უამბეს, რომ Polo & Pan-ს თბილისში კონცერტის გამართვა ძალიან უნდოდა.

„Polo & Pan ჩვენით დაინტერესებული იყო, რადგან საქართველო ყველა DJ-სთვის ძალიან პოპულარული მიმართულებაა და ყველას ძალიან უნდა აქ ჩამოსვლა. ჩვენთან ეს კულტურა, რასაც კლუბური ცხოვრება და კონცერტი ჰქვია, ძალიან განვითარებულია. სწორედ ამ სექტორის განვითარებამ წამოწია პლანზე თუნდაც Polo & Pan-ის ჩამოსვლის საკითხი“ - განაცხადა „ორიგამის“ დამფუძნებელმა, ნიკა ნონიკაშვილმა.

ორგანიზატორებმა საინტერესო შოუს მოწყობაზეც იზრუნეს, - სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებულმა მიმებმა მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზესი შერწყმა წარმოადგინეს.

კონცერტს რეკორდულად ბევრი მსმენელი დაესწრო, მათ შორის ბევრი ტურისტიც, რომლებმაც ამ ივენთისთვის გადაწყვიტეს საქართველოში ვიზიტი. ღონისძიების ორგანიზატორის, სანდრო მინესაშვილის განმარტებით, ოკუპანტი ქვეყნის სანქციებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობი კამპანიის ფარგლებში (Spend summer in Georgia), Polo & Pan-ის კონცერტმა თავის წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტის დაწყებამდე, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ Cercle-ს მასტრკლასს დასწრებოდნენ, სადაც მათი გუნდის წევრებმა - დერეკ ბარბოლამ და ფილიპ ტუჩმანმა მსმენელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ივენთების ორგანიზებისა და მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ.

Cercle- გუნდი ქმნის ყველასგან განსხვავებულ ივენთებს, მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ ადგილებში . მათთვის პრიორიტეტია ლოკაციის ორიგინალურობა, რათა ელექტრონული მუსიკის ფონზე მსოფლიოს გააცნოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობა, სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი მასტერკლასები იმდენაც ცნობილია, რომ დაანონსებისთანავე ყველა ბილეთი მაშინვე იყიდება.

რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორ კომპანია - „ორიგამს“, მან პირველი ღონისძიება 3 მაისს გამართა, რომელსაც 1500 ადამიანი დაესწრო. მისი დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ დიდი დაინტერესების გამო გეგმავენ, წელიწადში 5 გრანდიოზული ღონისძიება გამართონ და თბილისი კიდევ უფრო პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქციონ.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

ფოტო: ვანო გორგიშვილი