ავტორი:

27 წლის მარკეტერი, რომლის ორგანიზაციამ განათლების სფეროში ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

27 წლის მარკეტერი, რომლის ორგანიზაციამ განათლების სფეროში ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

„ზოგადად, როცა მიღწეულით კმაყოფილდები, ალბათ, ნებისმიერი ადამიანისა და ორგანიზაციის არსებობას იქ ექმნება პრობლემები“, - ეს სიტყვები 27 წლის მარკეტერსა და ორგანიზაცია Key Consulting-ის მიზანდასახულ დამფუძნებელს ლიკა ოხანაშვილს ეკუთვნის.

ლიკა 23 წლის ასაკიდან აკადემიურ საქმიანობას ეწევა. რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, ხელმძღვანელობს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ტრენინგ ცენტრს, და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ როგორც ასოცირებული პროფესორი, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელია.

ასაკის მიუხედავად, მარკეტინგის მიმართულებით უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა - რამდენიმე კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და საყვარელ საქმეს წარმატებითაც უძღვებოდა, თუმცა, წელიწადნახევრის წინ, მის ცხოვრებაში ცვლილებების დროც დადგა.

სწორედ აქედან დაიწყო Key Consulting-ის განვითარება, რომელიც „ლიდერთა სკოლას“, პედაგოგების საგანმანათლებლო პროგრამებსა და კომპანიების მარკეტინგულ მომსახურებასა და მენეჯმენტის გამართვის სერვისს მოიცავს. ლიკა ოხანაშვილმა სტაბილურ სამსახურზე უარი თქვა, დაკავებულ პოზიციას დაემშვიდობა, მხოლოდ აკადემიური საქმიანობა დაიტოვა და საკუთარი ორგანიზაცია დააფუძნა.

ბოლო წლებში, საქართველოში მარკეტინგის მიმართულება სწრაფად ვითარდება, აღნიშნულ მომსახურებაზე მოთხოვნაც იზრდება. რატომ დაინახეთ საკუთარი თავი ამ სფეროში?

ძალიან საინტერესოა, როდესაც შეგიძლია, კონკრეტული მომსახურება, კონკრეტული პროდუქტი მომხმარებელს ორიგინალურად მიაწოდო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული პროფესია. ძალიან მიყვარს შემოქმედებითი პროცესი, ამიტომ გადავწყვიტე, ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც კრეატივთან და ორიგინალურად გამოხატვასთან იყო კავშირში. ამ პროფესიების არჩევანში კი მარკეტინგი აღმოჩნდა საუკეთესო მიმართულება.

არაფორმალური განათლების მიმართულებით პრობლემებს ხშირად ვაწყდებოდი ხოლმე, ამიტომ მიზნად დავისახე, Key Consulting-ის ერთ-ერთი მიმართულება განათლება ყოფილიყო.

გარდა იმისა, რომ ჩვენს ტრენინგებს მოსწავლეები და მასწავლებლები გადიან, მენეჯერებსაც ვეხმარებით და გარკვეული უნარების განვითარებაზე მათთან ერთად ვმუშაობთ. ხშირად ვაწყდები ხოლმე, რომ მენეჯერებსაც არ აქვთ განვითარებული ის უნარები, რაც მათთვის სკოლას უნდა მიეცა, ამიტომ მათ ჩამოყალიბებაზე ახლა ვმუშაობთ. ამიტომ გადავწყვიტე, ჩამომეყალიბებინა „ლიდერთა სკოლა“ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტით ათასობით ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ.

ახლაც, მიუხედავად დასვენების სეზონისა, 120 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი გვყავს და ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ: ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია. წარმოდგენილები ვართ რეგიონებშიც, სადაც ჩვენს პროექტებზე დიდი მოთხოვნაა.

მე და ჩემი გუნდი ძალიან ვამაყობთ პედაგოგებისთვის ჩატარებული პროექტებით. ვატარებთ კონფერენციებს, განათლების ფორუმებს. პედაგოგებისთვის შევქმენით კრებული, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ, საკუთარი მიგნება ან გამოცდილება სხვებს გაუზიარონ.

რამდენად დიდ რისკზე წახვედით, როცა უარი თქვით სტაბილურ შემოსავალზე და საკუთარ საქმეს მოჰკიდეთ ხელი?

დაახლოებით, წელიწადნახევარია, Key Consulting ფუნქციონირებს, თუმცა აქედან დაახლოებით, ერთი წელია, რაც დამოუკიდებლად ვარსებობთ.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენი პროექტების მონაწილეები იმხელა კმაყოფილებით მიდიან ჩვენგან, რომ ეს გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს. ასევე, ისინი ერთმანეთს რეკომენდაციას უწევენ, რომ მოვიდნენ და ჩვენს პროექტებში ჩაერთონ. ჩვენს სფეროში უკვე კარგად გვიცნობენ და პატივს გვცემენ, ძალიან კარგი უკუკავშირი გვაქვს. ბევრი ადამიანი გვეუბნება, რომ ჩვენთან გავლილი კურსების შემდეგ მათი ცხოვრება დადებისთისკენ შეიცვალა, რადგან ზოგი უფრო გააქტიურდა, ზოგს კომპლექსები მოეხსნა, ზოგი აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა.

როდესაც გადავწყვიტე, ჩემი ორგანიზაცია დამეფუძნებინა, ბუნებრივია, გარკვეული რისკის გაწევა მომიწია. იმ პერიოდში ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, სადაც მარკეტინგის დეპარტამენტს და ასევე, სერვისების განვითარების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი.

მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად ლექციები მქონდა და დატვირთული ვიყავი, ეს მაინც არ იყო სტაბილური სამსახური. ფაქტობრივად, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან წამოსვლით უარი ვთქვი სტაბილურ ანაზღაურებაზე, გავრისკე, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი საქმე გაამართლებდა და თან გავაკეთებდი იმას, რაც ძალიან მიყვარს.

ძალიან მინდოდა, ბევრ ადამიანს დავხმარებოდი და ისეთი ორგანიზაცია შემექმნა, რომელიც განათლების დონის ამაღლებისკენ იქნებოდა მიმართული და დიდი მოტივაცია მქონდა. ჩვენი ყველა კურსის მთავარი მოთხოვნა პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული კურსის ჩატარებაა, რასაც კურსდამთავრებულები მომავალში გამოიყენებენ. ვიცოდი, რომ ამაზე მოთხოვნა იქნებოდა და ჩემი ვარაუდი გამართლდა კიდეც.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა Key Consulting-მა თქვენი მოლოდინები?

Key Consulting-ის გახსნას ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორ ნაბიჯად მივიჩნევ. ზოგადად, როცა მიღწეულით კმაყოფილდები, ალბათ, ნებისმიერი ადამიანისა და ორგანიზაციის არსებობას იქ ექმნება პრობლემები. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახალი შევქმნათ. ორ თვეში ერთხელ გვაქვს ახალი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ის პროექტები, რომლებიც ჩვენთან ხორციელდება, არცერთი ორგანიზაციის ანალოგი არ არის.

როგორია Key Consulting-ისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმები?

სექტემბრიდან ვიწყებთ ათთვიან მასშტაბურ პროექტს, რომელიც 8-დან 17 წლამდე მოსწავლეების ზოგადი განათლების ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტი რამდენიმე ქალაქში პარალელურად დაიწყება.

გარდა ამისა, პედაგოგებისთვის ახალი მიმართულებებით ვაგრძელებთ სხვადასხვა პროექტის შექმნას. ასევე, ორგანიზაციებისთვის მარკეტინგული მომსახურების სერვისს ვამატებთ. ძალიან ბევრ ორგანიზაციას არ აქვს კარგი მარკეტინგული კამპანიები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, კარგი პროდუქტი ან კარგი მომსახურება ჰქონდეს. პროდუქტის ან მომსახურების სწორად შეფუთვაში ასეთ კომპანიებს Key Consulting დაეხმარება. ასევე, თუ ამის მოთხოვნა იქნება, ვიმუშავებთ მენეჯმენტის გამართვაზეც.

პირადად თქვენ, როგორც მარკეტერი რა გამომწვევების წინაშე დგახართ ახლა?

პირადად ჩემი გამოწვევა არის „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ტრენინგ ცენტრი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამაბარეს.

ახლაძალიან დიდი გამწვევის წინაშე ვარ, რადგან რამდენიმე ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ. ვცდილობ, „შავი ზღვის საერთაშორსო უნივერსიტეტში“ როგორც სხვა მიმართულებები, ისე ეს მიმართულებაც წარმატებული გახდეს.

R

15  სასტუმრო Hotsale.ge -ზე,  რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

"პატრიოტთა ალიანსის"ლიდერები ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდნენ (R)

თიბისიმ  იპოთეკური სესხების  ახალი, გამარტივებული არხი შექმნა