ავტორი:

"დოჩის მსგავსი ქალის ქმრობას ვერ შეძლებდი..." - როგორია "ტონი ოჩიგავას" რეალური ცხოვრება და რა საერთო აქვს მის პერსონაჟთან

"დოჩის მსგავსი ქალის ქმრობას ვერ შეძლებდი..." - როგორია "ტონი ოჩიგავას" რეალური ცხოვრება და რა საერთო აქვს მის პერსონაჟთან

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გიორგი სურმავას პერსონაჟი სულ უფრო აქტუალური ხდება. ის მეგრელი ბიზნესმენი ქალის, "დოჩი ალიშბაიას" მეუღლის როლს ასრულებს. აღმოჩნდა, რომ გიორგისა და სერიალში მისი პერსონაჟის - ტონი ოჩიგავას პირად ცხოვრებაში საინტერესო პარალელები იკვეთება: ტონისაც და გიორგისაც განსაკუთრებულ სიტუაციაში მყოფი მეუღლეები ჰყავთ...

- მეხუთე წელია, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომელშიც მთელი საქართველოს თეატრები მონაწილეობენ, დედაქალაქის გარდა. უამრავი უცხოელი სტუმარი გვყავს... საერთოდ, ეს ფესტივალი ფოთში ტარდება, მაგრამ შენობის სავალალო მდგომარეობის გამო იძულებული ვართ, ფესტივალი ასე დავყოთ: ფოთის თეატრი სპექტაკლებს თბილისში თამაშობს, ოზურგეთის - ბათუმში, სენაკის - ზესტაფონში და ა.შ. თუმცა, ბოლო 5 დღეს ღონისძიებები მაინც ფოთში გაიმართება და ყველა უცხოელი სტუმარი ჩვენს ქალაქს ესტუმრება. ალტერნატიული შენობა გვაქვს, რომელშიც ახლა ფოთის თეატრი "სახლობს". გამოუვალი სიტუაციის გამო, რამდენიმე დღეს ფესტივალს ის შენობა უმასპინძლებს. კიდევ არის რაღაც ლოკაციები (მაგალითად, შუქურა), რომელიც ფესტივალს "მოერგო".

- თბილისში ფოთის თეატრმა რომელი სპექტაკლი წარმოადგინა, რომელში ითამაშეთ?

- ეს არის დავით ხორბალაძის პიესა - "მკვდარი ქალაქები". რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი გახლავთ. სპექტაკლი იმის შესახებაა, თუ როგორ განადგურდა დიდი ქალაქები, სახელმწიფოები, იმპერიები. ჩვენს ქალაქთან პარალელები გავავლეთ, რომ ფოთი სავალალო სიტუაციაშია. ჩერნობილის თემაც გვაქვს: უცებ რომ განადგურდა... ჩვენს ქალაქში ამის საშიშროებას ვგრძნობთ. ამის შესახებ ვსაუბრობთ, რომ უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ. ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება გვჭირდება. ფოთი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია და სპექტაკლში სწორედ ამაზე ვქადაგებთ...

- სპექტაკლზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- მუშაობა 2017 წელს, ფოთში, იმ თეატრში დავიწყეთ, სადაც ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს თეატრი 9 წელი შენდებოდა და 3 წელიწადში ისევ მისი დაკეტვა მოგვიხდა, რადგან სავალალო სიტუაციაშია - მისი ფუნქციონირება არ შეიძლება... ამ სპექტაკლმა ბევრი საერთაშორისო ფესტივალი მოიარა, სხვათა შორის - წარმატებით. ხალხს ძალიან უყვარს... დისკომფორტს რაც შეეხება, უკვე მივეჩვიეთ: ჩვენს ქალაქშივე, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაბარგება გვიწევს (იცინის). წარმოიდგინეთ, სახლში რომ ხარ, მოეწყობი, ყველაფერს აკეთებ, უცებ კი სხვაგან გადასვლა და ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. იმ სცენის მასშტაბი, სადაც მუშაობა დავიწყეთ, დიდია, რა თქმა უნდა, ახლა კი ძალიან დაპატარავდა - ზომები ოთხჯერ შევიწროვდა. ცხადია, ეს სპექტაკლზეც მოქმედებს.

- ფოთის თეატრი ჩვეულ ადგილს როდის დაუბრუნდება?

- როგორც გვაიმედებენ, ორ წელიწადში...

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენს პერსონაჟზე - ტონი ოჩიგავაზეც ვისაუბროთ: თქვენთვის რამდენად საინტერესოდ ვითარდება სცენარი?

- ამ სეზონზე ყველაფერი კარგად მიდის, ჩემი პერსონაჟიც გააქტიურდა. რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი ქეთის (სცენარისტის) დამსახურებაა, რადგან ყველაფრის თავიდათავი ის გახლავთ - ძალიან საინტერესო პიროვნებაა... სერიალში ახლა "მე" და დოჩი ბავშვს ველოდებით.

- თქვენს პირად ცხოვრებაშიც სიახლე ხომ არ არის?

- ბავშვს მე და ჩემი მეუღლეც ველოდებით - 1 თვეში გაჩნდება. ორ ფრონტზე ვიბრძვი (იცინის). ერთი გოგონა - 7 წლის ბარბარე მყავს, ახლა მეორე შვილს - ვაჟკაცს ველოდები... ფილმში მოვლენები როგორ განვითარდება, არ ვიცი. დოჩი ორსულადაა, როგორც ყველა ვხედავთ.

- მგონი, დოჩის და ტონის შვილს თქვენი შვილი დაასწრებს დაბადებას, არა?

- კი, სეზონი ფინალისკენ მიდის და ალბათ, ასე იქნება.

- როცა თქვენი პერსონაჟი გაიცანით, მასზე როგორი წარმოდგენა შეგექმნათ და ახლა რას ფიქრობთ მის შესახებ?

- თავდაპირველად, მისი სახელი რომ გავიგონე, ვიფიქრე, - ვინ არის, როგორი პერსონაჟი შეიძლება, იყოს-მეთქი? თან, მეგრელი. სასაცილო ტიპიც არის, მაგრამ ბოლომდე სასაცილოც არაა: მეოჯახეა, ვითომ წყნარად, მშვიდად არის, მაგრამ თავისი "აფერისტობები" მაინც აქვს. დოჩი ალიშბაიას მორჯულება და ცოლად შერთვა ადვილი საქმე არ არის, ეს მაყურებელმა უკვე იცის (იცინის). ჩემმა პერსონაჟმა ეს მოახერხა და მგონი, მასში ჯერ კიდევ რაღაც იმალება, რაც თავიდან ბოლომდე, სცენარისტს ჯერ არ გაუყიდია (იღიმის).

- რეალურ ცხოვრებაში დოჩის მსგავსი ქალის ქმრობას შეძლებდით?

- არა მგონია. დოჩი ემოციურია, მმართველობს, ძალიან დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - იტალიაშიც. ბევრ რამეზეა "მოდებული". ადამიანთა გარკვეული წრე თავისი გავლენის ქვეშ ჰყავს მოქცეული.

- ორსული ქალბატონებისთვის დამახასიათებელ კაპრიზებზე რას გვეტყვით?

- საერთოდ, ეს სერიალი რეალობასთან მიახლოებულია - სწორედ ამიტომაა საინტერესო და მაყურებლებს ამიტომ უყვართ. რა თქმა უნდა, ჩემ გარშემოც ასეა: მეუღლე ორსულად მყავს. მასაც აქვს თავისი მოთხოვნები, როგორც ყველა ორსულ ქალბატონს. თუმცა, დოჩის ეს მოთხოვნები გამძაფრებულად აქვს. საერთოდ, ფილმს მაინც უტრირებულად ხაზგასმა სჭირდება.

- ორსულ მეუღლეს სურვილებს უსრულებთ? ალბათ, ახლა უფრო მომზადებული ხართ ასეთი სიტუაციისთვის.

- პირველ შვილზე მისი ორსულობის დროსაც ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, მეუღლის სურვილები შევასრულო. მიმაჩნია, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. ასეთ დროს მათ დიდი ხელშეწყობა, ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მეც ვცდილობ, თავი გავართვა ასეთ კაპრიზებს, მოთხოვნებსა და სურვილებს, რადგან ჩემი (უკვე მეორე) შვილის დედა უნდა გახდეს.

- ორსული ქალბატონები განსაკუთრებულად ემოციურები არიან. ახლა მეუღლე თქვენთან განშორებას როგორ ეგუება?

- უნდა, რომ სულ მასთან ვიყო, გვერდით ვყავდე... მეც მინდა, მასთან ვიყო, რამე რომ არ გაუჭირდეს. მით უმეტეს, ორსულობის ბოლო თვეა - ძალიან მალე პატარა უნდა გაჩნდეს... იცის, რომ ასეთი პროფესიის მეუღლე ჰყავს და ეგუება...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი