ავტორი:

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველ საბჭოს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველ საბჭოს ტოვებენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ.

როგორც მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებენ, რომ მათ მიმართ სპეკულაციები დასრულდეს.

„ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ქვეყნის ეკონომიკის შემოტრიალება და ერთხელ და საბოლოოდ ევროპასა და აზიას შორის კარიბჭედ დაფიქსირება, ასევე მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და 2 დღის წინ კიდევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ყოვლად გაუგებარი რამ. ერთი მხრივ მთავრობა ამბობს, რომ ანაკლიას მხარს უჭერს და მეორე მხრივ პირდაპირ, ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ის ზარალი, რაც ქართულ ეკონომიკას მათ მიაყენეს 2 დღის განმავლობაში 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ არის დანაშაული და დადგება დრო, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებენ. აქედან გამომდინარე, მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს და გადავიწევით უკანა პლანზე. მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, თითქოს ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერება. შეუძლებელია ასეთ პირობებში ელაპარაკო ბანკირს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ყოველდღე პროკურატურა სახალხოდ გადებდეს ასეთ ბრალდებებს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის და ხაზარაძე არ ეთანხმებიან პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს.

„ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ თავშეკავებულები ჩვენს განცხადებებში, ვსაუბრობთ იმ ზიანზე, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოსაც, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ, რადგან სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად მიგვაჩნია. საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, რადგან თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ჩაითვალოს ფულის გათეთრებად. ჩვენ ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც გვაქვს, ეს არის სიმართლე და სრული გამჭვირვალობა, ამით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტებით ან რაიმე გზით ვითარების მანიპულირება. ჩვენთვის მთავარია, მთელ ამ პროცესში საზოგადოებრიობა სრულად იყოს ჩართული, ყველამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაცვა, ამაში დარწმუნებულები ვართ და მზად ვართ, დავიცვათ ეს მომავალი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ის და ხაზარაძე პროექტებს გაემიჯნებიან, რათა ისინი დაიცვან, თუმცა ქართული კომპანიების აქციების ვარდნა გრძელდება და ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ადამიანებზე, ვინც წარმატების სიმბოლოა ქვეყანაში, იერიში ხორციელდება.

„რაც შეეხება იმ პროექტებს, რომელშიც ვთამაშობდით წამყვან როლს, მზად ვართ, გავემიჯნოთ, რათა დავიცვათ ეს პროექტები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინწინ განვაცხადეთ გადადგომის შესახებ, ჯერ კიდევ ვერ ჩერდება ქართული კომპანიების აქციების ვარდნა, რადგან ეს არ არის მხოლოდ მამუკასა და ბადრის, საუბარია იმაზე, რომ ის ადამიანები, ვინც წარმოადგენენ წარმატების სიმბოლოს, მათზე ხორციელდება იერიში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები